ახალი ამბები
სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში ზარალის დამთვლელი კომისია შეიქმნა
სამეგრელოს იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ძლიერმა წვიმამ პრობლემები გამოიწვია, ზარალის დამთვლელი კომისია შეიქმნა. გუბერნატორის პრესსამსახურის ინფორმაციით, ადიდებულმა ღელეებმა საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები დატობრა მარტვილის შემდეგ სოფლებში - ბანძაში, ჭყონში, ტალერში, აბედათში, ნაჯახაოში, დოშაყეში, ნახუნაუსა და კურძუში.

ამასთან, უხვმა ნალექმა შიდა გზები, სანიაღვრე არხები და ხიდბოგირები დააზიანა. რამდენიმე სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ჩხოროწყუს, ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტებშიც.

გუბერნიის პრესსამსახურისვე ცნობით, სტიქიის ზონაში იმყოფებიან რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი კობა ქანთარია, ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებთან ერთად. ასევე, მუნიციპალიტეტების მერები და ადგილობრივი თვითმართველობის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.