ახალი ამბები
მოქალაქესა და ეკლესიას შორის დავაზე ზუგდიდში სასამართლო გაიმართება
მოქალაქე ვალტერ აქუბარდიას ნათესავები ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოს გერასიმე შარაშენიძესთან დავას სასამართლოში აგრძელებენ.

ვალტერ აქუბარდია, რომელსაც კუთვნილი უძრავი ქონების დასაბრუნებლად ეპისკოპოსის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი ჰქონდა შეტანილი, პირველ სასამართლო სხდომამდე, იანვარში გარდაიცვალა.

გარდაცვლილის დამ, მზია აქუბარდიამ „ლაივპრესს“ განუცხადა, იმის გამო, რომ მეუფე გერასიმეს მისი ძმისთვის კუთვნილი მიწის ნაკვეთი და არც მისი გაყიდვიდან მიღებული თანხა დაუბრუნებია, ოჯახი დავას სამართლებრივი გზით განაგრძობს.

აქუბარდიას საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ხვალ გაიმართება.

მოქალაქემ რამდენიმე წლის წინ, შვილის გარდაცვალების შემდეგ, სოფელ ჭალეში მის სახლი ადგილობრივ მღვდელს უსასყიდლოდ გადასცა მონასტრის გასახსნელად, თუმცა მოგვიანებით შეიტყო, რომ კარმიდამო ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას 171 ათას ლარად მიჰყიდა.

მომხდარის შესახებ „ლაივპრესზე“გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ გაავრცელა განცხადება, რომ ეპარქია წალენჯიხის სოფელ ჭალეში არსებული კარმიდამოს თავდაპირველ მესაკუთრეს, ვალტერ აქუბარდიას გადასცემს იმ თანხას, რომელიც მისი ქონების სანაცვლოდ ეპარქიამ ენერგოკომპანიისგან მიიღო.

„ეკლესია არასდროს ყიდის შემოწირულ ქონებას, არამედ უნარჩუნებს ქვეყანასა და შთამომავლობას. წმინდა მოციქული პავლე ბრძანებს, მხიარულებით მისაცემელი უყვარს უფალსა. რაკი აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებით გაჩნდა უკმაყოფილება, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ მიიღო გადაწყვეტილება, უარი განაცხადოს ასეთ შემოწირულობაზე და სრულად დაუბრუნოს ოჯახს“, - ნათქვამია ეპარქიის მიერ 2017 წლის ივნისში გავრცელებულ განცხადებაში.