ბლოგები
ორნი ზუგდიდში - ბონდარენკო და თეატრი
სამსახურიდან გამოვედი და ის იყო გზად ბოტანიკურ ბაღში ვსეირნობდი, გვანცამ დამირეკა. პოლიციის სამმართველოსთან ვარ, თუ შეგიძლია დამეხმარეო. დაკითხვაზე ყოფილა ერთ-ერთი საჯარო მოხელე. კორცხელის ინციდენტის ამბები ტრიალებდა... არ დავტოვე მარტო ამ უსასრულობასთან.

დაკითხვის პარალელურად, რა თქმა უნდა შეიკრიბნენ „გულშემატკივრებიც“. რამდენიმე ნაცნობის ნახვაც არ გამკვირვებია და გამოველაპარაკეთ ერთმანეთს... მათ შორის ერთ-ერთმა მითხრა - „სამინისტროდან დამირეკეს, ბონდარენკო ჩამოგვყავს ზუგდიდში და ორგანიზება შენ გევალებაო“. ცოტა დამწუხრებულმა უმალ დააყოლა - „მეშინია ხალხი რომ არ მოვიდესო“... ღიმილით ვუთხარი - მოვა, სად დაატევ მაგაზე იფიქრე-მეთქი...

ზუსტად ორი დღის შემდეგ, რა თქმა უნდა როგორც ყველა, ჟურნალისტი თუ ოპერატორი, წავედით ბონდარენკოს დასახვედრად... მესხიას უნივერსიტეტის ეზოში ზღვა ხალხი შეკრებილა. დამხვდა ახალგაზრდების მომლოდინე თვალები, ფერადი ტუჩსახები, მღელვარების კანკალი და აშკარად შესამჩნევი აჩქარებული გულისცემა...

და აი ისიც, შავი „იქს 6“ შემოსრიალდა ლურჯფასადიანი შენობის ეზოში. ბოდიში, შემოსრიალება ვინ აცალა, მაშინვე ხალხის ნაკადმა დაფარა ეს სანატრელი ავტომობილი და გამაყრუებელი კივილი გაისმა ირგვლივ... მანქანიდან გადმოვიდა „პრინცი“ და სულ იაპონური ბრძოლის ილეთებით „იგერიებდა“ მოტრფიალე გოგონებს... და რა „ბედნიერი“ ვიქნებოდი იმ დღეს, მხოლოდ ეს რომ მენახა... მესმის, სასურველი მამაკაცის ნახვისას აფორიაქდნენ და ზოგიერთი მათგანი ორგაზმსაც კი განიცდიდა ალბათ, მაგრამ თქვენ! დიახ, თქვენ, მისაბაძო მაღალჩინოსნებო, დიახ თქვენ საკრებულოს თავმჯდომარევ და კიდევ ბევრნო... თქვენთან მაქვს კითხვა, - რატომ მისდევდით „პრინცს“ ქოშინით? ზუგდიდში ბევრი მინახავს ჩამოსული, მაგრამ მან რით დაიმსახურა მერიასა თუ საკრებულოში სადილი? ამაზე პასუხები აუცილებლად გექნებათ დაზეპირებული. ვნახე კიდეც რამდენიმე ადამიანის ერთი და იგივე დაზუთხული კონტრარგუმენტი...

და საერთოდ, რატომ გადავწყვიტე დამეწერა ეს ყველაფერი...

დღეს დავინახე თქვენი უპატივცემლობა შინაურების მიმართ. დღეს, როცა დადიანების სასახლის ეზოში კამერით ხელში მივედი, გადამეღო სპექტაკლი და გამეგო მაყურებელი საზოგადოების აზრი, საზოგადოების, რომელშიც ალბათ თქვენც მოიაზრებით, დამხვდა სრულიად სხვა სურათი. მარჯანიშვილის თეატრის ოცამდე დაბნეული მსახიობი წვიმაში იდგა და ელოდა... რას? არა, არც არაფერს, თქვენ ყოველშემთხვევაში - არა. დაგირეკავთ და გითქვამთ - წვიმსო. ქოლგები სახლში დაგრჩათ, თორემ აუცილებლად მიხვიდოდით... უბრალოდ წვიმის გადაღებას ელოდნენ, თუნდაც იქ მისული მე და კიდევ ორი ადამიანი ვესიამოვნებინეთ. ცდილობდნენ რაიმე ალტერნატიული გამოსავალი მოეძებნათ, მაგრამ თქვენ კვლავ არ ჩანდით, არც გამოჩნდებოდით, იმიტომ რომ აქ ქართველი მსახიობები იყვნენ და არა „პრინცები“...

და კიდევ, 26 ივნისს ქართული ესტრადის „სტარებს“, შინამანიქენას შემქმნელს და სხვებს, 9 210 ლარს რომ ახარჯავთ, ამ ადამიანებმა რატომ ვერ „დაიმსახურეს“ ყურადღება მაინც?... არ მაქვს იმედი კითხვებზე ვინმე გულწრფელად მიპასუხებს, და არც იმის იმედი მაქვს, რომ რაიმე საპატიო მიზეზები გაქვთ (ძალიან მინდა, რომ მჯეროდეს)... ასე რომ, მე ჩემი ვთქვი!

„ია ტებე კოხაიუ“ - ეს უფრო გესიამოვნებათ!