ახალი ამბები
„ზუგდიდობისთვის“ გამოყოფილი თანხის სხვა მიზნებისთვის დახარჯვას საკრებულოს სამმა წევრმა ხმა არ მისცა
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, „ზუგდიდობისთვის“ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი 70 ათასი ლარი სხვადასხვა მუხლებზე გადანაწილდა. საკითხს დისკუსია მოჰყვა და მას მხარი არ დაუჭირა ეკონომიკისა და ურბანული განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ქოჩუამ, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ხარჩილავამ და პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ბათლომე შელიამ.

თენგიზ ქოჩუას განცხადებით, შარშან დაფუძნებული დღესასწაული, რომელსაც მაშინ ოპოზიციური პარტიებიც კი მიესალმებოდნენ, წელსაც აუცილებლად უნდა გამართულიყო. მით უფრო, როგორც ეკონომიკისა და ურბანული განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე განმარტავს, ქალაქის ბიუჯეტში საამისოდ თანხა გათვლილი იყო, რაც სრულიად საკმარისი იყო დღესასწაულის ხარჯებისთვის:

„ბიუჯეტში თანხა ამისთვის რომ არ ყოფილიყო გათვალისწინებული, კიდევ სხვა საკითხია, მაგრამ რეალურად იყო გათვლილი და ის გადავიდა სხვა მუხლებში. საკრებულოს გადაწყვეტილებით კულტურული ღონისძიებების მუხლიდან 100 ათასი ლარი გადანაწილდა სხვა მუხლებში. აქედან უშუალოდ 70 ათასი იყო „ზუგდიდობისთვის“ და თუ ეს თანხა არ იყო ამ დღესასწაულისთვის საკმარისი ის 30 ათასიც ამას უნდა დამატებოდა და 100 ათასი ლარით ნორმალური ღონისძიების ჩატარება შეიძლებოდა“, - განაცხადა თენგიზ ქოჩუამ.

შესაბამისად, მისთვის გაუგებარია უმრავლესობის არგუმენტი, რომ დღესასწაული საჭირო თანხების არ ქონის მიზეზით გაუქმდა.

ეს არგუმენტი ასევე მიუღებელია საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ხარჩილავასთვის. ის ამბობოს, რომ რადგანაც ამ დღესასწაულის აღნიშვნას საფუძველი ჩაეყარა, წყვეტა არ უნდა ჰქონდეს. მისი სიტყვებით, არ არსებობდა არანაირი ვალდებულება, მითუმეტეს დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, დღესასწაული ყოფილიყო პომპეზური და მასშტაბური.

„ჩვენ თუ წელს ამას ვერ გავაკეთებდით იმ მასშტაბებით, როგორც ეს შარშან იყო, მაინც იყო აუცილებლობა იმისა, რომ დღესასწაული წელსაც გაკეთებულიყო. თუნდაც ის ფაქტი, რომ შარშან „ზუგდიდობის“ დღესასწაულზე საპატიო ზუგდიდელობა მიენიჭა რამდენიმე პირს და რაღაც ღონისძიებები ჩატარდა, თუნდაც ეს რომ გაკეთებულიყო და ამისთვის გამიზნული 70 ათასი ლარი გამოყენებულიყო ამ მიმართულებით, არაფერი დაშავდებოდა“, - განაცხადა თენგიზ ხარჩილავამ.

ამასთან როგორც დეპუტატი აცხადებს, ოპოზიციის წარმომადგენლებისგან სმენია, მოსაზრება, თითქოს „ზუგდიდობის“ გაუქმება უკავშირდება მუნიციპალიტეტების გაერთიანებას, რასაც არ ეთანხმება. მისი თქმით, ამას კავშირი არ აქვს თვითმმართველობის რეფორმასთან.

მიუხედავად იმისა, რომ მსგავს დღესასწაულებს „კომუნისტურ გადმონაშტს“ უწოდებს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ბათლომე შელია, მხარი არ დაუჭირა „ზუგდიდობისთვის“ გათვლილი თანხების სხვა მუხლებში გადანაწილებას და არც მის გაუქმებას ემხრობა. ამბობს, რომ წელს ეს დღესასწაული უნდა ჩატარებულიყო. ბათლომე შელიასვე სიტყვებით, გასულ წელს "ზუგდიდობის" დაფუძნება წლევანდელთან შედარებით გაცილებით მასშტაბური არჩევნების წინა აქტივობა იყო.

„რადაგნ გადაწყვეტილება მიიღო ქალაქმა და განაცხადეს, რომ ყოველ წელიწადს აღინიშნებოდა ზუგდიდქალაქობა, უნდა აღნიშნულიყო. რა ჭკუას უნდა ემსახურებოდე, რომ ერთჯერადი მოხმარების პროდუქტივით გამოიყენო ეს თემა და შემდეგ მეორე წელს მოისროლო. ასეთივე ერთჯერადი იყო თვითმმართველობის თემა, რომელიც ააგორეს, მთელი ქალაქის მასშტაბით ხელმოწერები შეაგროვეს და 3 წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ თურმე შეცდომა დაუშვიათ“, - განაცხადა ბათლომე შელიამ.

უმრავლესობაში განმარტავენ, რომ დღესასწაული არ გაუქმებულა, და რომ ის მომავალ წელს გაცილებით მასშტაბური იქნება. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თაზო ფაცაციას განცხადებით, გამოყოფილი თანხა რეალურად საკმარისი არ იყო გასული წლის მსგავსი დღესასწაულის მოსაწყობად:

„აქედან გამომდინარე ჩვენ ეს ღონისძიება კი არ გავაუქმეთ, არამედ ვემზადებით კიდევ უფრო გრანდიოზული დღესასწაულისთვის მომავალ წელს. ისეთისთვის, როგორიც ეკუთვნის ზუგდიდს და ზუგდიდელებს. ოპონენტები მანამდე ამბობდნენ, რომ მთლიანად საარჩევნოდ იყენებენ და ამ მიზეზით აწყობენო ამ ღონისძიებასო და იქნება მომავალ წელს, როცა არც არჩევნები იქნება და არ იქნება ეს საკითხი საქილიკო. იქნება ნამდვილად ზუგდიდისთვის შესაფერისი დღესასწაული და ქალაქისთვის შესაფერისი დღეები“, - უთხრა „ლაივპრესს“ თაზო ფაცაციამ.

ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, წელს „ზუგდიდობის“ დღესასწაული არ გაიმართება. როგორც „ლაივპრესს“ მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ზამირა ღადუამ განუცხადა, მიზეზი მწირი ფინანსური რესურსია. საკითხს გამოეხმაურა მაჟორიტარი დეპუტატი. მერაბ ქვარაიამ „ლაივპრესთან“ საუბარში აღნიშნა, რომ დღესასწაულის აღსანიშნად დიდი თანხები არ არის საჭირო და ის შესაძლოა ჩატარდეს შემოქმედებითი ანსამბლების მოხალისეობის ფარგლებშიც. მისივე თქმით, სასურველია „ზუგდიდობა“ წყვეტის გარეშე ყოველწლიურად აღინიშნოს.

2016 წლის 10 სექტემბერს ზუგდიდობის დღესასწაული პირველად ჩატარდა. მისი გამართვის გადაწყვეტილება ადგილობრივმა ხელისუფლებამ 2014 წელს მიიღო. მაშინ დღესასწაულისთვის ზუგდიდის მერიამ 50 ათასამდე ლარი დახარჯა. რესტორნის მომსახურეობის შესყიდვაზე კი გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, სადაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად 8901 ლარი იყო მითითებული. სუფრა 180 პერსონაზე იყო გათვლილი. "ზუგდიდობაზე" სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართა. დღესასწაული დასრულდა საღამოს, დადიანების ეზოში, სადაც პირველი საპატიო ზუგდიდელები“ დააჯილდოვეს.

ცნობისთვის, ზუგდიდობისთვის გათვლილი 70 ათასი ლარი გადააწილდა ბიბლიოეთეკის და სამუსიკო სკოლის სარემონტო სამუშაოების მუხლში. თანხის ნაწილი ასევე გადანაწილდა ჯადაცვის პროგრამებზე.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
ზუგდიდის სასამართლოში ახალგაზრდებმა იმიტირებული სასამართლო
13:44 / 19.11.2017
ზუგდიდის სასამართლოში ახალგაზრდებმა იმიტირებული სასამართლო
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის
12:55 / 19.11.2017
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
12:51 / 19.11.2017
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
სვანური არქიტექტურული ნაგებობების, როგორც განსაკუთრებული
14:12 / 18.11.2017
სვანური არქიტექტურული ნაგებობების, როგორც განსაკუთრებული
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.