თბილისი მოსკოვს მოუწოდებს გალის და ერგნეთის შეხვედრების განახლებისკენ
„შეშფოთებას გამოვთქვამთ რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციულ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც სერიოზულ ზიანს აყენებს არამარტო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებს გალსა და ერგნეთში, არამედ მთლიანად ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს“, - აცხადებს სამინისტრო.
მათივე თქმით, ამ ფონზე კიდევ უფრო დამაზიანებელია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის კომენტარები, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო თანამეგობრობის შეცდომაში შეყვანას ფაქტების დამახინჯების გზით.
თბილისი განმარტავს, რომ ბოლო პერიოდში ქართული მხარე მუდმივად აყენებდა აღნიშნულ საკითხს პარტნიორ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მაღალი დონის შეხვედრებზე, საერთაშორისო თანამეგობრობა კი ერთიანია შემდეგ საკითხზე - სამშვიდობო მოლაპარაკებების დაზიანება გამოიწვევს ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე ვითარების კიდევ უფრო გაუარესებას.
სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიეროს ძალისხმევა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების დაუბრკოლებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად, მოლაპარაკებების ფუძემდებლური პრინციპებისა და პროცედურების სრული დაცვით.
გალის შეხვედრა 27 ივნისს ჩაიშალა და მას შემდეგ არ გამართულა. ის აფხაზმა და რუსმა მონაწილეებმა დატოვეს. მანამდე განაცხადეს, რომ თუ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხს განსახილველი საკითხების ნუსხიდან არ ამოიღებდნენ, მოლაპარაკების მაგიდას დატოვებდნენ. რამდენიმე დღის წინ ჩაიშალა შეხვედრა ერგნეთშიც. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოსურმა მხარემ მოითხოვა დღის წესრიგიდან ამოეღოთ დავით ბაშარულის და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საკითხი.
რუსეთმა კი საქართველო დაადანაშაულა ამ შეხვედრების პოლიტიზებაში. სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განმარტებით, „მონაწილეთა მიერ წინასწარ შეთანხმებულ დღის წესრიგში თბილისის მოთხოვნით შეიტანეს სამხრეთოსური მხარისთვის მიუღებელი პოლიტიზებული პუნქტები.“
მისივე თქმით, „ქართული მხარის კონფრონტაციულმა მოქმედებებმა გამოიწვია ანალოგიური მექანიზმის მუშაობის შეჩერება საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე“.