გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შეხვედრა მიმდინარეობს
მისი სიტყვებით, გიორგი ლუკავა არავისში გაუცვლიათ და ეს 2016 წლის მარტში დაწყებული პროცესის გაგრძელება იყო.
სუსის წარმომადგენელმა მედიას შეხვედრაზე განსახილველი საკითხების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. კახაბერ ქემოკლიძის თქმით, მთავარ თემად რჩება გიგა ოთხოზორიას მკვლელის რაშიდ კანჯი-ოღლის ცენტრალური ხელისუფლებისთვის გადმოცემის საკითხი, ბორდერიზაციის პროცესი, რომელიც ქემოკლიძის განმარტებითვე, მოსახლეობას საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს უქმნის პრობლემებს და ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც ბოლო შეხვედრიდან დღემდე მოხდა.
გიორგი ლუკავა დრანდის ციხიდან 25 დეკემბერს გაათავისუფლეს. ის 2011 წლის მაისში დააკავეს. ოჯახის ინფორმაციით, ლუკავა ოკუპირებულ გალის რაიონში გადავიდა შვილების საფლავის მოსანახულებლად. აფხაზური მედიასაშუალებების ინფორმაციით კი, მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი პარტიზანულ დაჯგუფება „ტყის ძმებთან“ კავშირისა და მკვლელობის ბრალდებით. მსჯავრდებულის გათავისუფლებას აფხაზეთში საპროტესტო აქციები მოჰყვა.
მანამდე პატიმრის გათავისუფლების მიზეზებზე განმარტება აფხაზური საზოგადოებისთვის ე.წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას მოუწია. მისი ინფორმაციით, გიორგი ლუკავა და ცხინვალის იზოლატორში მყოფი, სოფელ დისევის მცხოვრები გიორგი გიუნაშვილი როლანდ ჟიბაზე გაიცვალა, რომელიც თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას ბ. კვიცინიას მკვლელობისთვის აფარებდა თავს.