ახალი ამბები
მთავრობა რეგიონებში სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებს გეგმავს
ჩემი შეფასებით, რეგიონული მმართველობის ის სტრუქტურა, რაც ჩვენ გვაქვს, ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც დღეს არის ჩვენს რეგიონებში. განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე, ჟურნალისტების მხრიდან გუბერნატორების საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმული კითხვების საპასუხოდ. მისი განმარტებით, სწორედ ამიტომ, ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება და ინიციატივა, რომელსაც ახალი მთავრობა შეიმუშავებს, მნიშვნელოვანი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების განხორციელება.

მამუკა ბახტაძე ფიქრობს, რომ გუბერნატორის ინსტიტუტი აუცილებელია, თუმცა მას გაძლიერება სჭირდება.

„ჩვენ არ გვჭირდება ისეთი ტიპის ბიუროკრატიული დონეები, რომელიც მოსახლეობას ვერ მოუტანს დამატებით სიკეთეს, დამატებით შეღავათს. მე ვფიქრობ, ეს ინსტიტუტი აუცილებელია. მას სჭირდება გაძლიერება. ისეთი ტიპის მოქნილი სტრუქტურის შექმნა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მოსახლეობისგან მივიღოთ პრობლემური საკითხები, რომელიც ადგილზეა და ამავე დროს ვიმუშაოთ მათ აღმოფხვრაზე მაქსიმალურად ოპერატიულ რეჟიმში. მმართველობითი სტრუქტურების გარკვეული ნაწილის ეფექტურობა არის ძალიან დაბალი და ის სერიოზულ ცვლილებებს საჭიროებს. მათ შორის საკადრო ნაწილში“, - განაცხადა პრემიერმა.