ახალი ამბები
დე ფაქტო მინისტრი კვირიკაშვილის განცხადებაზე: ვერ ვხედავთ დიალოგისთვის რეალურ ნაბიჯებს
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიმართვას. მისი თქმით, მათ მიაქციეს ყურადღება ამ განცხადებას, რომლითაც მთავრობის მეთაურმა დაადასტურა მზაობა აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგისთვის. დაურ კოვეს თქმით, ეს არ არის პირველი ამ შინაარსის განცხადება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. წერს „აფსნიპრესი“.

„პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ საქართველოს მხრიდან რეალურ ნაბიჯებს, რაც ხელს შეუწყობდა დიალოგის ჩამოყალიბებას და კონფლიქტის დარეგულირებას“, - აღნიშნა დე ფაქტო მინისტრმა.

მისი თქმით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში ისინი აწყდებიან ქართული მხარის მხრიდან შემდეგ დამოკიდებულებას, რომ თბილისში არ ესმით არსებული პრობლემების და ამ დრომდე უარს აცხადებენ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი დოკუმენტის ხლმოწერაზე.

„ვფიქრობ, ამგვარი დოკუმენტის მიღება კარგი საფუძველი იქნებოდა საქართველო-აფხაზეთის მოლაპარაკებებისთვის, რუსეთისა და სხვა საერთაშორისო აქტორების მონაწილეობით“, - აღნიშნა მან და დასძინა, თუ ქართული მხარის რეალურ მზაობას დაინახავენ „სრულფასოვანი სახელმწიფოთაშორისი დიალოგის“ ჩამოსაყალიბებლად, მაშინ თავადაც მზად იქნებიან მასში მონაწილეობისთვის.

გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე დღის წინ მიმართა რუსეთს ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით. მან ამ განცხადებაში დაადასტურა, რომ მზად არიან მიაღწიონ რეალურ პროგრესს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე, რისთვისაც მან პირადად ჩართვის შესახებ განაცხადა ამ პროცესში. პრემიერის თქმით, მზად არიან ასევე პირდაპირი დიალოგისთვის აფხაზებთან და ოსებთან და მისასალმებელი იქნებოდა ამ თვალსაზრისით რუსეთის მხარის რეალურად კონსტრუქციული მიდგომა.