მოქალაქე: ჩემი ქმარი იმიტომ დააკავეს, რომ პოლიციელებს შენიშვნა მისცა ღვედის არქონის გამო [ვიდეო/ფოტო]
„წითელზე შევჩერდით შუქნიშანთან, გვერდით დადგა საპატრულო პოლიციის ის ეკიპაჟი, რომელმაც ჩემი მეუღლე 3 დღის წინ დააჯარიმა ღვედის არქონის გამო. თუმცა მაშინ ღვედი არც საპატრულო პოლიციას ჰქონდა. რომ ვკითხეთ, გვითხრეს, რომ მათ ჰქონდათ ღვედის გარეშე მოძრაობის უფლება, თუმცა ამის გასარკვევად მაშინ დავრეკე ცხელ ხაზზე, სადაც მითხრეს, რომ პირველ რიგში სწორედ მათ უნდა დაიცვან კანონები და შემდეგ მოქალაქეებმა. დღესაც იგივე ეკიპაჟმა რომ ჩაგვიარა, ვნახეთ, რომ არც ამჯერად ჰქონდათ ღვედი. ჩემმა მეუღლემ მანქანიდან გადასძახა, რატომ არღვევთ კანონსო. იმათმა გაგვაჩერეს, ჩემს მეუღლეს მოკიდეს ხელი, ძალით ჩააგდეს მანქანაში და წაიყვანეს“, - გვითხრა სოფიო კაკულიამ.
მისი თქმით, ირაკლი როგავას პოლიცია დაუმორჩილებლობაში ადანაშაულებს.
„სასამართლო სავარაუდოდ ხვალ გაიმართება. მივმართავ ადვოკატს და დავამტკიცებთ, რომ ჩემი მეუღლე უდანაშაულოა“, - აღნიშნა მან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოქალაქე დაუმორჩილებლობის მიზეზით დააკავეს.
„მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პატრულს. ის 173-ე, კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით არის დაკავებული“, - გვითხრეს უწყებაში.