ახალი ამბები
საკრებულოს წევრი: გაუგებარია რატომ მოიწონა უმრავლესობამ მთავრობის წინადადება, როცა პროექტიც არ უნახავს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ლაშა თოდუას განცხადებით, მისთვის გაუგებარია რატომ დაუჭირა მხარი უმრავლესობამ საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის წინადადებას ქალაქისა და თემის გაერთიანების შესახებ, მაშინ როცა მოსალოდნელი რეფორმის შესახებ არავის უნახავს დოკუმენტი პროექტის სახითაც.

„რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი ლაშა თოდუა ერთ-ერთი იყო იმ სამ დეპუტატს შორის, რომელმაც სხდომაზე წარმოდგენილ წერილის მოწონებას მხარი არ დაუჭირა.

გარდა იმ მიზეზისა, რომ დეპუტატებისთვის არავის წარმოუდგენია მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ დეტალური დოკუმენტი, ის საუბრობს სხვა ფაქტორებზეც რის გამოც საკითხს ხმა წინააღმდეგ მისცა:

„ეს არის ცენტრალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი. ის რეფორმა რაც განხორციელდსა 2014 წელს თვითმმართველობებში, ემსახურებოდა დეცენტრალიზაციის პროცესს. მან უფრო მეტი შესაძლებლობა მისცა თვითმმართველ ქალაქს და თვითმმართველ თემს მეტი პროექტის განხორციელების, მოსახლეობისთვის უფრო მეტი სერვისის მიწოდების და საქმიანობის უფრო ეფექტური განხორციელების. ახალი რეფორმა, რომელიც ემსახურება თვითმმართველობების გაერთიანების შედეგად მათ გამსხვილებას, ხელს შეუშლის სერვისების ხელმისაწვდომობას და მოსახლეობის ჩართულობას თვითმმართველობის საქმიანობაში“, - განაცხადა ლაშა თოდუამ.

დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჩატარდა რიგგარეშე სხდომა, სადაც უმრავლესობამ მოიწონა საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის წერილი, თემის და ქალაქის გაერთიანების შესახებ. ამ გადაწყვეტილებას სხდომაზე მყოფი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან სტვენა და უკმაყოფილება მოჰყვა. მანმადე მათ ამ საკითხზე გამოხატეს საკუთარი მოსაზრებები და გააკრიტიკეს ადგილობრივი ხელისუფლება, რომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინეს მოსახლეობის აზრი. საპასუხოდ მაიზერ ნანავამ სხდომაზეც და მოგვიანებით ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ თავად შეხვდა რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას, რომელთა 80% ამ წინადადებას მხარს უჭერს. თავისმხრივ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მისი სიტყვების დასადასტურებლად მოითხოვეს გამართული საჯარო შეხვედრების შესახებ ოქმი რაც სხდომაზე არავის წარმოუდგენია.

საბოლოო ჯამში რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის წინადადებას თემის და ქალაქის გაერთიანების თაობაზე მხარი დაუჭირა 24-მა დეპუტატმა სამის წინააღმდეგ. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს. „ევროპული საქართველოდან“ ორმა წარმომადგენელმა და „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილმა წევრმა ლაშა თოდუამ ხმა წინააღმდეგ მისცეს.