ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
ზუგდიდის მეათე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულ 17 წლის დიანა ქაჯაიას სურს ჩააბაროს სამედიცინო უნივერსიტეტში. მოზარდი ახლა ეროვნულ გამოცდებს აბარებს. აბიტურიენტმა „ლაივპრესს“ გაუზიარა სკოლის დამთავრებით გამოწვეული და გამოცდების პროცესში მიღებული ემოციები.

უცნაური დილა იყო. ზოგადად მშვიდ უბანში ვცხოვრობ, მაგრამ 15 სექტემბრის დილა ხმაურიანად გათენდა. ალბათ იმიტომ, რომ სკოლისთვის მზადებას ყველა დილაადრიან უდგება. მე კი ჯერ ვერ ვააანალიზებ, რომ დამთავრდა ზაფხული და წინ მელის რთული წელი, მივიღებ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ჩემს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის. ცოტა უცნაურია, დღეს სკოლის პირველი უკანასკნელი დღეა და მე უბრალოდ შევყურებ ჩემი ოთახის კედლებს და მხოლოდ იმაზე ვფიქრობ თუ რა ჩავიცვა.

უკვე მზად ვარ და მხოლოდ დაკიდებაღა დამრჩა ჩანთისა, რომელიც ცარიელია, როგორც ჩემი ემოციები. თითქოს რაღაც მაკლია იმისთვის რომ ვიგრძნო აბიტურიენტობა. ჩვეულებრივ წავედი სკოლაში და დავესწარი ღონისძიებას, რომელსაც ჩემი სკოლა ყოველ ახალ სასწავლო წელს ატარებს. ამ დროს ჩემი სკოლის დირექტორი ბატონი ზურაბ კუპრეიშილი და მასწავლებლები ესალმებიან მოსწავლეებს და ულოცავენ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. და ამ დღესაც, როგორც ჩვეულებრივ, დაირეკა ზარი. უეცრად ჩემი დანაკლისი შეავსო „ბოლო პირველმა ზარმა“. მივხვდი, რომ აწი ამ ზარს ვერასდროს გავიგებდი მოსწავლის ამპლუაში, ჩემთვის არასდროს იქნებოდა 15 სექტემბერი ისეთი ამაღელვებელი, როგორიც წინა წლებში იყო. და გავაცნობიერე რომ ვარ აბიტურიენტი.

კლასში შესვლისთანავე მეოთხედ ვიგრძენი ის ტკივილი, რომელიც ჩემი თანაკლასელის, მეგობრის, ზურიკო კუპრეიშვილის დაღუპვით იყო გამოწვეული და სიმართლე გითხრათ, არც თუ ისე სწორია გამოთქმა რომ „დრო ყველაფერს კურნავს“, რადგან მე დღეს იმაზე მეტად მეტკინა ვიდრე ადრე. მტკივა, რომ ის დღეს აღარ არის, ვერ განიცდის და გრძნობს იმას რასაც ჩვენ. ვერ გაიგებს იმას თუ რა გრძნობაა იყო აბიტურიენტი.

არმინდა დაგასევდიანოთ, ამიტომ ჭრილობებს ისევ ნუ განვიახლებთ, ის ხომ ყველა ჩვენგანისთვის მოუშუშებელი ტკივილია, ტკივილი, რომელიც არასოდეს განელდება...შეიძლება ითქვას, რომ პირველმა დღემ ნორმალურად ჩაიარა და მეორე დღეს დავიწყე მზადება, როგორც აბიტურიენტს შეეფერება. იქიდან გამომდინარე, რომ სკოლაში 5 საგანს გვასწავლიდნენ არ ვიყავი დატვირთული, თუმცა დავდიოდი რეპეტიტორებთან, რომელიც დამღლელი და ამავდროულად სასიამოვნო იყო. ახალი მეგობრების შეძენა, მასწავლებლებთან ადაპტაცია, უამრავი თავგადასავალი, ეს ხომ საოცარ სიამოვნებას გვანიჭებს. ჩემი სკოლის კურსდამთავრებულები ხშირად მეუბნებოდნენ, რომ ეს პერიოდი ყველაზე მეტად მოსწონდათ, თუმცა მე ამას არასდროს ვიჯერებდი, ახლა კი ხმამაღლა შემიძლია განვაცხადო, რომ „აბიტურიენტობა“ ეს ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო ეტაპია.

10 საათიანი მეცადინეობები, თეთრად გათენებული ღამეები ნამდვილად ღირს შედეგის მისაღწევად და დასახული მიზნების განსახორციელებლად. „ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში“. ამას კი ჩემი მწირი გამოცდილებაც კი მიჩვენებს.

...გავიდა შემოდგომა, დადგა ახალი წელი, რომელსაც როგორც ყოველთვის ჟრიამულით ვხვდებით, მართალია 15 დღე ვისვენებთ მოსწავლეები, თუმცა მე როგორც აბიტურიენტი არ მაქვს ამის ბედნიერება. მხოლოდ რამდნეიმე დღე და ისევ შევუდექი სწავლას. ამ პერიოდმაც ჩაიარა წინა წლებთან შედარებით მსუბუქად.

მოახლოვდა გაზაფხულის ბოლო თვე, მაისი, როცა იწყება საატესტატო გამოცდები, მართალია, როგორც ყოველთვის ყველაფერზე ვნერვიულობ, თუმცა ამ ოთხმა გამოცდამ ისე სწრაფად და მარტივად ჩაიარა ვერც კი ვიგრძენი. მალევე დირექტორმა ბატონმა ზურაბ კუპრეიშვილმა მომილოცა ოქროს მედალოსნობა, რამაც კიდევ უფრო ბედნიერი გამხადა და მოტივაცია ამიმაღლა. ეს ყველაფერი კი ჩემი ოჯახის, პედაგოგების და დირექტორის დამსახურებაა. ისინი მუდმივად ჩართულნი იყვნენ სწავლის პროცესში, ცდილობდნენ ყოველთვის იმაზე მეტი გაეკეთებინათ, გადმოეცათ ჩვენთვის, ვიდრე მათ მოვალეობებში შედიოდა, ამიტომაც ამაყი ვარ თითოეული მათგანით.

ა,ჰა! ზაფხული და აბიტურიენტობის წლები დასასრულს მიუახლოვდა. გავიდა ბოლო ზარის დღეც, რომელიც ძალიან ამაღელვებელი და საინტერესო იყო. ამის შემდეგ მივხვდი რომ ეროვნული გამოცდები კარს მომადგა და მივდივარ იმისკენ, რასაც სტუდენტობა ჰქვია. ვიბრძვი გრანტის მოპოვებისთვის და იმ უნივერსიტეტში სწავლისთვის, სადაც ნამდვილად კარგად დავეუფლები ჩემს პროფესიას. ეს უნივერსიტეტი კი თსსუ-ა (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი). რამდენიმე თვის წინ ღია კარის დღეზე ვიყავი, იქ ყოფნამ კიდევ უფრო გამიღრმავა სიყვარული მედიცინისადმი. თბილი და უაღრესად საინტერესო გარემო საუკეთესო ლექტორებით, რომლებმაც დადებითი შთაბეჭდილება დატოვეს. და სწორედ მაშინ მივხვდი, რომ მინდა ვიყო ექიმი და არა დილეტანტი, რომელიც სკალპელს შემთხვევიდან შემთხვევამდე იყენებს, არამედ პროფესიონალი ქირურგი, რომელიც ჩვეული თავდაჯერებით მოქმედებს.

როცა გამოცდების განრიგი მოვიდა, აკანკალებული ხელებით მივედი ლეპტოპთან და გადავამოწმე, მართალი გითხრათ გამახარა განრიგმა, რადგან გამოცდებს შორის მქონდა შუალედები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პირველად ქართულის გამოცდაზე შევედი, აქ 4 საათი ძალიან სწრაფად გავიდა. როცა გამოვედი საგამოცდო ცენტრთან უამრავი ადამიანი იდგა,რომლებიც შემომცქეროდნენ და მეკითხებოდნენ გამიჭირდა თუ არა, მე ძალიან დაღლილი ვიყავი და ვპასუხობდი, რომ არცთუ ისე მარტივი იყო. მოშორებით მელოდებოდა მასწავლებელი(დარეჯან ბუიძე), რომელსაც უდიდესი ემოციით შევხვდი. მადლობას ვუხდიდი იმისთვის, რომ აქამდე მომიყვანა, დავღალე უამრავი კითხვით და როცა ჩემთვის სახარბიელო პასუხს მაძლევდა ვერ ვმალავდი ემოციას და დადებით „მუხტს“ ვაფრქვევდი გარშემო. ინტელექტუალური სიამოვნება ხომ ყველაზე კარგი გრძნობაა.

ყველა გამოცდაზე შევდიოდი ემოციებით დატვირთული, თუმცა ტესტების ნახვის შემდეგ ვმშვიდდებოდი და მხოლოდ მასზე ვფიქრობდი. როგორც ჩემი მასწავლებელი იტყოდა“გამოცდას ყველა ჩააბარებთ, მთავარია ადამიანობაში არ ჩაიჭრათო“. ვიხსენებდი ამ სიტყვებს და ვიმშვიდებდი თავს. მინდა ყველა აბიტურიენტს ვუსურვო წარმატება და დასახული მიზნების მიღწევა. „education is the most powerful weapon, which you can use and change the world“.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
11:10 / 12.12.2018
11:37 / 08.08.2018
13:56 / 03.08.2018
16:01 / 10.07.2018
ლაივპრესის სტუდია
გადაცემა „პირისპირ ლაივპრესთან“ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის წინააღმდეგ მიმდინარე 16 დღიან კამპანიას დაეთმო.
ვიდეორეპორტაჟი
დღის ფოტო
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.