ახალი ამბები
მუშაობის დაწყების შემთხვევაში მოქალაქეებს სოციალური დახმარება არ შეუწყდებათ
მთავრობა სოციალური პროგრამების ჩარჩოს პრინციპულად ცვლის. განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე. მამუკა ბახტაძის თქმით, ახალი სისტემის მიხედვით, სოციალურად დაუცველ პირებს, რომლებიც მუშაობას დაიწყებენ, ეს დახმარება არ შეუწყდებათ. პრემიერის განმარტებით, მათ ეს ცვლილება შეთანხმებული აქვთ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ყველა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან, რომლებიც მონაწილეობენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.

მანვე აღნიშნა, რომ ოფიციალური შემოსავლის მიღების შემდეგ, სოციალური დახმარების მიმღებ პირებს, პროგრამის მონეტარული კომპონენტი - ფულადი დახმარება ერთი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ, ხოლო მეორე წელს - შეუნარჩუნდებათ არაფულადი ტიპის დახმარებები, როგორიცაა სხვადასხვა ტიპის ვაუჩერი, სამედიცინო დაზღვევა და სხვა სახის შეღავათები.

„მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ არსებული სოციალური დახმარების გაცემის სისტემა გარკვეულწილად ახალისებდა უმუშევრობას. ჩვენს მიერ შემუშავებული ახალი სისტემა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას საქართველოში, ვინაიდან ის მომენტი, რომ ადამიანი მუშაობის დაწყების შემთხვევაში დახმარებას კარგავდა, გარკვეულწილად იყო ბარიერი იმისთვის, რომ ჩვენს ბევრ მოქალაქეს ოფიციალურად დაეწყო მუშაობა. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში ძალიან დადებით მოლოდინები გვაქვს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.