ახალი ამბები
ენმ ზუგდიდში თხილის ზარალის აღსარიცხავად საგანგებო შტაბებს შექმნის [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდის სოფლებსა და ქალაქის ხუთივე ზონაში შექმნის საგანგებო შტაბებს, რომლებიც დაითვლიან აზიური ფაროსანასგან მიყენებულ ზარალის ოდენობას. ამ შტაბებს ენმ-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უხელმძღვანელებენ. განაცხადა პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ანა წითლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან იყო დაპირება მსგავსი კომისიის შექმნის და ითქვა, რომ უკვე შეიქმნა კიდეც, თუმცა არაფერი იციან მუშა პროცესის მიმდინარეობის შესახებ, იმაზე, დაიწყეს თუ არა საერთოდ კონკრეტული ქმედებები. სწორედ ამიტომ, ანა წითლიძის განმარტებით, ფიქრობენ, რომ მოცემულ საკითხში მათ დახმარება სჭირდებათ, რისთვისაც მზად არიან.

ენმ-ის წარმომადგენლის თქმით, პარტიის აქტივისტები კარდაკარ მივლენ ყველა ოჯახში და შეავსებინებენ სპეციალურ ბლანკს, სადაც დატანილი იქნება მონაცემები, მავნებლისგან დაზიანებული ფართობის მოცულობის თაობაზე. შედეგების გადაცემას ისინი სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლებისთვისაც გეგმავს.

„30 დღიან ვადაში ვეცდებით რაღაც რაოდენობა ამ ბლანკების შეგროვდეს. შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში ვითხოვთ, გაგვცენ პასუხი, თუ რას აპირებენ. ერთკვირიან ვადას მივცემთ ხელისუფლებას კონკრეტული ქმედებებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაანონსებული კარვის აქციები აუცილებლად დაიწყება“, - აღნიშნა ანა წითლიძემ.

მისივე თქმით, ავიაციის ჩართვა მავნებლის გასანადგურებლად, რაც დღეიდან იწყება, უკვე დაგვიანებულია, თუმცა ამ ყველაფერს მაინც მიესალმებიან.

ენმ-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ აუცილებელია დაზარალებული მოსახლეობის მატერიალური მხარდაჭერა და ზიანის კომპენსაცია, რისთვისაც არსებობს როგორც მთავრობის, ასევე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდები.

ანა წითლიძე დღევანდელ ბრიფინგზე ასევე გამოეხმაურა ქალაქ ზუგდიდის და მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტეტების, მერაბ ქვარაიას და ედიშერ თოლორაიას განცხადებებს 12 სექტემბრის პარლამენტის აგრარული კომიტეტის სხდომაზე, სადაც მათ ისაუბრეს ბევრად ეფექტური ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე პრობლემის მოსაგვარებლად.

„ჩვენ მივესალმებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის დაგვიანებული განცხადება ხელისუფლების მხრიდან. თუმცა ვფიქრობთ, რომ ეს განცხადებები მმართველი გუნდის დეპუტატების მხრიდან არ ყოფილა ნებაყოფლობითი და ისინი აიძულა ხალხის აქტიურობამ, რადგან ისინი ხედავდნენ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, აქციებს და ინფორმირებულები იყვნენ, რომ გუბერნიიასთან კარვის აქციები დაანონსდა. ისინი მიხვდნენ, ეს განცხადებები რომ არ გაეკეთებინათ, ზუგდიდში არ გამოესვლებოდათ“.

თავის მხრივ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიაში აცხადებენ, რომ ზუგდიდში უკვე შექმნილია და მუშაობს სპეციალური შტაბი, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებით, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული. თუმცა, როგორც განმარტეს, ეს შტაბი არა ზარალის დათვლის სამუშაოებს ახორციელებს, არამედ კომპლექსური გზებით ხდება მავნებელ მწერთან ბრძოლა, რათა მომდევნო წლებში ზიანი გაცილებით ნაკლები იყოს.

„სწორედ აქეთკენ არის მიმართული სახელმწიფოს, მთავრობის ძალისხმევა და სახსრები, რომ მოხდეს პრობლემის მოგვარება. რაც შეეხება ინდივიდუალურ კომპენსირებას, ამ ეტაპზე ამაზე საუბარი არ არის. საუბარია პრობლემის მოგვარებაზე, რომ მომავალ წლებში ჩვენ გვქონდეს ბევრად ნაკლები ზარალი და იყოს ეს სამუშაოები ეფექტურად განხორციელებული“, - უთხრა „ლაივპრესს“ გუბერნატორის პრესსამსახურმა პაატა ლაგვილავამ.

მისივე ინფორმაციით, ზარალის დათვლა ამ ეტაპზე არ იგეგმება.

რაც შეეხება ენმ-ის წინადადებას დახმარებაზე ამ პროცესში, განმარტა - „ამაზე მე ვერაფერს გეტყვით, ეს პოლიტიკური ამბავია“.

ზუგდიდის სოფლების მოსახლეობამ ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით საპროტესტო აქცია რამდენჯერმე გამართა. მათი თქმით, მოსავლის დიდი ნაწილი განადგურებულია, ამიტომაც ხელისუფლებისგან მატერიალურ მხარდაჭერას საჭიროებენ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
ზუგდიდის სასამართლოში ახალგაზრდებმა იმიტირებული სასამართლო
13:44 / 19.11.2017
ზუგდიდის სასამართლოში ახალგაზრდებმა იმიტირებული სასამართლო
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის
12:55 / 19.11.2017
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
12:51 / 19.11.2017
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
სვანური არქიტექტურული ნაგებობების, როგორც განსაკუთრებული
14:12 / 18.11.2017
სვანური არქიტექტურული ნაგებობების, როგორც განსაკუთრებული
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.