ახალი ამბები
მინისტრი თხილის ზარალის კომპენსაციაზე: ამის რესურსი ქვეყანას დღეს არ აქვს [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დღეს სამეგრელოს სტუმრობდა. მან აბაშის და სენაკის მუნიციპალიტეტებში თხილის პლანტაციების და სიმინდის ფართობების დათვალიერების შემდეგ ზუგდიდში გადმოინაცვლა. კერძოდ, ამ მხრივ არსებულ ვითარებას სოფელ რიყეში გაეცნო და მოინახულა ორ მიწის ნაკვეთზე გაშენებული თხილი, ერთი, რომელიც რამდენჯერმე შეწამვლის შედეგად მინიმალურად დააზიანა მხოლოდ აზიურმა ფაროსანამ, მეორე კი შეუწამლავი პლანტაცია.

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია ის გამოწვევა, რომელიც ახალ მავნებელს უკავშირდება. ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ აზიურმა ფაროსანამ სხვა ქვეყნებსაც შეუქმნა ანალოგიური პრობლემები, ამიტომ მათი გამოცდილების გამოყენება პირველივე დღიდან სცადეს საქართველოში. თუმცა, განმარტა - ერთი ღონისძიებით, ან წელიწადში მავნებლის დამარცხება შეუძლებელია და ამ მიმართულებით სახელმწიფო განაგრძობს მუშაობას.

„ერთი კამპანია წამლობის სახელმწიფომ ჩაატარა და მნიშვნელოვანია, როცა სახელმწიფო რაღაცას აკეთებს, ამ დროს ფერმერებიც იყვნენ მობილიზებული. ჩვენ ვნახეთ ზუსტად ასეთი შემთხვევა, როცა ფერმერმა ექვსი წამლობა ჩაატარა და საკმაოდ მაღალი ხარისხი, ფაქტობრივად 90%-ზე მაღალი ხარისხით არის მოსავლიანობა“, - აღნიშნა ზუგდიდში მყოფმა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის თქმით, აზიურმა ფაროსანამ სიმინდის ფართობების დაზიანებაც დაიწყო, რაც ასევე რთული გამოწვევაა, რადგან ეს პლანტაციები საკმაო მოცულობისაა და სახმელეთო ტექნიკისთვის ხელმისაწვდომობა მარტივი არ არის. მანვე აღნიშნა, რომ პარალელურად ქიმიური პრეპარატების გამოყენებაც სიფრთხილით უნდა მოხდეს.

„ლაივპრესის“ კითხვის პასუხად, აუნაზღაურდებათ თუ არა სოფლის მცხოვრებლებს ზარალი, რასაც ისინი მოითხოვენ, მინისტრმა აღნიშნა, რომ ამის რესურსი ქვეყანას დღეს არ აქვს.

„მოდით ასე ვთქვათ, რისი რესურსი აქვს ქვეყანას? ჩვენ გვესმის, რომ მდგომარეობა საკმაოდ რთულია. არის ნაკვეთები, სადაც საკმაოდ გადარჩენილია მოსავალი, და არის ნაკვეთები, სადაც მაღალია ზიანი. საკმაოდ დიდი რესურსი სჭირდება იმას, რომ დღეს ჩვენ ვისაუბროთ კომპენსაციაზე. ეს არის ურთულესი საკითხი. ამის შესაძლებლობები ამ ეტაპზე ნამდვილად არ მოიძებნება.

მე მესმის მდგომარეობა, მე მესმის, რომ ჩვენ შეიძლება რაღაც გვსურდეს, და რა არის სამართლიანი, კიდევ ცალკე სასაუბრო თემაა. იმიტომ, რომ ეკონომიკურად ხშირ შემთხვევაში ასეთი ტიპის ჩარევები სახელმწიფოს მხრიდან არანაირად არ უწყობს ხელს კონკურენტუნარიანობას. მაგრამ ეს საკითხი რომ გვერდზე გადავდოთ, ამის რესურსი ფიზიკურად, როცა საუბარია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაზე, და გამოწვევევი დიდია, ძნელად გადასაწყვეტია“.

ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ აუცილებელია ერთობლივი ჩართულობა და ყველა ტექნიკური მექანიზმის გამოყენება, მავნებლის პოპულაციის შესამცირებლად. მინისტრისვე თქმით, მომავალში ბრძოლას აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გააგრძელებენ. მათ შორის მოახდენენ ქვეყანაში არსებული ფიტოსანიტარული სამსახურების მობილიზებას, დასავლეთ საქართველოში მომუშავე სპეციალისტებთან ერთად. ამასთან, აღნიშნა, რომ საჭიროა მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან და მათთვის ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებებით მიწოდება.

მინისტრთან ერთად სამეგრელოში იმყოფებოდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირებიც. მათი თქმით, მავნებელთან ბრძოლოს პირველ ეტაპზე 53 ათასამდე ჰექტარი თხილის ფართობი შეიწამლა, მეორე ეტაპზე კი 20 ათასამდე ჰექტარი უკვე დამუშავდა. სულ 50 ათასამდე ჰექტრის შეწამვლაა დაგეგმილი.

ქიმიური წამლობა მიმდინარეობს ზუგდიდის, სამტრედიის, აბაშის, ხობის, მარტვილის, სენაკის, ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში. რეგიონში სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული. მავნებლის გავრცელების კერებში ინტენსიურად მუშაობს 7 ერთეული ამერიკული თერმული ნისლის გენერატორი, 6 ერთეული იტალიური სამანქანე შემასხურებელი და 2 იტალიური სატრაქტორო აგრეგატი. საკარმიდამო ნაკვეთები და ნათესი ფართობები თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით და სამანქანე აგრეგატებით მუშავდება. სააგენტოს წარმომადგენელთა თქმით, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში აგრეთვე ჩართულია მაღალი წარმადობის დისპერსიული აეროზოლური შემასხურებელი, რომელსაც დღეში ასეულობით ჰექტარი სიმინდის მასივის დამუშავება შეუძლია.

სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად რეგიონში შექმნილ ვითარებას გაეცნენ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური ოფისის დირექტორის მოადგილე შამენა გალი, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო ზემო სვანეთში ლევან შონია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ღონისძიებები აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით მიმდინარეობს.

სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში, მათ შორის ზუგდიდში მავნებელმა თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. დააზიანა სიმინდის ფართობებიც. ადგილობრივები ზარალის დათვლას და კომპენსაციას ითხოვენ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
ზუგდიდის სასამართლოში ახალგაზრდებმა იმიტირებული სასამართლო
13:44 / 19.11.2017
ზუგდიდის სასამართლოში ახალგაზრდებმა იმიტირებული სასამართლო
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის
12:55 / 19.11.2017
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
12:51 / 19.11.2017
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
სვანური არქიტექტურული ნაგებობების, როგორც განსაკუთრებული
14:12 / 18.11.2017
სვანური არქიტექტურული ნაგებობების, როგორც განსაკუთრებული
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.