„თავისუფალმა საქართველომ“ ცაიშის მაჟორიტარობის კანდიდატი დაასახელა
„ოცნებამ“ ისეთი ადამიანი დააყენა კანდიდატად, რომელიც 2012 წელს მებრძოდა როლანდ ახალაიას რიგებიდან. ენმ-ის ერთ-ერთი აქტივისტი იყო თენგიზ ალმასია. ამიტომ გადავწყვიტე ვებრძოლო ძველ ნომენკლატურას“, - გვითხრა მაჟორიტარობის კანდიდატმა.
ამბობს, რომ რეიტინგი და სიყვარული თანასოფლელების მხრიდან აქვს, რომელთა პრობლემების მიტანას საკრებულოსა და მერიაში გეგმავს. მისივე განმარტებით, მათ უყურადღებოდ დატოვებას არ აპირებს.
ბაჩუკი ნარუშვილი უკვე მეექვსე წელია „თავისუფალი საქართველოს“ წევრია. 2012 წელს იყო ირაკლი ალასანიას პარტიის და შემდეგ კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, თუმცა გვითხრა, რომ ის სულ რაღაც ორ თვეში დატოვა ცალკეულ ლიდერებთან დაპირისპირების გამო.
შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატთა რეგისტრაცია 13 აპრილს დასრულდა. ცაიშში გამარჯვებისთვის სამი პარტიის წარმომადგენელი იბრძოლებს. „ქართულმა ოცნებიდან“ ეს არის თენგიზ ალმასია, რომელიც ამჟამად ოქტომბრის სკოლაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს. „ევროპულმა საქართველომ“ კი კანდიდატად გოდერძი კუკავა დაასახელა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები ცაიშის მაჟორიტარულ ოლქში 13 მაისს გაიმართება. ცაიშში არჩევნები საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო დაინიშნა. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არჩეული ცაიშის მაჟორიტარი თამაზ ჟორჟოლიანი გასული წლის 2 ნოემბერს ტრაგიკულად დაიღუპა.