ახალი ამბები
დე ფაქტო პროკურატურა: ქართველებზე პასპორტების უკანონოდ გაცემის საქმის ძიება დასრულდა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის ძიება ე.წ. პასპორტების საქმესთან დაკავშირებით. საქმეში მთავარი ბრალდებული გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, ბესლან არშბაა. მას გამოძიება სამსახურებრივი უფლება-მოსილების გადამეტებას ედავება და ბრალიც შესაბამისი მუხლით აქვს წაყენებული. სააგენტო „აფსნიპრესის“ ცნობით, სისხლის სამართლის საქმე განსახილველად პროკურატურამ გალის რაიონის სასამართლოს გადასცა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბესლან არშბამ გალის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე ყოფნისას შექმნა და თავად ხელმძღვანელობდა კომისიას, რომელიც პასპორტების გაცემას კურირებდა. გამოძიების ცნობითვე, სწორედ ამ კომისიამ 2007 -დან 2014 წლამდე „აფხაზეთის მოქალაქის პასპორტი“ გასცა გალის რაიონის 14 988 მცხოვრებზე, რომლებიც რეალურად საქართველოს მოქალაქეები იყვნენ.

დე ფაქტო რესპუბლიკის საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ შესაბამისი ქმედებით ბესლან არშბამ დაარღვია კანონი „აფხაზეთის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ, რომელიც გამონაკლისის სახით უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებზე გასცემს პასპორტებს“.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გალის რაიონის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.