ლაშა გოგია სააპელაციო სასამართლოს პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდებას სთხოვს
დაცვის მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აღმკვეთის ღონისძიებაზე პატიმრობის შესახებ გაასაჩივრა. მათი მოთხოვნაა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების გაუქმება, რომ არ იქნას შეფარდებული არცერთი სახის აღმკვეთის ღონისძიება და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს დაკავებული. მერაბ მამულაძისვრ სიტყვებით, დაცვის მხარე ალტერნატივის სახით სასამართლოს სთხოვს პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდებასაც.
„ჩვენ ჩავიბარეთ სასამართლოს განჩინება. მიგვაჩნია, რომ განჩინებით არ არის დასაბუთებული აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლები. მისი დაკავების მიზეზად მითითებულია, რომ არსებობს მიმალვის საფრთხე და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხზე. თუმცა ეს საფრთხეები მოსამართლემ განჩინებაში ვერ დაასაბუთა. მსგავსი საფრთხე არ არსებობს. როცა დაიბარეს, გამოცხადდა ეს ადამიანი საგამოძიებო უწყებებში. ეს ადამიანი უცხოეთში იყო და ჩამოვიდა ამ ამბების შემდეგ. მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე კი არ არსებობს იქიდან გამომდინარე, რომ საქმის ძირითადი მოწმეები უკვე დაკითხული არიან“, - განაცხადა ადვოკატმა.
ბრალს არ აღიარებს გოგიასთან ერთად დაკავებული ზუგდიდის ყოფილი ვიცე -მერი გია გულორდავაც, რომელიც ასევე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცე მერი ამ დროისთვის გლდანის სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში იმყოფებიან. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღმკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 3 ნოემბერს შეუფარდა.
გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და ვიცე-მერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 21 500 აშშ დოლარი.