2009-2015 წლებში რუსი სამხედროების მიერ ე.წ. „საზღვრის უკანონო“ გადაკვეთის ბრალდებით სულ დაკავებულია 2 117 საქართველოს მოქალაქე, მათ შორის 1 416 პირი დაკავებულია აფხაზეთის, ხოლო 701 პირი კი ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ზოლის გადაკვეთისათვის. ამის შესახებ იტყობინება IDFI (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილ მონაცემებზე დაყრდნობით.
„აფხაზეთის მიმართულებით საზღვრის გადაკვეთის გამო დაახლოებით ორჯერ მეტი პირი დააკავეს, ვიდრე ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. აფხაზეთის ე.წ. „საზღვრის უკანონო“ გადაკვეთის გამო დაკავებული პირების რეკორდულ რაოდენობას 2013 წელს მიაღწია - 411 საქართველოს მოქალაქე. აღსანიშნავია აგრეთვე ის ფაქტი, რომ 2015 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში (2015.04.04-მდე) აფხაზეთის მიმართულებით უკანონოდ დაკავებულთა რაოდენობა უკვე 116 პირს შეადგენს“, - წერს IDFI.
გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2013 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთის ფედერაციის სამხედროების მიერ საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის დარღვევისათვის საქართველოს მოქალაქეების დაკავების შემთხვევები. 2012 წელთან შედარებით მსგავსი ფაქტების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და საოკუპაციო ჯარების მიერ დაკავებულია 553 პირი, 2014 წელს - 512, ხოლო 2015 წლის მხოლოდ პირველი კვარტლის განმავლობაში - 139 პირი.
საზღვრის დარღვევის ბრალდებით აფხაზეთის მსგავსად, ცხინვალის რეგიონის მიმართულებითაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება 2013 და 2014 წლებში. სამინისტროს მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის მიხედვით როგორც 2013 ასევე 2014 წელს აღნიშნული მიმართულებით დაკავებულია 142 პირი. 2015 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ცხინვალის რეგიონის მიმართულებით დაკავებულთა რაოდენობამ 23 პირი შეადგინა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარების მიერ უფრო და უფრო მეტად ინტენსიურად გრძელდება ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. ადმინისტრციულ საზღრებთან საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავება როგორც აფხაზეთის, ასევე ცხინვალის რეგიონში“, - წერს IDFI.