ახალი ამბები
ზუგდიდის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო მუნიციპალიტეტების გაერთიანებაზე თვითმმართველობებს მიმართავს
ქალაქ ზუგდიდის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, პარლამენტს, ადგილობრივ თვითმმართველობებს, უარი თქვან 2014 წელს შექმნილი 7 ახალი თვითმმართველი ქალაქისა და ამდენივე თვითმმართველი თემის გაუქმება-გაერთიანებაზე. განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ უნდა განაგრძოს ხელისუფლების დეცენტრალიზაციის პროცესი, რომლის მიზანიც არა თვითმმართველობათა გამსხვილება, არამედ მეტი თვითმმართველი ერთეულის შექმნა, მუნიციპალიტეტებისათვის ჯეროვანი უფლებამოსილებებისა და ფინანსური რესურსების გადაცემა უნდა იყოს.

საბჭოს წევრების განმარტებით, განცხადებაში ასახულია იმ მოქალაქეთა მოსაზრებებიც, რომლებმაც არაერთხელ მიმართეს მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს და ეწინააღმდეგებიან ზუგდიდისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევას.

„როგორც საბჭოს წევრებს, ასევე ქალაქ ზუგდიდის მცხოვრებთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ ხელისუფლების მიერ გაცხადებული სურვილის განხორციელება ცალსახად დააზარალებს ქვეყნის დემოკრატიზაციისა და ხელისუფლების დეცენტრალიზაციის პროცესს.

ჩვენთვის ერთმნიშვნელოვნად მიუღებელია ქალაქ ზუგდიდისა და სხვა მუნიციპალიტეტებისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევა, მთელი რიგი ობიექტური გარემოებების გამო:

თვითმმართველობების გამსხვილება აშორებს ერთმანეთთან ხელისუფლებასა და მოსახლეობას;

გამსხვილების შემთხვევაში კიდევ უფრო გართულდება მოქალაქეთათვის სხვადასხვა სახის მუნიციპალური სერვისების მიწოდების პროცესი;

თვითმმართველობების გამსხვილების შემთხვევაში კიდევ უფრო გაიზრდება მუნიციპალიტეტების ცენტრალურ ხელისუფლებაზე დამოკიდებულების დონე, რაც არსებული შეზღუდული უფლებამოსილებებისა თუ მწირი ფინანსური რესურსების პირობებში ისედაც რთულ პრობლემას წარმოადგენს;

სამწუხაროა, რომ ხელისუფლება არ ითვალისწინებს განვითარებული ქვეყნების გამოცდილებას, რომელთა მაგალითზეც ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის დაახლოება მნიშვნელონად აუმჯობესებს როგორც მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხს, ასევე ზრდის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა ანგარიშვლადებულების დონესაც, რადგანაც მცირე მუნიციპალიტეტში ადამიანთა მცირე რიცხვისგან შემდგარი საზოგადოების სამოქალაქო კონტროლი მუნიციპალურ ორგანოებზე უფრო ეფექტური და შედეგზე ორიენტირებულია;

მუნიციპალიტეტების გაყოფა, უფრო მეტი თვითმმართველი ერთეულის ჩამოყალიბება ხელს უწყობს ახალი ადმინისტრაციული ცენტრებისა თუ ეკონომიკური მიზიდულობის ადგილების წარმოქმნას, რაც ამავე დროს ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი საფუძველსაც წარმოადგენს.

სამწუხაროა, რომ 2014 წელს ხელისუფლების მიერ გაცემული დაპირება დეცენტრალიზაციის პროცესის გაგრძელების თაობაზე არ სრულდება, უფრო მეტიც, ამ კუთხით ვხედავთ უკუსვლას.

სამწუხაროა, რომ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებს და საქართველოს პარლამენტში ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატს, განსხვავებით სხვა თვითმმართველი ქალაქების წარმომადგენლებისაგან დღემდე არ გაუკეთებიათ მკაფიო განცხადება თვითმმართველი ქალაქების გაუქმებასთან დაკავშირებით. ეს მაშინ როდესაც ადგილობრივი ხელისუფლების მოქმედი წარმომადგენლები და პარლამენტში ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი აქტიურად იყვნენ ჩართული კამპანიაში „ჩემი ზუგდიდი - ჩემი ქალაქი“, რომლის მიზანიც ზუგდიდისათვის სწორედ თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭება იყო“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ზუგდიდის საკრებულოებს ქალაქ ზუგდიდის და თემის გაერთიანების საფუძველზე ახალი მუნიციპალიტეტის შექმნის შესახებ წერილი გამოუგზავნა. დოკუმენტი დღეს უნდა განიხილოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ. ქალაქის საკრებულოში კი ამ საკითხის განხილვა მომავალ კვირაშია დაგეგმილი, თუმცა თემას დაპირისპირება და მწვავე დისკუსია უკვე მოჰყვა იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე. მრჩეველთა საბჭოს პარალელურად მუნიციპალიტეტების გაერთიანების საკითხის შესახებ მიმართვა 18 მაისს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც გაავრცელეს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის ვადის
14:27 / 20.09.2017
ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის ვადის
არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომ საცხოვრებელი პირობები
მძიმეა, მაგრამ
14:11 / 20.09.2017
არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომ საცხოვრებელი პირობები მძიმეა, მაგრამ
ზუგდიდის ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობაში, სადაც
12:09 / 20.09.2017
ზუგდიდის ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობაში, სადაც
მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის თემში მიხეილ ხერგიანის სახელობის
11:46 / 20.09.2017
მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის თემში მიხეილ ხერგიანის სახელობის
რედაქტორის რჩევით
შარშან, ივნისის თვეში „საჰაერო ტაქსმა“ ზუგდიდის სოფელ
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.