ოპოზიციას ზუგდიდის მერიისთვის აქციის გამართვის ნებართვაზე არ მიუმართავს
„ეს იქნება აქცია პერფორმანსი. ჩვენ ვაპროტესტებთ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად დანიშვნას. ამ არჩევნებმა ზუგდიდში ყველაზე მძიმედ ჩაიარა. იმისთვის, რომ ზურაბიშვილი გამხდარიყო პრეზიდენტი, „ქართულმა ოცნებამ“ ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ზუგდიდში. ია კერზაია შეეწირა სწორედ „ქართული ოცნების“ რეჟიმს“, - განაცხადა ანა წითლიძემ.
გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, 16 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს ზუგდიდში საპროტესტო აქციის ჩატარებას 11:00 საათზე გუბერნატორის ადმინისტრაციასთან გეგმავს. ზუგდიდის პარალელურად, ოპოზიცია აქციას გამართავს თელავშიც.
საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში, ერეკლე მეორის სასახლის ტერიტორიაზე გაიმართება.