ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი გაიხსნა [ვიდეო]
თანამედროვე მწერლებმა და პოეტებმა ისაუბრეს თავიანთ შემოქმედებაზე, თავიანთი ნაწარმოებების ინსპირაციაზე.
„ხელოვნების ფესტივალის ჩატარების იდეა გაგვიჩნდა 2015 წელს თბილისის ფესტივალზე, გვინდოდა, რომ ასეთი ფესტივალი ზუგდიდშიც გაგვეკეთებინა, მადლობა მინდა ვუთხრა ავტორებს, რომლებმაც იდეას მხარი დაუჭირეს და სრულიად უსასყიდლოდ ჩამოვიდნენ ზუგდიდში“, - გვითხრა ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნიკა ლაშხიამ.
ფესტივალის მონაწილეებმაც აღნიშნეს, ლიტერატურული შეხვედრები რეგიონებში ხშირად უნდა ჩატარდეს, რადგან აქ საინტერესო ახალგაზრდა ავტორები არიან.
„ტრადიციად დამკვიდრდა თითქოს, რომ მხოლოდ თბილისში ხდება რაღაც. რეალურად ხომ ასე არ არის, თბილისს ხომ რეგიონები ამარაგებს და ავთენტური თბილისური კულტურა არის რეგიონების შექმნილი. არაერთ ზუგდიდელ პოეტს ვიცნობ, რომელიც არის ძალიან საინტერესო ავტორი და მომავალში ვიცი, რომ მათი ჩართვაც იგეგმება და როგორც იტყვიან კარგი მიქსი იქნება“, - გვითხრა მწერალმა პაატა შამუგიამ.
ფესტივალზე მოსული დავით ლოგუა ფიქრობს, რომ ასეთი ღონისძიებების ჩატარება ზუგდიდელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ფესტივალის პარტნიორის გამომცემლობა „ინტელექტის“ მთავარი რედაქტორი ზვიად კვარაცხელია ფიქრობს, რომ ფესტივალი მისცემს საშუალებას ზუგდიდელ მკითხველს უკეთ გაიცნოს ავტორი.
„ასეთი ფესტივალები უნდა ჩატარდეს, რადგან ძალიან ბევრი მკითხველია აქ და ეს ფესტივალის სწორედ ამის საშუალებას იძლევა, რომ წაკითხულის შემდეგ შედგეს ურთიერთობა მკითხველსა და მწერალს შორის“, - ამბობს ზვიად კვარაცხელია.
ხელოვნების ფესტივალის ლიტერატურული ნაწილი და „არტ ჰაუსში“ გაიმართა.
ფესტივალზე მოსულმა დავით ლოგუამ თავისი შთაბეჭდილება გაგვიზიარა.
„ეს არის ერთგვარი განიავება იმ ფსევდოკულტურისა, რაც რეგიონებშია ხოლმე. მიხარია, რომ უმეტესად ახალგაზრდები არიან აქ წარმოდგენილები, თუმცა უფროს თაობასაც ვხედავ რაც ძალიან საინტერესო და კარგია“, - გვითხრა დავით ლოგუამ.
თანამედროვე ხელოვნების ფესტივალის დაესწრო პედაგოგი ნესტან ფიფიაც.
„ვიღაცისთვის შეიძლება საინტერესო აღმოჩნდეს ნინო სადღობელაშვილი, კატო ჯავახიშვილი, ან გაგა ნახუცრიშვილი, ან ყველა ერთად, მაგრამ უმთავრესი არის ის რომ სიტყვა აერთიანებს ადამიანებს, ამ სიტყვის შემდეგ იქნება ისევ ურთიერთობები, სიტყვა აერთიანებს ადამიანებს, სიტყვასთან ურთიერთობა სიცოცხლისუნარიანია და სწორედ ეს ურთიერთობა და სიცოცხლისუნარიანობა მომწონს ამ ფესტივალში“, - გვითხრა ნესტან ფიფიამ.
ხელოვნების ფესტივალი მოგვიანებით სოციალურ კაფე „მეგო ბარში“, სადაც ლექსო რატიანის და ბაჩო ჯიქიძის კონცერტით გაგრძელდა. ფესტივალი ხვალაც გაიმართება. მისი ორგანიზატორები არიან ნიკა ლაშხია და გიორგი შონია.