ახალი ამბები
არასამთავრობოები კონსტიტუციაში ცვლილებებზე: პროექტი ბევრ ნეგატიურ ინიციატივას აერთიანებს
არასამთავრობო სექტორმა კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტთან დაკავშირებულ ცვლილებებზე შეფასება მოამზადა. მასში აღნიშნულია, რომ მიუხედავად დისკუსიების შედეგად ხელისუფლების მხრიდან გათვალისწინებული რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხისა, შემოთავაზებული დოკუმენტი ასევე აერთიანებს არაერთ ნეგატიურ ინიციტივას. მათ შორის შენიშვნების ავტორები პარლამენტის არჩევის კვლავ არასამართლიან წესზე საუბრობენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განმარტებით, კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტით შემოთავაზებულია გაუნაწილებელი მანდატების მხოლოდ პირველ ადგილზე გასული პოლიტიკური პარტიისთვის მინიჭება. იმ პირობებში კი, როდესაც შეიძლება გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა 10%-ს, ან მეტს შეადგენდეს, ამ მანდატების მთლიანად ერთი პარტიისთვის მინიჭება არსებითად გაზრდის პარტიის მიერ მიღებულ ხმებსა და მანდატებს შორის დისპროპორციას. ამიტომ, მიიჩნევენ, რომ ეს მიდგომა დიდწილად დააკნინებს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების მიზანს და ეჭვქვეშ დააყენებს მანდატების სამართლიანი გადანაწილების პრინციპს. არასამთავრობოებს მიაჩნიათ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან ერთად, გაუნაწილებელი მანდატები პარტიებს შორის უნდა გადანაწილდეს მათ მიერ მიღებული ხმების პროპორციულად.

შენიშვნების ავტორებისვე თქმით, მომზადებული ცვლილებები ასევე გულისხმობს საარჩევნო ბლოკების გაუქმებას, რის არგუმენტადაც მოყვანილია პარტიების განვითარების და გაძლიერების აუცილებლობა. ამიტომ, ფიქრობენ, რომ აღნიშნული ცვლილება წარმოადგენს რადიკალურ ზომას და არ არის გამართლებული ლეგიტიმური ინტერესით.

არასამთავრობოთა თქმით, ცვლილებები განსაკუთრებით უარყოფითია იმ პირობებში, თუ 5%-იანი ბარიები შენარჩუნდება.

„შემოთავაზებული ვერსიით უქმდება პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი და ის არაპირდაპირ, პარლამენტის მიერ აირჩევა. საქართველოში დემოკრატიის განვითარების ხარისხის და ამომრჩეველთა ინტერესების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა იყოს არჩეული. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევნების გაუქმება არ წარმოადგენს საპარლამენტო მოდელიდან გამომდინარე აუცილებლობას.

ადამიანის უფლებათა სფეროში რიგი უკან გადადგმული ნაბიჯები, განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩანაწერი ქორწინების უფლებაზე - შემოთავაზებული ვერსიის თანახმად, ქორწინება წარმოადგენს ქალისა და მამაკაცის კავშირს ოჯახის შექმნის მიზნით. იმ პირობებში, როდესაც ერთი და იმავე სქესის მქონე პირთა ქორწინება კანონმდებლობით არ არის დაშვებული, ხოლო ლგბტ ჯგუფების მხრიდან ქორწინების თანასწორობის მოთხოვნა არასოდეს დამდგარა, მსგავსი ინიციატივა შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ პოპულისტური დატვირთვის მატარებლად, რომელიც ამ თემის ხელოვნურად გააქტიურებით პოლიტიკური ქულების დაწერას ისახავს მიზნად“, - ვკითხულობთ ერთობლივ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების განმარტებით, შემოთავაზებული ვერსიის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი. შენიშვნების ავტორთა თქმით, საბჭოს მიერ პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეების შერჩევის მრავალწლიანი მანკიერი პრაქტიკის, საბჭოს დაკომპლექტების ხარვეზიანი წესის და სხვა არაერთი პრობლემის გათვალისწინებით, რაც ამ ინსტიტუციას ახასიათებს, მიაჩნიათ, რომ ამ ეტაპზე მოცემული უფლებამოსილების საბჭოსთვის გადაცემა სასამართლო კორპუსის დაკომპლექტებაზე სრულ ძალაუფლებას მიანიჭებს ამ ორგანოს, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობას და სისტემის გათავისუფლებას ძლიერი ჯგუფების გავლენებისაგან.

არასამთავრობოების განმარტებითვე, კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მიხედვით, შენარჩუნებულია მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადა, რომელიც როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის.

ერთობლივ განცხადებაში ყურადღება ასევე გამახვილებულია დისკუსიების შედეგად ხელისუფლების მხრიდან გათვალისწინებულ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზეც.

ერთ-ერთი არის ის, რომ გაჩნდა ჩანაწერი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ კონსტიტუციური ორგანოები თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებენ ვალდებულებას, გაატარონ ყველა საჭირო ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

„განხორციელდა რიგი უფლებრივი გარანტიების განმტკიცება და გაუმჯობესება - განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩანაწერი არსებითი თანასწორობის შესახებ, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს განსაკუთრებული ზომების გატარება მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად; ასევე კონსტიტუციაში გაჩნდა უფლება ინტერნეტის ხელმისაწვდომობაზე.

გაიზარდა/გაჩნდა რიგი ინსტიტუტების კონსტიტუციური დამოუკიდებლობის გარანტიები, როგორიცაა:

საზოგადოებრივი მაუწყებელი - კანონით უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა სახელმწიფო უწყებებისგან და მისი თავისუფლება პოლიტიკური და არსებითი კომერციული გავლენებისგან.

პროკურატურა - პროკურატურა განისაზღვრა, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი ორგანო.

სასამართლო ხელისუფლება - განისაზღვრა, რომ მოსამართლე შეირჩევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დასაბუთებული გადწყვეტილებით, ღია კენჭისყრით, კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის ნიშნით.

დადგინდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ფუნდამენტური მიმრთულება - სასამართლოების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა და დაკონკრეტდა, რომ მისი საქმიანობის წესი დგინდება ორგანული კანონით.

შედარებით გაძლიერდა საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი, კერძოდ:

საგამოძიებო კომისია - მოქმედი კანონმდებლობისგან განსხვავებით, დადგინდა საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის საჭირო დაბალი ქვორუმი, კერძოდ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მხარდაჭერით.

ზემოთ დასახელებული საკითხების გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტით გათვალისწინებული მთელი რიგი საკითხები საჭიროებს გადამუშავებას და სამომავლო დახვეწას, რათა უზრუნველყოფილი იქნეს საერთაშორისო სტანდარტებსა და დემოკრaტიის პრინციპებთან თანხვედრაში მყოფი კონსტიტუციის მიღება.

ყველა პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით კომისიის სხდომაზე ჩვენ დავაყენებთ ალტერნატიულ წინადადებებს”, - ვკითხულობთ განცხადებაში.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელიც 2016 წლის 15 დეკემბერს შეიქმნა შემაჯამებელ სხდომას კვირის ბოლოს გამართავს. არასამთავრობოები იმედოვნებენ, რომ ამ სხდომაზე და საპარლამენტო განხილვებისას შეიცვლება „ზემოაღნიშნული მანკიერი დებულებები“ და შენარჩუნდება სამოქალაქო სექტორის მხრიდან შეფასებული ყველა გაუმჯობესება.

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში დღეს მეგრული ენის დღე აღნიშნეს.
18:52 / 29.05.2017
ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში დღეს მეგრული ენის დღე აღნიშნეს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის
წარმომადგენლებმა
18:35 / 29.05.2017
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა
ზუგდიდში მცხოვრებმა რევაზ ჯინჯოლავამ, რომელიც აცხადებს, რომ
პოლიციამ ხელი გაარტყა,
16:17 / 29.05.2017
ზუგდიდში მცხოვრებმა რევაზ ჯინჯოლავამ, რომელიც აცხადებს, რომ პოლიციამ ხელი გაარტყა,
რედაქტორის რჩევით
ზუგდიდის მერიის და სამხარეო ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე
„აფხაზეთობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, სენაკში
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.