გაერთიანებული ოპოზიცია: „ოცნებამ“ დიდინეძში ამომრჩევლის მოსყიდვა 400 ლარად სცადა [ვიდეო]
ანა წითლიძემ გადაცემაში „დისკუასია ლაივპრესში“ განმარტა, რომ სოფელ დიდინეძში, სადაც პირველ ტურში მათმა კანდიდატმა გაიმარჯვა, ამომრჩეველს შესთავაზეს 400 ლარი, რადგან მას „დაეტრიალებინა კარუსელი“. ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, მას გააჩნია ფაქტის დამადასტურებელი აუდიოჩანაწერი:
„მე აქ მაქვს ტელეფონში ეს ჩანაწერი. აქ ადამიანი საუბრობს კონკრეტულად, როგორ მივიდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი და როგორ შესთავაზა ერთი ბიულეტენი და უთხრა, როგორ დაატრიალებდნენ კარუსელს. ეს არის ჩვენი მოგებული სოფელი, დიდინეძი. ამ ადამიანის უსაფრთხოების მიზნით ჩვენ მის ვინაობას არ დავასახელებთ“, - განაცხადა ანა წითლიძემ გადაცემაში.
მისივე თქმით, ჩანაწერს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს უახლოეს დღეებში გადასცემს.
თავის მხრივ, მისმა ოპონენტმა, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ზუგდიდის შტაბის უფროსის მოადგილემ, ლაშა გვასალიამ ბრალდება უარყო.
გადაცემა „დისკუსია ლაივპრესში“ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურს დაეთმო.