ახალი ამბები
უსუფაშვილი: არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ სალომე ზურაბიშვილი მოღალატეა [ვიდეო]
მე არ ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ სალომე ზურაბიშვილი მოღალატეა. ამის შესახებ ზუგდიდში მყოფმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა. ის ფიქრობს, რომ ზურაბიშვილი შეუფერებელია საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობისთვის, რასაც მისი განცხადებებიც მოწმობს. კანდიდატის განმარტებით, არ შეიძლება სალომე ზურაბიშვილი იყოს ქვეყნის პრეზიდენტი არა იმიტომ, რომ შეგნებულად რუსეთის საქმეს აკეთებს, არამედ იმიტომ, რომ მას არასწორად ესმის ქართული საქმის კეთება რუსეთთან მიმართებაში. კერძოდ, ვერ ანსხვავებს სახელმწიფო ინტერესებს საგარეო ურთიერთობაში, და შიდაპოლიტიკურ წინააღმდეგობას ქვეყნის წინა ხელისუფლებასთან თუ სხვა პოლიტიკურ ძალებთან.

„ეს არ ნიშნავს ავტომატურად, რომ ის არის ოკუპანტის აგენტი საქართველოში. ეს ასე არ არის და მე ამის არ მჯერა. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ოკუპანტის აგენტის მეშვეობით იქნება თუ არასწორი პოლიტიკის გამტარებელი პრეზიდენტის მეშვეობით, ქვეყანა დაზარალდება“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს, რომ ქვეყანას დააზარალებს ზურაბიშვილთან ერთად, გრიგოლ ვაშაძის გამარჯვებაც, რადგან ერთი „ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკას“ განაგრძობს, მეორე კი სააკაშვილისას და მის დაბრუნებას გეგმავს ქვეყანაში.

დავით უსუფაშვილი დღეს ზუგდიდს სტუმრობდა. მან მხარდამჭერებს და პარტიის წევრებს საკუთარი პრიორიტეტები გააცნო და იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომლის გადაჭრაზეც გამარჯვების შემთხვევაში იმუშავებს.

პრეზიდენტის არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.