ცოცხალი ისტორიები
ქეთო ნინიძე - მეღვინე
FaceBook Twitter
E-mail Print
ქეთო ნინიძე ახალგაზრდა მეღვინე ქალია, რომელსაც მარტვილში ქმართან ერთად გადაშენების პირას მყოფი მეგრული და აფხაზური ჯიშის ყურძნის კალმებისგან ნერგები გამოჰყავს. მათ მიერ დაყენებული ღვინო იყიდება როგორც თბილისის, ქუთაისის და ბათუმის, ისე აშშ-ის რამდენიმე ბუტიკური ღვინის ბარში, ასევე შეკვეთებს იღებენ სხვა ქვეყნებიდანაც. მათ შორის ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან და უკვე იაპონიიდან.

* * *
ორი კვირაა ზაფხული დადგა, რესტორანი კი ისევ გაზაფხულის მენიუზე მუშაობს. ბოლო დროს ისეთი დატვირთული გრაფიკი მქონდა, დრო არ დამრჩა, ახალი სეზონის მენიუსთვის მიმეხედა. წელს ღვინის ექსპორტზე 7 ქვეყნიდან მქონდა შეთავაზება და რადგან ძალიან მცირე რაოდენობით ღვინოს ვაწარმოებ, დაფიქრება მომიწევს, როგორ გავანაწილო. დავიწყებთ იმ ქვეყნებიდან, სადაც ბუნებრივ, ქვევრის ღვინოს განსაკუთრებით აფასებენ. მათ შორის ერთ-ერთი პირველი იაპონიაა. სწორედ ამ დღეებში ვაგზავნით მე („ოდა") და ჩემი ქმარი მეგობრებთან ერთად (Vino M'ARTville) ღვინოებს იაპონიაში.


ბოთლირებისა და ეტიკეტირების პროცესი მექანიკური სამუშაოა და საკმაოდ დამღლელი, თუმცა ეს მომქანცველი შრომა მოტივაციას ვერაფერს აკლებს, როცა შედეგებზე ფიქრობ - მარტვილში მოწეული ოჯალეში იაპონიის ღვინის ბუტიკურ ბარებში! ყოველ ღამით, ბავშვები რომ დაიძინებენ და გოგოები სამზარეულოს მიაწკრიალებენ, ვცდილობ საკუთარი თავი ყავისა და მყუდროობის რიტუალით დავაჯილდოვო. ელექტრონული წიგნების ბიბლიოთეკაში ვხსნი არჩილ ქიქოძის „სამხრეთულ სპილოს", რომელსაც ზუსტად 2 კვირაა ვიწყებ და... სავარძელში კისერგაშეშებულს მამლების ყივილი მაღვიძებს. დილის 4 საათზე საძინებელში გადავინაცვლებ.

* * *
გუშინ სტუმრად Al Jazeera-ს გადამღები ჯგუფი გვყავდა, რომლებმაც ელარჯის მომზადება, მთელი გაწელვა-დაგემოვნების პროცესით გადაიღეს. მოუსვენარი და ცქვიტი შოუმენი ბიჭი აქა-იქ ჩემთვის ნაცნობ სიტყვებსაც ახსენებდა. მაგალითად, ყურში „ტაბლა" თუ „ტაბაკი" მომხვდა. ისე, შარშან ერთ-ერთმა სტუმარმა, ფრანგმა ანთროპოლოგმა მითხრა, რომ „ოდაც" არაბული სიტყვაა და სახლს ნიშნავს. არ ვიცი, რამდენად მართალია.

გუშინვე, საღამოსკენ ჩეხი მეღვინეები გვესტუმრნენ, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ქვევრის ღვინის დაყენებით. ვისაუბრეთ ქვევრის, როგორც სადუღარი და სავარგებელი ჭურჭლის უპირატესობებსა და თანამედროვე მექვევრეობის გამოწვევებზე. დღეს კი, არაჩვეულებრივი გოგო და პროფესიონალი გიდი, ქეთი ახობაძე გვეწვია თავის ჰოლანდიელ სტუმრებთან ერთად, რომლებიც საქართველოში ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმების პროფესიული გადამზადების პროგრამას უძღვებიან. ქეთიმ დიდი ხნით ადრე ჩამანიშნინა ჯავშანი და როგორც სჩვევია, ყველაფერი საათივით აწყობილი ჰქონდა. რაღაცნაირად, ჩვენს ნაცნობებსა და უცნობებშიც ასე დამკვიდრდა, რომ „ოდა" ერთ-ერთ იმ ადგილთა შორისაა, სადაც უცხოელი მეგობარი-პარტნიორი სიამაყით მიჰყავთ, რადგან ელიან გულთბილ მასპინძლობას, გემრიელ კერძებსა და ღვინოებს. მიხარია და ვამაყობ ჩემი გუნდით.

* * *
ახალი და არც თუ კარგი ამბავი ისაა, რომ საზაფხულო შეთავაზებებში წელს ფოლკლორული სიმღერები არ გვექნება. შეთანხმებულ ჰონორართან დაკავშირებით გაუგებრობები შეიქნა. ერთ-ერთი, ვისაც ჩვენთან უნდა ემღერა, დაჟინებით მიმტკიცებდა, რომ შეთავაზებული ანაზღაურება ხელოვანთათვის დამამცირებელია. მაშინ, როდესაც საქართველოს სკოლებისა და უნივერსიტეტების აბსოლუტური უმრავლესობა აკადემიურ პერსონალს, მათ შორის სამეცნიერო ხარისხის მქონე პედაგოგებს, ამაზე ნაკლებ ანაზღაურებას სთავაზობს. ასე განსაჯეთ, რომელი პროფესია უფრო მეტ რისკთან, პასუხისმგებლობებთან, გავლენასთან და შრომასთანაა დაკავშირებული. არადა, ჩვენს გარშემო ადამიანები უმუშევრობაზე წუხან და ჩივიან, რომ რეგიონებში ხალხური სიმღერების შემსრულებელს არანაირი გასაქანი არ აქვს. ბუნებრივია, კარგი იქნება პატარა ქალაქებში ფოლკლორული გუნდებისთვის სრული განაკვეთის სამუშაო ადგილებიც გამოჩნდეს, თუმცა მანამდე, სანამ ისინი სიმღერას სხვა სამსახურებს უთავსებენ, რეალურ პარტნიორებს რატომ უყენებენ ასეთ მაღალ მოთხოვნებს, ჩემთვის დიდ გამოცანად რჩება.

გულს არ ვიტეხ, მალე აღმოვაჩენ 2 მოყვარულ, ჩემსავით მოხეტიალე მუსიკოსს, რომელთათვისაც სიმღერა ცხოვრების წესია, ურთიერთობა და სილაღეა. მე მჯერა ასეთი შეხვედრების. ისიც მჯერა, რომ ოდას მალე თავისი გუნდი ეყოლება, რომელიც საკუთარ სიტყვას იტყვის. სწორედ ასე გადავეყარე არაჩვეულებრივ ზაირა დეიდას, რომელიც ჩვენი უამრავი უცხოელი სტუმრისთვის სამეგრელოს ელჩი გახდა - აქაური სტუმართმოყვარეობის, მეგრელი დიასახლისის მოხერხებულობისა და ეშხიანობის სიმბოლო. ხშირად ხდება, სრულიად მოულოდნელად Instagram-ზე უცხო ხალხის ალბომებში მის სურათს გადავაწყდები ხოლმე, როგორ წელავს ელარჯს, ან გადაზელს გებჟალიას, კომენტარებში კი ვკითხულობ „Love this place“. (მიყვარს ეს ადგილი). ბუნებრივია, გული არ მითმენს, კომენტარის ავტორის შესახებ მეტი არ გავიგო და მის გვერდზეც რომ ზაირა დეიდას ფოტოებს აღმოვაჩენ ჩვენს ფაცხაში, ერთ რამედ ღირს!

საერთოდ, ადგილობრივი თემების ჩვენს პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით მრავალფეროვანი იდეები მაქვს და სულ მალე დავიწყებ მათ სისრულეში მოყვანას.

* * *
ამას წინათ კალიფორნიიდან წერილი მივიღე. ვიღაც გულითად მადლობას მიხდიდა რიგიანი მასპინძლობისთვის, გემრიელი კერძებისა და კარგი ღვინოებისთვის. მოულოდნელი და შეუფასებელი სიხარული იყო ეს ხელნაწერი ღია ბარათი ციფრული კომუნიკაციის სამყაროში. გაკრული ხელით იყო ნაწერი და ვინაობის ამოკითხვაში ტექსტოლოგი დედის დახმარება დამჭირდა. დიდი კვლევა-ძიებისა და ხელნაწერის მეცნიერული ანალიზის შემდეგ ავტორობის საკითხი დავადგინეთ - ნიუ-იორკში მცხოვრები, ცნობილი შვედი ჟურნალისტი არნომურელი უსი ყოფილა, რომელიც ჩვენთან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დახმარებით აღმოჩნდა, 2018 წლის სეზონს გახსნის დღეს.

როგორც წესი, სტუმრები მიდიან, მაგრამ ჩვენი მეგობრობა, მიმოწერა გრძელდება. ბევრი მათგანი ჩვენზე სტატიებსაც წერს, მაგალითად ღვინის მწერალი, სტივ სლეტჩერი, რომელმაც მარტვილის ოდაში სტუმრობას ცალკე პუბლიკაცია მიუძღვნა http://www.winenous.co.uk/wp/archives/11769, ან ვიკი დენიგი, რომელიც შარშან აშშ-ს მედიაჯგუფთან და ცნობილ მარკეტოლოგ ჯული პეტერსონთან ერთად გვესტუმრა. თავად ვიკიმ სულ ახლახანს „Tasting Table“-ში მსოფლიოში ღვინის საუკეთესო ეტიკეტებს შორის მეორე ადგილზე ჩემი თეთრი ოჯალეშის ეტიკეტი დაასახელა https://www.tastingtable.com/drinks/national/custom-wine-label-design-art. მისმა მეგობარმა - ნიკ ჰაინემ კი „Atlas Obscura“-ში ქართულ ქვევრის ღვინოს ძალიან მაღალი კვალიფიკაციის, ღრმა, ინფორმაციული სტატია მიუძღვნა. პუბლიკაციის მომზადებისას ელფოსტით ვთანამშრომლობდით და ჩემმა გამოცდილებამაც ამ სტატიაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა - ფაქტობრივად, ამბის თხრობის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი აღმოვჩნდი ჩემს დიდ ბაბუასთან, ილია კიკნაველიძესთან და რამაზ ნიკოლაძესთან ერთად https://www.atlasobscura.com/articles/how-is-georgian-wine-made. სულ ცხელი ამბავია.

* * *
დატვირთული კვირის ბოლოს ძალზე სასიამოვნო სიახლის შესახებ ელექტრონული ფოსტით შევიტყობ - ჩემმა პროექტმა, რომელიც „ოდაში“ ფერმიდან ტაბლამდე (Farm2Table) კონცეფციის განსხეულებას ითვალისწინებდა, USAID Zrda Activity in Georgia-ს პროგრამის კონკურსში მხარდაჭერა მოიპოვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სულ მალე ოდა ზუგდიდელ ფერმერებთან დაიწყებს თანამშრომლობას, მათ დახმარებას საჭირო აღჭურვილობით და ამ ფერმერების პოპულარიზაციას, შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში ზოგადად, მომხმარებელთა შორის ცნობიერების ამაღლებასაც შევეცდებით საკვების მომწოდებელი წყაროების, ჯანსაღი პროდუქტისა და ნელი კვების გარშემო. ჩვენ კი პროფესიონალური სარესტორნო ტექნიკით აღვიჭურვებით. მარტვილელი ფერმერები არ მიწყენენ, ეს კონკრეტული პროექტი მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს დაფარავს.

საერთოდ, საქმიანობების, სფეროების, საკითხების დასაკუთრება არასდროს მახასიათებდა და ვფიქრობ, მხოლოდ მოწყვლადი ხასიათის ნიშანია თანამშრომლობის, ან სხვისი აღიარების შიში. ძველი მეგრული ჯიშების საკითხის ექსკლუზიურად მიკერძოების მცდელობა არც Vino M'ARTville-ს, არც თარგამეულის მარანს და არც ოდას არ ჰქონია. პირიქით, მიუხედავად იმისა, ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც ჭვიტილურის, ჩეჭიფეშის, კოლოშის, მაჭყვატურის ვენახები გააშენა და მალე მათგან მხოლოდ საკუთარი მოსავლის ღვინოებსაც დავწურავთ (თარგამეულის მარანმა თავისი პირველი მაჭყვატური უკვე დააყენა), არ ვცდილობთ ამ საქმის პრივატიზებას. ნაცნობებსა და უცნობებს რამდენიმე წელია, სწორედ ძველი მეგრული ჯიშების გაშენებისკენ მოვუწოდებთ. მეორე მხრივ, მაკვირვებს სხვების მცდელობა, წინამორბედების უგულებელყოფის ხარჯზე საკუთარი ძალისხმევა, როგორც პირველი, წარმოაჩინონ; ამტკიცონ, რომ მათ მოღვაწეობამდე არავის სჯეროდა სამეგრელოში იშვიათი ჯიშების დიდი პოტენციის.


* * *
დღეს ფერმერთა სათათბიროს მეღვინეობის ჯგუფის შეხვედრა ჩატარდა. სათათბირო დიდი ხანი არ არის, რაც საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ბაზაზე დაფუძნდა და უკვე ძალიან მოქნილ, გავლენიან სამოქალაქო სტრუქტურად ჩამოყალიბდა აგროსფეროში.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციასა და სათათბიროში სწორედ ამიტომ გავწევრიანდი; ყოველ შეხვედრაზე საკმაოდ გრძელ გზას ამიტომ გავდივარ - ეს ერთ-ერთი იმ იშვიათ ასოციაციათაგანია, რომელიც ნომინალურად კი არ არსებობს, როგორც მრავალი, არამედ ნამდვილად არის შესაძლებლობების ზრდისა და თანამშრომლობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი პლატფორმა, ცოცხალი, აწყობილი და მოქნილი სტრუქტურა, რომლის თითოეული რგოლი თავს არ ზოგავს საერთო მიზნისთვის. ამ მხრივ ფერმერებს უდავოდ გაგვიმართლა. დანარჩენი ჩვენს ხელთაა - რამდენად პასუხისმგებლობით, მოწადინებით მოვეკიდებით ჩვენს საქმეს. სხვისი წყალობის მომლოდინენი ვიქნებით, თუ თავად შევქმნით ცოცხალ სამოქალაქო სუბიექტს.

შეხვედრის პირველი ნაწილი ღვინის მწარმოებლებმა, სწორედ დარგში არსებული პრობლემების განხილვას დავუთმეთ. მეორე ნაწილში კი ბიომევენახეობის თემაზე სემინარი ჩაგვიტარა დარგის სპეციალისტმა - გიორგი ბარისაშვილმა. გარდა იმისა, რომ მისი ნაშრომების წაკითხვა ყოველთვის საინტერესო და ტევადია, არ შემიძლია არ ვთქვა, რომ როცა მოუბარი სასაუბრო საკითხს სიფრთხილით და სიყვარულით ეხება, თვალებში კი სიხარულის სხივი უკრთის, ასეთ დისკუსიებსა და შეხვედრებს სულ სხვა ლაზათი აქვს.

კვირის ბოლოს მარტვილში ვბრუნდებით. ოლიკო ბებიასთან, თბილისში რჩება. ჩვენი ოჯახის შემთხვევაში ყველაფერი პირიქითაა - ბავშვები არდადეგებზე ქალაქში ისვენებენ, ჩვენ კი, შვებულების ნაცვლად, ყველაზე აქტიური სამუშაო რეჟიმით ვცხოვრობთ.
Print E-mail
Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.