ახალი ამბები
ჟენევაში ეთნიკურ ნიადაგზე ძალადობის წახალისებად შეფასდა ოთხოზორიას მკვლელის დაუსჯელობა
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. მასში აღნიშნულია, რომ განხილვის მთავარ საკითხს ოკუპირებულ რეგიონებში დარჩენილი ქართველების მიმართ არსებული ეთნიკური წმენდა და რუსეთის „დესტრუქციული“ ქმედებები წარმოადგენდა. ასევე, უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი რთული მდგომარეობა.მათ შორის გალის და ახალგორის ქართულ სკოლებში განათლების მშობლიურ ენაზე აკრძალვაა. მოლაპარაკებების მონაწილე თბილისის დელეგაციამ ეთნიკურ ნიადაგზე ძალადობის წახალისებად შეაფასა ასევე სოხუმის გადაწყვეტილება, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელი არ დაუკავებიათ და ამ დრომდე თავისუფალია.

საუბარი შეეხო საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის, აგრეთვე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებს, რაც, თავის მხრივ, ქართული მხარის განმარტებით, ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციას იწვევს. მწვავედ დადგა საოკუპაციო ხაზზე უკანონო დაკავებებისა და გატაცებების პრობლემაც.

მონაწილეებმა საქართველოდან კვლავ დააყენეს რუსეთის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიის განხორციელება. ამ პროცესის ბოლოდროინდელ მაგალითად დასახელდა კრემლის გადაწყვეტილება, სოხუმში რუსეთის სპეციალური საბაჟო პუნქტის შექმნის თაობაზე, რომელიც აფხაზეთის რეგიონის მთელ ტერიტორიას დაფარავს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობას. ხაზი გაესვა ორივე ოკუპირებულ რეგიონში მილიტარიზაციის პროცესისა და სამხედრო წვრთნების გააქტიურებას.

თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა საქართველოდან და აშშ-დან აქცენტი გააკეთეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხის საგნობრივი განხილვის აუცილებლობაზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოსკოვის, სოხუმის და ცხინვალის წარმომადგენლებმა კვლავ სცადეს ამ ჰუმანიტარული პრობლემის პოლიტიზირება და საკითხის განხილვისას დატოვეს მოლაპარაკებების ოთახი.

მოლაპარაკებების ერთ-ერთი აქტუალური საკითხი იყო აგრეთვე გარემოს დაცვის სფეროში არსებული გამოწვევები, კერძოდ, აზიური ფაროსანას მიერ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანი. სამინისტროს ინფორმაციით, მიაღწიეს შეთანხმებას ეკოლოგიურ პრობლემებზე ოპერატიული და ქმედითი რეაგირების მიზნით ერთობლივი მუშაობის გაგრძელებაზე.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2017 წლის 12-13 დეკემბერს გაიმართება.