ახალი ამბები
ზუგდიდში კონფლიქტით დაზარალებულთა და დევნილთა საკითხებზე ანგარიშები წარადგინეს [ვიდეო]
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა ზუგდიდში ორი სპეციალური ანგარიში წარუდგინეს არასამთვრობო ორგანიზაციების და გამგეობის თანამშრომლებს.

„კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის მრჩეველმა მედეა ტურაშვილმა, ხოლო „იძულებით გადადგილებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ“ ანგარიში აპარატის მრჩეველმა დევნილთა საკითხებში, მერი კოჭლამაზაშვილმა წარადგინა. ორივე კვლევის მონაცემები ასახავს 2016 წლის შედეგებს. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების თქმით, დევნილთა საკითხების და კონფლიქტური რეგიონების მიმართ ზუგდიდში ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესია და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ანგარიშების აქ წარდგენა.

სახალხო დამცველის მრჩევლის განცხადებით, კვლავ მძიმეა გამყოფი ხაზის სოფლებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეთა სოციალური-ეკონომიკურ მდგომარეობა და პრობლემას წარმოადგენს უსაფრთხოების საკითხები. მედეა ტურაშვილის სიტყვებით, კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში რეგულარულად ირღვევა ადგილობრივი მოსახლეობის პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის, ჯანმრთელობის, განათლების, საცხოვრებლისა და საკუთრების უფლებები, რასაც გამყოფ ხაზზე გადაადგილების შეზღუდვა უდევს საფუძვლად.

სახალხო დამცველის მრჩეველმა საოკუპაციო ხაზთან მოქალაქეების დაკავების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაცემები მოიყვანა, რომლის მიხედვითაც 2016 წელს პირობითი საზღვრის უკანონო კვეთისთვის საერთო ჯამში 327 ადამიანი დააკავეს, აქედან 21 არასრულწლოვანი, 32 კი ქალი.

ადამიანის უფლებებზე საუბრისას მედეა ტურაშვილმა აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაუმართავია სამედიცინო სერვისები და ინფრასტრუქტურა. მისი თქმით, განსაკუთრებით მძიმეა გალის რაიონში სამედიცინო დაწესებულებების მდგომარეობა, რადგან არ ფუნქციონირებს ნეონატოლოგიური სამსახური, შესაბამისად რაიონს არ ჰყავს მაოპერირებელი გინეკოლოგები, რის გამოც საფრთხე შეიძლება შეექმნას ახალშობილის სიცოცხლეს. მანვე აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიუხედავად გალის სოფელ საბერიოსთვის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს არ გადაუცია სასწრაფო დახმარების მანქანა.

ომბუდსმენის მრჩეველმა აღნიშნა, რომ ჯანდასცვასთან ერთად ირღვევა უფლებები განათლების ხელმისაწვდომობის კუთხითაც, რადგან მოზარდებს არ აქვთ საკუთარ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა და გაკვეთილები უტარდებათ რუსულად. მედეა ტურაშვილის თქმით, მოსწავლეებმა და ხშირ შემთხვევაში არც მასწავლებლებმა არ იციან სათანადოდ რუსული ენა, ამიტომაც ბუნებრივია, რომ განათლების ხარისხი არის მკვეთრად დაბალი.

„სახალხო დამცველის აპარატის რეკომენდაციები ძირითადად ეხება სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მათ შორის სამეურნეო საქმიანობის მიზნით სპეციფიური პროგრამების შემუშავებას, სოფლებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ჯანდაცვის პროგრამების და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდას“, - აღნიშნა მედეა ტურაშვილმა.

რაც შეეხება ანგარიშს „იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის“ შესახებ, აპარატის მრჩეველმა დევნილთა საკითხებში აღნიშნა, რომ 2016 წელი ყველაზე მასშტაბური დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესით გამოირჩეოდა. მისი სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ საანგარიშო პერიოდში ნგრევად და სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ განსახლების ობიექტებში მცხოვრები 179 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა ფართით, ავარიულ შენობებში იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების საკითხი კვლავ მწვავე პრობლემად რჩება.

მერი კოჭლამაზაშვილის განმარტებით, დევნილთა ძირითადი პრობლემები წლების განმავლობაში უცვლელია. ესენია: ინფორმირებულობის დაბალი ხარისხი იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის სფეროში მიმდინარე მოვლენების შესახებ; რიგ ობიექტებში იძულებით გადაადგილებულ პირთა მძიმე საცხოვრებელი პირობები, ასევე, ყოფილი კოლექტიური ცენტრების რეკონსტრუქციის პროცესი და სარემონტო სამუშაოების დაბალი ხარისხი.

სახალხო დამცველის რეკომენდაციაა დევნილთა და განსახლების სამინისტრომ 2017 წელს გრძელვადიანი განსახლების პროცესში პრიორიტეტი მიანიჭოს ნგრევად და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი კომპაქტური განსახლების ობიექტებიდან დევნილთა განსახლებას; სამინისტრომ მიიღოს ზომები დევნილთა ინფორმირებულობის გაზრდისათვის ყველა იმ საკითხზე, რომელიც მათ უფლებრივ მდგომარეობას შეეხება.