ახალი ამბები
თენგიზ ჯგუშია ზუგდიდის მერიის საქმიანობის შესწავლას ითხოვს [ვიდეო]
ყველანაირი დასაშვები წითელი ხაზები გადაკვეთა ხელისუფლებამ, - ასე შეაფასა მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ დამფუძნებელმა ზუგდიდში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები. თენგიზ ჯგუშიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ყურადღება რამდენიმე ეპიზოდზე გაამახვილა. თავდაპირველად შეეხო ზუგდიდის მერის და ვიცე მერის გადადგომას. აღნიშნა, რომ გავრცელებული ჩანაწერი არის ნაწილი „ქრონიკული კორუფციის და ნეპოტიზმის სქემების“, რომლებზეც წლების განმავლობაში ხმამაღლა საუბრობდა. მისივე თქმით, სამეგრელოში კადრები მხოლოდ ფარული ჩანაწერების საფუძველზე თავისუფლდებიან თანამდებობებიდან, რაც უკვე პრობლემაა, რადგან ხელისუფლება არაერთგზის გაჟღერებულ ბრალდებებზე ადექვატურად და დროულად არ რეაგირებს.

მან მიმართა მთავრობას და პრემიერ-მინისტრს, დროულად გამოიძიონ ზუგდიდის გამგეობის ბოლო ექვსწლიანი საქმიანობა, მათ შორის ყოფილი გამგებლის და მერის, ედიშერ თოლორაიას და ირაკლი გოგოხიას, მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას, ყოფილი ვიცე მერის და მერის, გია გულორდავას და ლაშა გოგიას ქმედებები. თენგიზ ჯგუშიას მიერ ჩამოთვლილ თანამდებობის პირებს შორის ფიგურირებს ყოფილი გუბერნატორი ლევან შონიაც.

„თუ აქტიურ პოლიტიკაში დავბრუნდი, მივაღწევ იმას, რომ ეს ადამიანები აუცილებლად იქნებიან გამომწყვდეული ციხეში“, - აღნიშნა მან.

„სამეგრელოს ხმის“ დამფუძნებელმა ასევე ნეგატიურად შეაფასა ახალი გუბერნატორის განცხადებები. მისი თქმით, როცა სამხარეო ადმინისტრაციის გვერდზე არ არის განთავსებული ალექსანდრე მოწერელიას ბიოგრაფია და მასზე მხოლოდ სახელმწიფო რწმუნებულის „მომღიმარი სურათია“ დატანილი, ეს უკვე არის მოსახლეობის შეურაცხყოფა. თენგიზ ჯგუშიას თქმით, იმედი ჰქონდა, რომ გუბერნატორი ახალი იდეებით მოვიდოდა, თუნდაც მისი საქმიანობიდან გამომდინარე, თხილის ხარისხის გადარჩენის და ფერმერების მხარდაჭერის კუთხით შეიმუშავებდა კონკრეტულ გეგმას, თუმცა, განმარტავს - ერთთვიანი დაკვირვებით, საჯარო მოხელეების „დატუქსვის“ და „თეგეტა მოტორსის“ დათვალიერების გარდა, მას ამ დრომდე არაფერი გაუკეთებია. 

მისივე თქმით, ალექსანდრე მოწერელია არ იცნობს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ ასპექტებს და სინამდვილეში ის თხილის საკუთარი ბიზნესის განვითარებითაა დაინტერესებული, ფერმერების მოსავლის განადგურების ხარჯზე.

„გუბერნატორი ერევა თვითმმართველობის საქმინობაში და წაკითხული არ აქვს ამ უფუნქციო ინსტიუტუტის უფლებამოვალეობები. პირველივე დღეს თავისი გუბერნატორობა აღნიშნა იმით, რომ აქტიურად ჩაერეოდა თვითმმართველობების საქმიანობის შესწავლაში. ასეთი ადამიანის დანიშვნა და მსგავსი შეურაცხყოფები ამ ხელისუფლებას არ შერჩება“, - განაცხადა თენგიზ ჯგუშიამ.

მან მოუწოდა ალექსანდრე მოწერელიას, დაინტერესდეს რეგიონისთვის გახმაურებული საქმეებით, მათ შორის მილების ამბით და ზვიად ლაგვილავას, ბესიკ ჯგუშიას „მკვლელობის“ საქმეებით.

„სამეგრელოს ხმის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ მთავრობის ასეთი დამოკიდებულების მიმართ პირველი ვერდიქტი ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან უნდა იყოს ხელისუფლების კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილისადმი ნულოვანი მხარდაჭერა.

ზუგდიდის მერის წინააღმდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება 338-ე მუხლით დაიწყო, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს. ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ თანამდებობები უკვე დატოვეს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც, ტელეკომპანიის მტკიცებით, ლაშა გოგია ბიზნესმენთან კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. ფარული ჩანაწერის მიხედვით, ბიზნესმენი კვირკვია მერისგან მისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს.