ზუგდიდში 19 ოჯახისთვის „ერთი თბილი ოთახის“ მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა
ოჯახებისთვის ერთი ოთახის მოწყობა 14 სოფელში იგეგმება, ხუთის კი ქალაქში.
„ყველას ოჯახში უნდა მივიდნენ, რადგან ზოგის სველი წერტილია მოსაწესრიგებელი, ზოგის საძინებელი, ან მისაღები ოთახი. ყველას სხვადასხვა ერთი ოთახი უნდა გაურემონტდეს და შესაბამისად, ამას გარკვეული დრო სჭირდება“, - ამბობენ მერიაში.
რატომ გამოცხადდა ტენდერი პრეზიდენტის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მერიის თქმით, შარშანაც დაახლოებით ეს პერიოდი დაემთხვა და წინა მოსამზადებელმა სამუშაოებმაც გარკვეული დრო მოითხოვა. არჩევნებთან რაიმე კავშირს აქ უარყოფენ.
„შარშან 10 გარემონტდა. წელს 19-ია გათვალისწინებული. წელს ორჯერ მეტია“, - გვითხრეს მერიაში.
პროგრამა მუნიციპალიტეტში უკვე მეორე წელია ხორციელდება.
წინასაარჩევნოდ სოციალური პროგრამებიდან ეს რიგით მეორე ტენდერია, რომელიც ზუგდიდის მერიამ გამოაცხადა.