ცოცხალი ისტორიები
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
ტრანსგენდერი ქალი, მონიკა თიგიშვილი ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობის“ თელავის ოფისის ხელმძღვანელია. გასულ კვირაში ის ზუგდიდში იმყოფებოდა და საინფორმაციო შეხვედრები გამართა. მონიკა თიგიშვილი ზუგდიდში პირველი ვიზიტის შთაბეჭდილებებს „ცოცხალი ისტორიების“ მკითხველს უზიარებს.

***
კვირას ავიღე მატარებლის ბილეთი, რომელიც დილის 8:00 საათზე გადიოდა. დილის 11:00 საათზე გამეღვიძა შფოთვით. გავიქეცი რკინიგზის სადგურზე. სამწუხაროდ, მატარებლით ვეღარ ვიმგზავრებდი. ეს ფაქტი სამწუხარო მანამ მეგონა, სანამ ავტობუსში ჩავჯდებოდი და თბილისიდან ზუგდიდამდე ვიმგზავრებდი. ეს ჩემი პირველი მგზავრობა იყო სამეგრელოსკენ. მძღოლის გვერდზე სკამზე ვიჯექი. როგორც მგზავრები, ისე მძღოლი ძალიან საყვარლები შემხვდნენ. ვსაუბრობდით და ვუთხარი, რომ ზუგდიდში პირველად მივდიოდი. მძღოლმა მითხრა, ისეთი საყვარელი ხარ, რომ იქ უნდა გაგათხოვოთო, მეც ავყევი ამ ხუმრობაში და მთელი 6 საათი სიცილ-კისკისში გავატარეთ.

***
საინფორმაციო შეხვედრა ჩავატარე ზუგდიდის რესურსცენტრის ბენეფიციარებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის. დამსწრეებიდან თითქმის არცერთი, აქამდე ტრანსგენდერ ადამიანს პირადად არ შეხვედრია, ამიტომ, კითხვებიც, რომლებსაც ისინი მისვამდნენ, მრავალფეროვანი იყო. ყველანი შთაბეჭდილებებით დავშორდით. მე აღფრთოვანებული ვიყავი მათი ღიაობით და ცნობისმოყვარეობით, ისინი ჩემი გამოცდილებებით. ამან დიდი სტიმული მომცა, რომ ლგბტ აქტივიზმში მეტი წვლილი შევიტანო. მე მიხარია, რომ ზუგდიდში ჩამოვედი და ასე დამხვდნენ.
საღამოს დადიანების სასახლე მოვინახულე. ძალიან მომეწონა. სეირნობის შემდეგ მე და ჩემი მეგობრები „მანქანებზე“ ვისხედით და „ვგონკაობდით“. ძალიან სასიამოვნოდ გავატარე ის საღამო.

***
მეგრელების მიმართ ცოტა სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. მეგონა, რომ არასტუმართმოყვარეები იყვნენ და გამიჭირდებოდა მათთან საერთო ენის გამონახვა, თუმცა, სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. ძალიან საყვარლები და ძალიან კეთილგანწობილები იყვნენ. საღამოს ადგილობრივ ბარ „მეგობარში“ ვიყავი. ვიმღერე კიდეც. ვიღაც ბიჭმა ბილიარდის თამაში მასწავლა, ჯოხის სწორად დაჭერა, ბურთისთვის დამიზნება და სწორად დარტყმა.

***
დღეს სამეგრელოში ყოფნის ჩემი ბოლო დღეა. აქამდე არასდროს ვყოფილვარ ზღვაზე ქალის საცურაო კოსტიუმით, ამიტომ, მეგობრებმა გადაწყვიტეს ჩემთვის საჩუქარი გაეკეთებინათ.
მიუხედავად ცუდი ამინდისა, მაინც წავედით ანაკლიაში და ვიბანავეთ. უამრავი დადებითი ემოციით ვტოვებ სამეგრელოს.

***
უკვე თელავში ვარ. იყო ლგბტ აქტივისტი რეგიონში ძალიან რთულია. გვიწევს ბრძოლა უფლებებისთვის, როგორც ზუგდიდში ისე თელავში. მე მჯერა, რომ მალე ყველაფერი შეიცვლება და ჩვენ საზოგადოების განწყობებს დადებითისკენ შევცვლით. ჩემი ყოველი ნაბიჯი ზუსტად ამისკენაა მიმართული. მინდა საზოგადოებას დავანახო, რომ ტრანსგენდერი ადამიანები ამ საზოგადოების სრულუფლებიანი მოქალაქეები ვართ. ჩვენც ზუსტად იგივე ემოციებით, განცდებით და წარსული გამოცდილებებით, როგორც ნებისმიერი ადამიანი.

***
დღეს დასვენების დღე მაქვს. განსაკუთრებული არაფერი ხდება. გონებაში ვალაგებ როგორ უნდა გავხადო ოფისის მუშაობა უკეთესი, ახალ გეგმებს ვაწყობ.

***
ზუგდიდის ემოციებს ჯერ ისევ ვერ ვივიწყებ. უკვე ვგეგმავ მომდევნო ჩასვლას. რაც მალე, მით უკეთესი. მა მიორს ზუგდიდი!
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ვიდეორეპორტაჟი