ცოცხალი ისტორიები
ემზარ კვარაცხელია - ლგბტ აქტივისტი
FaceBook Twitter
E-mail Print
ემზარ კვარაცხელია არის „თანასწორობის მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი.

...

დილას უკვე ორ თვეზე მეტია ილია მაღვიძებს. ყოველთვის ახერხებს მაღვიძარას დაასწროს, მიუხედავად იმისა, რომ მასთან დილის რვა საათია, ჩემთან კი ათი. არასდროს მიყვარდა ადრე გაღვიძება. ყოველთვის არსებულ, მწარე რეალობაში ვბრუნდებოდი და შიში მიპყრობდა. თუმცა ახლა ყველაფერი შედარებით ნორმალურადაა. ნახევარ საათიანი გემრიელი საუბრის შემდეგ 100 გრამ შვრიის ფაფას, სამი ცალ მოხარშულ კვერცხის ცილას და მცირე რაოდენობით ბოსტნეულს ვიმზადებ. სპორტდარბაზში წასვლამდე აუცილებელი პროცედურაა. ცხიმების დაწვას ყველაზე კარგად სწორი კვება უწყობს ხელს. დამღლელი ვარჯიშის შემდეგ სწრაფად ვბრუნდები სახლში, შხაპის მიღების სიამოვნება რომ ვიგრძნო და მუშაობას შევუდგე.

ჩემი სამუშაო მუდმივად სტრესულია. ტრანსგენდერი მეგობრების პროფილებს ვათვალიერებ.. ყოველ დღე გვესმის ახალი ისტორიები, რეალური ისტორიები: „დღეს ორ ტრანსგენდერ ქალს სცემეს“, ან „დღეს ტრანსგენდერ ქალებს საავადმყოფოში დახმარება არ გაუწიეს“, ან კიდევ - „საკუთარი იდენტობის გამო სახლიდან გააგდეს 16 წლის გეი“. მსგავსი შინაარსის ნიუსებს ყოველ დღე შევხვდებით სოციალურ ქსელებში და რამდენი ათობით ისტორია საერთოდ არ საჯაროვდება. თანამშრომლებიც მოვიდნენ. ცოტა ხნის წინ მთელს ორგანიზაციაში ორი ადამიანი ვმუშაობდით. დღეს ლგბტ ადამიანების დასაცავად სულ მცირე 5 ადამიანი ვართ მხოლოდ ზუგდიდში. ფინჯან ყავასთან ერთმანეთს იდეებს ვუზიარებთ და შემდეგ ღონისძიებას ვაანონსებთ. ერთ გუნდად შეკრულ გუნდში აბსოლუტურად სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ვართ შეკრებილი, სხვადასხვა შესაძლებლობებით. ერთმანეთის იმედი გვაქვს, ერთმანეთს ვაძლიერებთ.

პარალელურად ილიას ვესაუბრები. ვერც წარმომიდგენია სხვანაირად დღე. ვუზიარებთ ერთმანეთს მთელი დღის საქმიანობას, გეგმებს. ჩემს ბლოგზე ვესაუბრები, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ დაიდო ჩვენივე ორგანიზაციის ვებ-გვერდზე და მალევე გაავრცელა ერთ-ერთმა სააგენტომ. რთულად დავწერე. ბევრი ემოცია ჩავდე, ბევრი ტკივილიც იყო. მაქსიმალურად ვეცადე სწორად მიმეტანა სათქმელი მკითხველამდე. ქამინგ აუთზე ვსაუბრობ, რომელიც დედაჩემთან გავაკეთე. სახელიც შესაბამისი შევურჩიე - „დედა, მე გეი ვარ“. ადამიანების რეაქციები იგივეა, რაც ყოველ ჯერზე - ძალიან შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და მუქარის შემცველი. ბევრი პოზიტიური მესიჯიც მომივიდა. რეალურად იმ ადამიანებისთვის ვწერ, ვინც მალავს საკუთარ იდენტობას. სწორედ მსგავსი ადამიანების გაძლიერებაა ჩემი მიზანი, ამიტომაც, ნეგატიურ კომენტარებს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ.

პირადში უამრავი შეტყობინება მომდის. ძალიან ბევრი ადამიანი მწერს პოზიტიურ მესიჯებს. წარმოდგენაც მიჭირს, თუ რამდენნი არიან, როგორი კარგები და ლამაზები. ბედნიერი ვარ, რომ მათ იმედი ჩავუსახე და შევძელი ჩემი წერილით მაგალითი მიმეცა, როგორ უნდა გაიმარჯვო ჰომოფობიაზე. ჩემს ბედნიერებას პარალელურ რეჟიმში ილიას ვუზიარებ. მას განსაკუთრებით უხარია, როცა კარგ ხასიათზე ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ათასობით კილომეტრი გვაშორებს, მაინც სულ ერთად ვართ.

შეიძლება მოსაბეზრებელი წასაკითხია მუდმივად ილიას ხსენება, თუმცა ვერ შევცვლი იმას, რაც მთელი დღის განმავლობაში ხდება. დაძინებამდე ნახევარი საათი ვისაუბრეთ და დავემშვიდობეთ ერთმანეთს.

...

ტრადიციულად, მაღვიძარას ზარს ილიას ზარი ასწრებს. ეს დილაც წინა დღესავით დაიწყო. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ სოციალურ ქსელში ასობით მესიჯი მხვდება, ასობით მეგობრობის თხოვნა და კომენტარი. ასეთ ჰომოფობიურ გარემოში ჩემდა გასაკვირად ვერ შევეჩეხე ვერც ერთ შეურაცხმყოფელ, ან დამცინავ მესიჯს. სადღაც, 9 მთის გადაღმა მცხოვრები თემის წევრები მწერენ, მეუბნებიან, რომ იმედი ჩავუსახე და მადლობელი არიან ჩემი თამამი ნაბიჯისთვის. ცოტა ხანში ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტი მირეკავს და მთავაზობს დავთანხმდე სიუჟეტის გადაღებას, რომელიც ჩემს წერილს ეხება. დეტალებზე ვსაუბრობთ და ვთანხმდებით - ჩაწერა ალბათ მომავალ კვირას იქნება.

თანამშრომლები განვიხილავთ ახალ იდეებს. პროექტი დასაწერია, მანამდე კი პრობლემა უნდა წამოვჭრათ. ერთხმად ვთანხმდებით მთავარზე. არ გაგიჭირდებათ გამოცნობა - „ჰომოფობია სამეგრელოში“. შემდეგ მისი გადაჭრის გზებზე ვიწყებთ ფიქრს, თუ რა არის პრიორიტეტი, რა ღონისძიებების გატარებაა აუცილებელი და ასე შემდეგ. დრო გვაქვს. ჯერ იდეების დონეზე ჩამოვყარეთ, შემდეგ შევკრავთ.

საღამოს მეგობრები მოვიდნენ. პოპერსი შევიყნოსეთ. ძალიან ბევრი ვიცინეთ და კარაოკეზეც ვიმღერეთ. მერე რა, რომ სმენა არ მაქვს. მაინც მჯერა, ვისაც სიმღერა უნდა, ყველამ უნდა იმღეროს, მინიმუმ აბაზანაში მაინც.

მთელი დღის განმავლობაში ადგილობრივ დონეზე სიახლეებს ვაკვირდებოდი. სიცილის მომგვრელიც არის და თან ძალიან ტრაგიკული, გარემოვაჭრეებს ქალაქის მერმა ბავშვების მოქმედ სათამაშო მოედანზე გამოუყო ადგილი და მეპატრონეს მისი დემონტაჟი მოსთხოვა. აჟიოტაჟის შემდეგ, იგივე მერმა კომპანიას უსაყვედურა დემონტაჟისთვის. ხუთ დღეში თუ პირვენდელ სახეს არ დაუბრუნებ, დაჯარიმდებიო. ჯოჯოხეთია, აბა რა არის. „პახმელიაზე“ წასაკითხი ნიუსებია მთელი დღის განმავლობაში. „პახმელიაზე“ არ ვარ, მაინც კარგად მიდის.

დღის დასასრულს ვერ მოვითმინე და ჩემი ბლოგის კომენტარებს ჩავუჯექი. მაგინებელთა რაოდენობამ რეკორდი მოხსნა, ყველაზე საშინელი, მძაფრი ტექსტებით მოძრაობენ. არ დავიზარე და ყველას პროფილი დავათვალიერე. მათი უმეტესობა ლატენტური გეი აღმოჩნდა. მერე რა, რომ აგრესიულები არიან, არც ისე შორია იმ წუთამდე, როცა თავად იტყვიან ხმამაღლა სათქმელს და ჩემნაირ ადამიანებს ბოდიშს მოუხდიან.

...

არც ისე ძალიან მინდა გაღვიძება. დიდი ხნით დაძინება მირჩევნია, მანამდე, სანამ არ ჩაივლის ქამინგ აუთის ამბები, მანამ, სანამ დედა არ დამშვიდდება. რეალობა ყოველთვის ისეთი არ არის, როგორიც ჩანს, ან როგორიც გვინდა იყოს, უფრო მუქი და აუტანელია.

„კეთილის მსურველებმა“ დედაჩემი ამიფორიაქეს, იდეალურად დალაგებული ურთიერთობა აგვირიეს. ეუბნებიან, რომ ჩემს ტყავში დავეტიო, რომ ამით ოჯახს ვარცხვენ და ისიც ნერვიულობს, ტირის, ვერ უძლებს ასეთ მძლავრ შემოტევას. სანამ ამ ამბებს გავიგებდი, დედას საჩუქრად სარეცხი მანქანა ვუყიდე. მთელი ცხოვრება ხელით რეცხავდა ჩვენს ტანსაცმელს და ვიფიქრე, ოდნავ მაინც შევუმსუბუქებ მეთქი შრომას. ეს უკანასკნელი კრედიტით მაქვს ნაყიდი, ახლა კი ცოტა ხანი არ მინდა გაგზავნა, იმიტომ, რომ ჩვენი ოჯახის „კეთილისმსურველები“ მთელს ქალაქში ლაპარაკობენ, თითქოს ძალიან დიდი ჰონორარი ავიღე დედის წერილის გასაჯაროებისთვის, თითქმოს ჰონორარის აღებაში რაიმე ცუდი იყოს, ან თითქოს რომელიმე მედია სააგენტო იყოს ფინანსურად იმდენად ძლიერი, ამხელა ჰონორარს იხდიდეს ერთი ჩვეულებრივი ბლოგისთვის, რომ მთელი ცხოვრება უზრუნველად ვიყო. არაუშავს, მალე რაიმე ახალ თემაზე გადავლენ. უჭირთ ამ ადამიანებს ერთი და იგივე საკვების მიღება. მუდმივად სიახლეები სჭირდებათ ბოღმისგან დასაცლელად.

სტრესი იმდენად მძიმეა, ვერაფრის კეთებას ვერ ვახერხებ. ჩვეულებრივად არ დაწყებულა დილა. ვერც ვარჯიშით განტვირთვა მოვახერხე და ვერც 80 გრამი შვრიის ფანტელის მიღება დროულად. ძველებურად მხოლოდ ილიას ზარი შემოვიდა. დღესაც დაასწრო მაღვიძარას, დღეს პირველად არ გამიხარდა მისი ზარი, არავის ზარი არ გამიხარდა.

დაძინებას ვცდილობ, მაგრამ ვერ ვახერხებ. ყოველ წუთს მგონია, რომ ვინმე შემომივარდება. ან როგორ არ ვიფიქრო, რამდენი შემთხვევა მახსენდება შევარდნის ფაქტის, ფანჯრის დალეწვის და სხვა. წიწაკის სპრესი და ელექტრო შოკი თავთან მიდევს. თავდაცვისთვის კარგი და ეფექტური საშუალებაა. ალბათ არ დამჭირდება გამოყენება, ვინ იცის, იქნებ მოძალადეებსაც ეშინიათ ძალადობის.

...

დილა 15:00 საათზე დაიწყო. საძნებელ ოთახში იმდენად ბნელი ფარდები მიკიდია, ვეღარც ვხვდები როდის თენდება, მაღვიძარამ ან ილიამ თუ არ შემახსენა, რომ დროა თვალები დავჭყიტო. არცერთს არ მივეცი საშუალება გავეღვიძებინე. დასვენების დღე ძილში მინდა გავატარო.

მესიჯებს ვამოწმებ. ლგბტ თემის რამდენიმე ზუგდიდელი წევრი მწერს, ერთ-ერთი 17 წლის არის, დედისერთაა და არსებული რეალობით იხრჩობა. დედამისი რძალზე და შვილიშვილზე ოცნებობს. ამბობს, თუ ჩემებმა გაიგეს, აუცილებლად მომკლავენო. მამა ადრეულ ასაკში გარდამეცვალა და მე და დედას ერთმანეთის გარდა არავინ გვყავსო. ფიქრებმა წამიღეს. როგორ შეუძლია დედას, რომელიც უზარმაზარი სასწაულის მომსწრე გახდა, რომელმაც საკუთარი საშოდან ახალი სიცოცხლე დაბადა, გაზარდა, ელოლიავა, სითბოს არ აკლებდა და უცებ, ჰოპ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ გეია, შეუძლია გაწიროს, ჩაქოლოს. ოღონდ მართლა ორიენტაციის გამო კი არა, 3 ჯადოსნური სიტყვის გამო -„რას იტყვის ხალხი“.

...

მძიმე სამუშაო დღის დასაწყისი. ამ თვის ღონისძიებების ანგარიში დასაწერია, საინფორმაციო შეხვედრა დასაგეგმი, ამის პარალელურად კი პროექტია დასაწერი, რომლის დედლაინიც არც ისე შორსაა.

დილის აუცილებელი პროცედურების შემდეგ ფოსტაში მივდივარ, რა თქმა უნდა მეგობრის მანქანით. ფეხით სიარულის დისკომფორტი ჯერჯერობით შემორჩენილი მაქვს. ვიღებ ამანათს და ფერად დროშებს სიხარულით ვაფრიალებ. იწყება რთული სამუშაო. პროექტი რომ დაიწეროს, უმნიშვნელოვანესია პრობლემა განვსაზღვროთ, თან ისეთი პრობლემა, რომლის გადაჭრასაც შევძლებთ პროექტის ფარგლებში. იდეებს ერთმანეთს ვუზიარებთ, ვკამათობთ, ვინიშნავთ, ძალიან აქტიურად ვართ ჩართული ყველა. ამ ტემპით დღის ბოლომდე ნამდვილად სერიოზული შედეგი გვექნებოდა. თუმცა რესურსცენტრი რისი რესურსცენტრია, თუ მუდმივად „ბენეფიციარების“ სტუმრიანობა არ გაქვს. დაახლოებით ოთხჯერ გავწყვიტეთ სამუშაო პროცესი, ძალიან მინიმალური აქტივობები გავწერეთ და გაგრძელება მომდევნო დღისთვის გადავდეთ.

სპორტდარბაზში საჯარო ქამინგ აუთის შემდეგ აღარ დავდივარ. ადამიინებთან ურთიერთობა დისკომფორტს მიქმნის, თუმცა ერთი წუთით არ დამიგდია ტემპი, არც ვარჯიშის და არც სწორი კვების. დღეს ვფიქრობდი, ნეტა ავტოფარეხში მქონდეს რამდენიმე ტრენაჟორი მაინც, მოჭარბებულ ნეგატიურ ენერგიას დავცლიდი, ზედ შევატოვებდი რკინის კონსტრუქციებს, შემდეგ კი შხაპის სახით ჩამოვიბანდი.

...

ძალიან ცუდად მიეწყო ერთმანეთს უსიამოვნო ამბები, ტრაგიკული ისტორიები. საინფორმაციო სააგენტოებში მრავლად გვხვდება ამბები, რომლებმაც წესით უნდა შეგვაწუხოს, გაგვაბრაზოს, პროტესტის გრძნობა გაგვიჩნდეს. თუმცა არა, ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხავთ სხვადასხვა მედიასააგენტოზე - კიდევ ერთი მუშა გარდაიცვალა, კიდევ ერთი ქალი დაჭრეს, კიდევ ერთი ადამიანი 0,0009 მილიგრამი ნარკოტიკული საშუალების გამო 9 წლის ციხეში გაგზავნეს, კიდევ ერთ ტრანსგენდერ ქალს სცემეს, კიდევ ერთი ბავშვი გახდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი საკუთარი ორიენტაციის გამო და ასე შემდეგ, დაუმთავრებლად, ჩავიკითხავთ და მშვიდი სახით განვაგრძობთ ყავის სმას, მუსიკის მოსმენას, თითქოს არაფერი ამ ნიუსებში ტრაგიკული არ იყოს, თითქოს ეს ყველაფერი ჩვენს გვერდით არ ხდებოდეს, თითქოს ის ადამიანები ჩვენი ახლობლები არ იყვნენ. მივეჩვიეთ, სამწუხაროდ ძალადობასაც მივეჩვიეთ.

დღიურის წერის დაწყებამდე ვფიქრობდი, მაქსიმალურად საინტერესოდ დავიწყებ დილას და მაქსიმალურად საინტერესოდ დავასრულებ მეთქი, რომ უფრო სასიამოვნო ყოფილიყო წაკითხვა. დამთხვევაა, რომ სწორედ ამ კვირაში ხდება ყველაფერი სტრესული. დღიურის წერის დაწყების დღეს გავაკეთე კიდევ ერთი საჯარო ქამინგაუთი და მას შემდეგ მუდმივად ამ ამბების ირგვლივ ვტრიალებ. პრინციპში, ბოლო ორი წელია მუდმივად ასეთი დამთხვევები მაქვს. ქამინგ აუთი, სადღაც ერთ სივრცეში, ერთხელ საუბარი არ არის, მუდმივი პროცესია, რომელიც ლგბტ ადამიანებს თან დაგვყვება აჩრდილივით.

დღეს არ ვაპირებ ბევრი გესაუბროთ. არც არაფერი იქნება საინტერესო - გრაფიკით კვება, მცირედი ფიზიკური ვარჯიში, მუშაობა, ბევრი ყავა და ბევრი სიგარეტი. ცხადია, შუალედებში ილიას ზარი. არც სახლიდან ვაპირებ გასვლას და არც კლუბში გართობას. ძალიანაც რომ მოვინდომო, ზუგდიდში მაქსიმუმ ელ ბარკოში, ნიკა ლაშხიას ლაივის მოსმენა შევძლო, კარაოკეს თანხლებით.

...

დილა ილიათი რომ არ დაწყებულიყო ამ ვალენტინობა დღეს, სიზმრებს არ ვაპატიებდი. რა თქმა უნდა ვხუმრობ. ვალენტინობა არა ის. თითქოს ყოველ დღე არ ვესიყვარულებოდეთ ერთმანეთს და თითქოს გვჭირდებოდეს კონკრეტული დღე ამის აღსანიშნად. გუშინაც მიყვარდა, დღესაც მიყვარს და ხვალაც მეყვარება. ან თითქოს საჩუქრებით ისედაც არ ვანებივრებდეთ ერთმანეთს და ხელფასის ძალიან დიდ ნაწილს სწორედ სხვადასხვა სიურპრიზში არ ვხარჯავდეთ. ჩემთვის ყოველი დღე ვალენტინობაა, როცა ილიაა ჩემთან.

სტაფი შევიკრიბეთ და ვიწყებთ ფიქრს, როგორ „გავაფერადოთ“ სამეგრელო. პროექტის დედლაინი კარს მოგვადგა. იდეები ბევრია, პრობლემაც საკმაოდ ბლომად დაგროვდა, არჩევით კი მხოლოდ ერთი უნდა ავირჩიოთ, რომელიც ეფექტური და რეალისტური იქნება მათ მოსაგვარებლად. საბოლოო შედეგამდე ჯერ არ მივსულვართ.

მოგვიანებით მორიგ ღონისძიებას ვაანონსებთ - „ლგბტ აქტივიზმი და მის გარშემო არსებული შეთქმულების თეორიები“. საინტერესო მომხსენებელი და აუდიტორია გაფრთხილებულია. ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ შეხვედრის დღეს და საკმაოდ აქტუალურ თემაზე მოვცხოთ დისკუსია.

დღის დასასრულს, განტვირთვისთვის აუცილებელ პროცედურას მივმართავთ - კარაოკეს ვრთავთ და ერთხმად ვაღებთ პირს. მიკროფონებს მოვიმარჯვებთ და წარმოვიდგენთ თავს საკონცერტო სცენაზე. ბოლოს თვითონ გვეცინება საკუთარ თავზე. მიზანი მიღწეულია - ნეგატიური ემოცია დაცლილი და პოზიტიური განწყობა მოჭარბებული.

ამ ყველაფრის პარალელურად, თბილისში მშრომელთა უფლებების დასაცავად აქცია იმართება. ჩაგრული ჯგუფები გაერთიანდნენ და მშრომელებს სოლიდარობას უცხადებენ, არავისთვის არ არის უცხო, რომ თითქმის ყოველ თვე ერთი ადამიანი იღუპება სამშენებლო სამუშაოების დროს. შორს რომ არ ვეძებო პრობლემა, ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანების უფლებები ირღვევა ყოველ ნაბიჯზე, რომლებიც დასაქმებულნი არიან სხვადასხვა კერძო ბიზნესში - მეგობრები, ნათესავები, მეზობლები, ოჯახის წევრები, დედა პირველ რიგში! მათი უფლებები ირღვევა, როცა 8 საათის ნაცვლად 14 საათი ამუშავებენ. მაშინ, როცა შესაბამის გარემოს არ უქმნიან სამუშაოდ. მაშინაც, როცა 10 წუთის დაგვიანებისთვის საკმაოდ დიდ პროცენტს აჭრიან ხელფასიდან. მაშინაც, როცა ტელეფონის ქონის საშუალებას არ აძლევენ სამუშაო საათების დროს. მაშინ, როცა უსაფრთხოების ნორმები არ არის დაცული და იღუპებიან და ძალიან ბევრი „მაშინ როცა...“

მაინც მგონია, რომ ნაყოფიერი კვირა იყო, ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი ფაქტებით. ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ გეტყვით. მაქსიმუმ კიდევ ერთხელ შევძლო თქვენი „გაღიზიანება“ და გითხრათ, რომ მე გეი ვარ! დიახ! სანამ თვალში თითს მატაკებთ, მანამდე გიპასუხებთ, მანამდე ვაპირებ ამაზე ყვრილს, სანამ თქვენც იგივეს აკეთებთ ყოველ ნაბიჯზე!

მე მიხარია, რომ მე ვარ მე! მეტი პოზიტივი ერო!
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.