ახალი ამბები
გარემოვაჭრეებს მერიამ გაფრთხილების წერილები დაურიგა
ქალაქ ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა, გარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით, გარემოვაჭრეებს გამაფრთხილებელი წერილები დაურიგეს. მერია აგრძელებს გარემოვაჭრეების გაფრთხიელბას, რომ უახლოეს პერიოდში იგეგმება მასშტაბური ღონისძიებები გარევაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით, ალტერნატიული ფართის შეთავაზების პირობით.

„გარემოვაჭრეებს მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს მიერ მიღებულ, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირებისა და გარე ვაჭრობისათვის ადგილების განსაზღვრის წესებს აცნობენ და თვითნებურად დაკავებული ტერიტორიების დაცლისაკენ მოუწოდებენ.

გაფრთხილების წერილი: ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 აპრილის №30 დადგენილებით დამტკიცდა „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი“ და „გარე ვაჭრობისათვის ადგილების განსაზღვრის წესი“, რომლის მიზანია: ა) ქალაქ ზუგდიდის იერსახის დაცვა; ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; გ) ქალაქ ზუგდიდის მოსახლეობის ინტერესების დაცვა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური გაფრთხილებთ, რომ უახლოეს პერიოდში იგეგმება მასშტაბური ღონისძიებები გარე ვაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებით, ალტერნატიული ფართის შეთავაზების პირობით. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 აპრილის №30 დადგენილება“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გარევაჭრობის რეგულაციის წესი მარტის თვეში დაამტკიცა. დადგენილების თანახმად, აკრძალვა ქალაქის 15 ქუჩას შეეხება. გარემოვაჭრეები მოსალოდნელი რეგულაციების შესახებ ადრეც არაერთხელ გააფრთხილეს.