ახალი ამბები
რუსეთის სამხედროებმა მდინარე ენგურზე თევზაობისას ტყაიას მკვიდრი დააკავეს
ზუგდიდის სოფელ ტყაიაში, საოკუპაციო ხაზთან რუსეთის სამხედროებმა ამავე სოფლის მკვიდრი თენგიზ მიქავა დააკავეს.

„ლაივპრესს“ ზუგდიდის გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ ტყაიაში ედემ კეკუტიამ განუცხადა, რომ შემთხვევა წუხელ მოხდა. მისი მტკიცებით, რუსეთის სამხედროები თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ.

„თევზაობდა მდინარე ენგურზე, თევზაობდა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე და ისინი არიან აქეთ გადმოსული. იქ არის ერთი კუნძული, სადაც არის ტყე, ორივე მხარეს არის მდინარე და შუაშია ეს კუნძული. ისინი მავთულხლართებიდან აქეთ არიან გადმოსული. შესული არიან ტყეში, სადაც რაღაც კარავივით აქვთ გაეთებული ისე, რომ შორიდან არ ჩანს, მაგრამ ახლოს თუ მიხვალ ნახავ. ე.ი. ეს არის სანაპიროდან 5-10 მეტრში“, - განაცხადა ედემ კაკუტიამ.

ზუგდიდის სოფელი ტყაია ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოს ესაზრვრება.

თენგიზ მიქავას დაკავების შესახებ ინფორმაცია დაგვიდასტურეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. როგორც “ლაივპრესს“ სუსის პრესსამსახურში განუცხადეს ახალგაზრდა მამაკაცი სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.

„ფაქტზე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირებლო მისია. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად“, - განაცხადეს სუსში.

9 აგვისტოს რუსეთის სამხედროებმა კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს წალენჯიხის სოფელ ლიის პალურის უბანში. ამ შემთხვევაშიც რუსეთის სამხედროებმა უტა სამუშია თევზაობისას დააკავეს.