ახალი ამბები
ნატოს დღეების აღნიშვნა სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში ხვალიდან დაიწყება
საქართველოში ნატოს დღეები ოფიციალურად დღეს გაიხსნა. დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიება სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში, რომელიც უკვე ხვალიდან, 17 აპრილიდან დაიწყება. მათ შორის იქნება საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან, პედაგოგებთან, სტუდენტებთან. ნატოს დღეების ფარგლებში გაიმართება ტურნირი მინი-ფეხბურთში „ნატოს თასი“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლების მონაწილეობით.

ზუგდიდში 20 აპრილს, 16:30 საათზე, მერიის შენობაში ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებისთვის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა მოეწყობა. მას გაუძღვებიან ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენელი კრისტიან კოკვიკი და საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი გოგუაძე, რომლებიც ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრებენ.

შეხვედრა შედგება ამავე დღეს შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტშიც. 24 აპრილს სამხატვრო გალერეაში ნახატები გამოიფინება თემატიკის შესაბამისად.

17 აპრილს ფოთის მერიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა მოეწყობა. ორმხრივ ურთიერთობებზე ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენელი ტორსტენ დერიკი ისაუბრებს.

20 აპრილს, 14:00 საათზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის კინოთეატრში პედაგოგებისა და ადგილობრივი თვითმმართელობის წარმომადგენლებისთვის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის და ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდების შესახებ იმსჯელებენ.

ამასთან, სენაკის, მარტვილის და სხვა მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები მოეწყობა.

ნატოს დღეები წელს მეთერთმეტედ აღინიშნება. მისი მიზანია ალიანსისა და საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ მოქალაქეების ინფორმირება.

წელს, ნატოს დღეები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და თავდაცვის სამინისტროსთამ, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისთან და საქართველოში ბულგარეთის საელჩოსთან თანამშრომლობით იმართება.

ნატოს დღეები 1 მაისამდე გაგრძელდება.