ახალი ამბები
ზუგდიდში ფერმერთა მომსახურების ცენტრი გაიხსნა [ვიდეო]
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ ზუგდიდში ფერმერთა მომსახურების ცენტრი გახსნა, სადაც შესაძლებელი იქნება თხილის კულტურის მოვლასთან დაკავშირებით სპეციალისტების უფასო რეკომენდაციების მიღება. ამასთან, ადგილზე მცენარის მავნებლის თუ სხვადასხვა სახის დაავადებების საწინააღმდეგო პრეპარატები და სპეციალური ტექნიკა გაიყიდება.

ასოციაციის დირექტორ გიორგი თოდუას განმარტებით, მომსახურების ცენტრი ასოციაციის წევრ ფერმერთა თხოვნით დააფუძნეს:

„აქ ადგილზე ფერმერებს გაუწევენ რეკომენდაციებს წამლობის სქემებთან დაკავშირებით და ექნებათ შესაძლებლობა, მაღალი ხარისხის შესაწამლი პრეპარატები შეიძინონ შეღავათიანი პირობებით. ჩვენ ვთანამშრომლობთ საფინანსო ორგანიზაციებთან, რომლებიც გვიწევენ ფინანსურ მხარდაჭერას ფერმერებისთვის, თხილის მწარმოებლებისთვის. ამავე დროს გვეხმარებიან ჩვენი ძირითადი პარტნიორები „ფერერო“ და USAID“, - განაცხადა გიორგი თოდუამ.

მისი ინფორმაციით, მომავალში დაგეგმილია კიდევ უფრო მეტი ფერმერთა ჯგუფის ჩამოყალიბება და გადამზადებაა, რამაც საბოლოო ჯამში ხელი უნდა შეუწყოს მეთხილეობის დარგის განვითარებას.

მომსახურების ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ ასოციაციის წევრი ფერმერები სამეგრელოს მუნიციპალიტეტებიდან. მათი განმარტებით, აუცილებელია სპეციალისტების მიერ გაწერილი განრიგით თხილის დროული შეწამვლა და გასხვლა, რათა გადარჩეს მძიმე კულტურა.

პირველი სამუშაო დღის აღსანიშნავად ასოციაციამ ფერმერებისთვის გათამაშება მოაწყო, სადაც ლოტოტრონიდან ამოღებული იღბლიანი ნომრების მფლობელებს საჩუქრად თხილის მოვლისთვის საჭირო პრეპარატები და ტექნიკა გადაეცათ.