სკოლას ავტობუსს ზუგდიდის მერია წელს ვერ გამოუყოფს
„აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ 2019 წლიდან ეს პრობლემა მოგვარდეს“, - განმარტავს მერია.
მშობლებმა ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოს სკოლისთვის ავტობუსის გამოყოფის მოთხოვნით სექტემბრის ბოლოს მიმართეს. საქმე ეხება სკოლას, რომელიც დროებით, სარემონტო სამუშაოების გამო სხვა სკოლაში, მეორე ცვლაზე გადავიდა, რამაც ბავშვებს გადაადგილების პრობლემები შეუქმნა. ამბობენ, რომ ზამთრის პირობებში, როცა ადრე ბნელდება, ტრანსპორტი ძნელად დადის, ტაქსით მგზავრობა კი დამატებით ხარჯებს მოითხოვს.
სკოლისთვის ავტობუსის გამოყოფა საკრებულოს სხდომაზეც ითხოვეს. განათლების სამინისტროში გვითხრეს, რომ პრობლემას ზუგდიდის მერია მოაგვარებდა.
ზუგდიდის ხუთი სკოლა აპრილის ბოლოდან სხვა შენობებში აგრძელებს ფუნქციონირებას. მიზეზი სარეკონსტრუქციო სამუშაოებია, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - საქართველოს პროექტის ფარგლებში დაიგეგმა. სამუშაოები გულისხობს სკოლების შენობების სრულ აღდგენას. მათ შორის დამატებით ლაბორატორიების მოწყობას და მაღალი სტანდარტების გარემოს შექმნას.