ახალი ამბები
ზუგდიდის ახალ დასახლებაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ზუგდიდში, ლაღიძის ქუჩაზე მცხოვრები დევნილები წყალის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების მიზნით საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილები ითხოვენ აღუდგეთ წყლის უწყვეტი მიწოდება და შემდგომი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით დასახლების წყლის სიტემა „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ ჩაიბაროს.

ლაღიძის ქუჩაზე მცხოვრებმა ციალა ქობალიამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ მოუწესრიგებელი საგადასახადო სისტემის გამო დასახლების მცხოვრებლებს მოხმარებული წყლის საფასურად მნიშვნელოვნად გაზრდილი გადასახადი მოუვიდათ. მისი თქმით, საუბარია 20-ზე მეტ ათას ლარზე, რის გადაფარვასაც ვერ მოახერხებენ.

დასახლებაში მცხოვრებთა მოთხოვნაა „გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ“ გარკვეული ვალდებულებებით ჩაიბაროს ობიექტი. მათ შორის ითხოვენ, რომ მოხმარებული წყლის საფასურზე ინფორმაცია ოჯახებთან ქვითრის სახით მიიღონ.

ლაღიძის ქუჩის მცხოვრებლებს ბოლო ერთი თვის განმავლობაში წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით პრობლემა არაერთხელ შეექმნათ. წყლის საქაჩი, საიდანაც მარაგდება დასახლება, ელექტროენერგიის დახმარებით მუშაობს. დავალიანება დევნილებს მოხმარებული წყლის გამო ენერგოკომპანიასთან დაუგროვდათ, რა მიზეზითად „ენერგო-პრო -ჯორჯიამ“ წყლის საქაჩს დენის მიწოდება შეუწყვიტა. შედეგად დასახლება წყლის გარეშე დარჩა.

ლტოლვილთა სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოში ირწმუნებიან, რომ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. ტერიტორიული ორგანის ხელმძღვანელმა მანუჩარ ჩილაჩავამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ მაქსიმუმ ერთ დღეში საკითხი მოგვარდება:

„მიმდინარეობს მოლაპარაკება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა და ენერგო პრო ჯორჯიას შორის. ერთხელ და საბოლოოდ საკუთარ ბალანსზე აიყვანს წყლის კომპანია ამ ობიექტს და საკითხი მოგვარდება. დღეისთვის მათ გააჩნიათ 20 ათასი ლარის დავალიანება, რაც ეტაპობრივად გადაუნაწილდებათ და ეტაპობრივად შეძლებენ გადახდას“, - განაცხადა მანუჩარ ჩილაჩავამ.

მისი მტკიცებით, ხვალ დღის ბოლომდე ეს პრობლემა გადაწყვეტილი იქნება.

ახალი უბნის მცხოვრებლებმა ბოლო ერთი თის განმავლობაში საპროტესტო აქცია რამდენჯერმე გამართეს. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ თუკი ადრე ისინი მხოლოდ ხუთ ლარს იხდიდნენ, ახლა მათმა ყოველთვიურმა გადასახადმა 53 ლარი შეადგინა, რაც დავალიანების დაგროვების მიზეზი გახდა. როგორც ლტოლვილთა სამმართველოში აცხადებენ ამ ეტაპზე დასახლების წყლის სიტემა ოფიციალურად არავის ბალანსზე არ ირიცხება.