ზუგდიდის პირველ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე ფილმს გადაიღებენ
ამ სკოლების ისტორიასა და მნიშვნელობაზე ზუგდიდის მერიამ დოკუმენტური ფილმის გადაღება გადაწყვიტა.
„1867 წელს, ზუგდიდში გაიხსნა დაწყებითი სახაზინო სკოლა. ცნობილია ასევე გეთიას მიერ 1897 წელს, საქალაქო სასწავლებელში გახსნილი სახელოსნო განყოფილება. ამის შესახებ გაზეთ ცნობის ფურცელსა და ივერიაში დაიბეჭდა. სტატიაში წერია, რომ გეთია მუქთად ასწავლის, რისთვისაც ყველა ემადლიერებაო. ის საქსოვ მანქანას ქალთა საზოგადოებას უჩვენებს და მის მნიშვნელობას უხსნისო“, - გვითხრა ზუგდიდის მერიის განათლების განყოფილების უფროსმა ბესიკ არახამიამ.
მისივე თქმით, დოკუმენტური ფილმში მკაფიოდ უნდა იყოს აღწერილი პირველი საგანმანათლებლო დაწესებულებების გახსნაში სალომე დადიანის როლი.
„1883 წელს გაზეთი დროება წერს, რომ ზუგდიდში პირველდაწყებითი სასწავლებლის გახსნას აპირებენ და ამ საქმის მოთავეობა უკისრია პრინცესა მიურატისას, მთავრის დადიანის ასულს, რომელსაც 12 ივლისს სადილი გაუმართავს ხალხისთვის და გამოუცხადებია, ამ სასწავლებლისთვის ქვიტკირის შენობას მე აგიგებთო ობლებისა და ღარიბ შეგირდებისთვის“, - ამბობს ბესიკ არახამია.
ზუგდიდის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 22 იანვარს დაიწყება და 24 იანვარს დასრულდება. ფილმის გადაღებისთვის 5 000 ლარი გამოიყო.
მერიის დაკვეთით, გასულ წელს, ორი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს. ზუგდიდში აბრეშუმის პირველ მწარმოებელზე გრაფ როზმორდუკზე და ავსტრიელ მწერალ, მშვიდობის პრემიის პირველი ლაურეატ ქალ ბერტა ფონ ზუტნერზე.