ახალი ამბები
რუსეთის სამხედროებმა ხურჩაში მონიშნულ ნაკვეთზე მავთულხლართები გააბეს
გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მოსაზღვრე ზუგდიდის სოფელ ხურჩაში რუსეთის სამხედროებმა მავთულხლართები გააბეს. საუბარია ჯერ კიდევ აპრილის თვეში მონიშნულ მიწის ნაკვეთებზე, რომლის შედეგადაც ხურჩელი ომარ მიქაუტაძის და არველოდ ნაჭყებიას 2-ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ოკუპირებულ ტერიტორიას შეუერთდა.

გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ხურჩაში, ბადრი ხუნჯგურუა აცხადებს, რომ 2 თვის წინ დაწყებული პროცესი რუსეთის სამხედროებმა 10 აგვისტოს დაასრულეს.

„გუშინ მოსახლეობისგან გავიგე, რომ გააბეს ადრე მონიშნულ ფართობზე მავთულხლართები. საერთო ჯამში საუბარია 2 ჰექტამდე მიწის ნაკვეთის მითვისებაზე“, - განუცხადა ჟურნალისტებს ბადრი ხუნჯგურუამ.

„ეს პროცესი არა მარტო ზღუდავს ადგილობრივების ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ პირდაპირპროპორციულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე“, - ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სუსი-ს ცნობთვე, აღნიშნული საკითხი განსახილველად დადგება 19 სექტემბერს ჩანიშნულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე გალში.

ზუგდიდის სოფელ ხურჩაში ადგილობრივი მცხოვრებლების 2 ჰეტრამდე მიწის ნაკვეთი რუსეთის სამხედროებმა აპრილში მიითვისეს. მათ ხურჩელ ომარ მიქაუტაძის და არველოდ ნაჭყებიას სიმინდის ყანებს ხის ბოძები შემოავლეს და შიგნით შესვლა აუკრძალეს. მაშინ არველოდ ნაჭყებიამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ 25 წელია აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ამუშავებდა. ომარ მიქაუტაძემ კი 1 ჰეტრამდე მიწის ნაკვეთი ადგილობრივი მცხოვრებისგან ხუთი წლის წინ შეიძინა. მომხდართან დაკავშირებით მაშინ განცხადება გააკეთა სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურმა. სუსში განმარტავდნენ, რომ ოკუპირებული ნაბაკევის მოსაზღვრე ზუგდიდის სოფელ ხურჩაში საოკუპაციო ხაზის გადმოწევა არ მომხდარა და ადგილი აქვს ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელებას.