კომენტარი
სოხუმელი ავტომრბოლელი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით პირველად იასპარეზებს [ფოტო]
ბულგარეთში მცხოვრები ავტომრბოლელი, სოხუმელი დავით კვარაცხელია წელს პირველად იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატში საქართველოს სახელით. შეჯიბრს, ყველა გამარჯვებას სოხუმს და სოხუმელებს უძღვნის. ავტომანქანაზე ინგლისურენოვანი წარწერა აქვს გაკეთებული - „სოხუმი საქართველოა“. საკუთარ წარმატებაზე, წარმატებამდელ სირთულეებზე და სამომავლო გეგმებზე „ლაივპრესი“ ავტომრბოლელს ესაუბრა.

ლაივპრესი: თქვენს მეწყვილესთან ერთად საქართველოს სახელით მონაწილეობას მიიღებთ ევროპის ჩემპიონატში. სად და როდის გაიმართება შეჯიბრი?

დავით კვარაცხელია: ევროპა რალში გაყოფილია შვიდ რეგიონად. ჩემი რეგიონი არის ბალკანეთის რეგიონი. მასში შედის კიპრი, თურქეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი, სერბეთი და რუმინეთი. შარშან ამ რეგიონში გავხდი ვიცე ჩემპიონი და ბალკანეთის ნომერ პირველი შტურმანი. პირველი შეჯიბრი იქნება ბულგარეთში, ვარნაში 19 მაისს. 19,20,21 - სამ დღეს გასტანს. მე შტურმანი ვარ. ჩემი მეწყვილე პილოტია ლეგენდარელი ბულგარელი პლამენ სტაიკოვი. ჩვენ გადავწყვიტეთ გამოვიდეთ საქართველოს სახელით და შეჯიბრება მივუძღვნა როგორც ყოველთვის სოხუმს და სოხუმელებს.

ლაივპრესი: რამდენი ხანია საქართველოს სახელით არ გიასპარეზიათ?

დავით კვარაცხელია: არასდროს არ მიასპარეზია საქართველოს სახელით. ბულგარეთის მოქალაქე ვარ და გამოვდიოდი ბულგარეთის სახელით. ეს იქნება პირველი. ჩვენ დავაარსეთ საქართველოში სპორტული კლუბი, რომელსაც ქვია „სტაიკოვ-რეისინგ ჯორჯია“. მისი პრეზიდენტი გახლავთ დევნილი სამაჩაბლოდან, საქართველოს ცნობილი ავტომრბოლელი ზურაბ ბაბუციძე.

ლაივპრესი: ლიცენზია შეჯიბრისთვის როდის მიიღეთ?

დავით კვარაცხელია: ლიცენზია 22 თებერვალს მივიღეთ.

ლაივპრესი: რადგან თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი ჯერ ზუგდიდს, მერე აფხაზეთს, კერძოდ სოხუმს უკავშირდება, რა იციან თქვენზე აფხაზებმა? თუ გყავთ აფხაზი მეგობრები და ინარჩუნებთ თუ არა მათთან კავშირს, უყვებით თქვენს მიღწევებზე?

დავით კვარაცხელია: რა თქმა უნდა მყავს ძალიან ბევრი აფხაზი მეგობარო. მთელი ბავშვობა იქ გავიზარდე. იციან კიდევაც ჩემზე. ერთ-ერთ შეჯიბრზე ჩემი აფხაზი ახლობელი, მეგობარი ესწრებოდა შეჯიბრს. სპეციალურად ჩამოვიდა ამ დღისთვის დაახლოებით ორი წლის წინ. მაშინ პირველი ადგილი დავიკავე. ასე რომ, ძალიან კარგი ფეხით იყო ჩამოსული.

ლაივპრესი: სხვა აფხაზ მეგობრებთანაც ინარჩუნებთ კავშირს?

დავით კვარაცხელია: კი, ბევრი აფხაზი მეგობარია საქმის კურსში ჩემს შეჯიბრთან დაკავშირებით. ისიც ძალიან კარგად იციან, რომ ჩემს მანქანას აწერია - „სოხუმი საქართველოა“ ინგლისურად. ამას გარკვეულწილად თავისი გამართლება აქვს, დავითი სოხუმელია, დავითი ქართველია და ამიტომ.

ლაივპრესი: რატომ გადაწყვიტეთ ამ წარწერის ავტომანქანაზე განთავსება? მეტი ადამიანისთვის გინდოდათ ხმის მიწვდენა, ამ ინფორმაციის მიწოდება?

დავით კვარაცხელია: სანამ დავიწყებდი ჩემპიონატზე გამოსვლას, ყოველთვის მინდოდა აღმენიშნა, რომ სოხუმელი ვარ, საქართველოდან ვარ და ეს გარკვეულწილად დამეფიქსირებინა, მთელი ევროპისთვის გამეგებინებინა. 2014 წელს შემთხვევით ვნახე, თუ როგორ უჭირავს თენგიზ პაჭკორიას (ქართველი ჟურნალისტი. ავტ.) სოჭის ოლიმპიადაზე წარწერა. სურათი „ფეისბუკში“ ვნახე და ძალიან მომეწონა იდეა. საერთოდ გამარჯვებას ვუძღვნი სოხუმს და სოხუმელებს, მინდა მოვეფერო მათ და გარკვეული იმედი მივცე, ბრძოლისუნარიანობა, რომ მიუხედავად ტრაგიკული წლებისა, რაც აფხაზეთში განვითარდა, ჩემი გამოსვლა და შეჯიბრებები სტიმული ყოფილიყო იმის, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ოცნებით ვერაფერს მიაღწევ. იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიო, ეს იქნება პოლიტიკური, სპორტული, ბიზნესი თუ სხვა, ყოველთვის უნდა იბრძოლო და ამ ბრძოლით, შრომით შეიძლება მიაღწიო გამარჯვებას. როცა ვამბობ სოხუმი და სოხუმელები, ვგულისხმობ, რომ ყველას ერთნაირად ვუძღვნი ჩემს შეჯიბრებას, ქალაქს, სადაც არ იყო ეროვნება. ეროვნება იყო სოხუმელობა.

ლაივპრესი: ხომ არ გსმენიათ აფხაზების რეაქციები ამ ყველაფერზე? ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ სპორტის პოლიტიზირებას ახდენთ. აფხაზების ნაწილს აღიზიანებს მსგავსი ლოზუნგები, რომ სოხუმი საქართველოა.

დავით კვარაცხელია: ზოგადად სპორტში, განსაკუთრებით ჩემს სპორტში გამორიცხულია მიაწერო ის, რაც იწვევს პოლიტიზირებას, ან რელიგიური თვალსაზრისით გააკეთო რამე წარწერა. თქვენ როგორც აკვირდებით, ჩემს მანქანას არსად არ აწერია, რომ მე ქრისტიანი ვარ. მეც ამ შემთხვევაში არ მაქვს მხედველობაში და არ ვფიქრობ, რომ პოლიტიზირებას ვახდენ თემის. ამაზე მიჩივლა კიდეც ერთ-ერთმა კონკურენტმა, რომ დავითს, დავიდონეს, როგორც ზედმეტსახელად მეძახიან, მანქანაზე ასეთი წარწერა აქვსო. მაგრამ ჩემმა ადვოკატმა დაუმტკიცა, რომ პოლიტიზირება არ ხდება, რადგან, თუ ვიმსჯელებთ საერთაშორისო კანონით, სოხუმი საქართველოა. ამიტომ კანონსაც არ ვარღვევ. მე თვითონაც არ ვარ პოლიტიზირებული.

ლაივპრესი: თქვენს მეგობრებსაც აქვთ როგორც ვიცი იგივე წარწერა ავტომანქანაზე.

დავით კვარაცხელია: მას შემდეგ, რაც ჩემმა კოლეგებმა გაიგეს, თუ საიდან ვარ, გაეცნენ ჩემს ისტორიას და ბევრი სტატიაც დაიბეჭდა ჩემზე ბულგარეთში, თუ არ ვცდები შარშანწინ იყო, როცა მოულოდნელად სასიხარულო რამ გამიკეთეს. ყველა ძალიან ცნობილმა პილოტმა და ეკიპაჟმა თავიანთ მანქანას მიაწერა - „SOKHUMI-GEORGIA". ბულგარეთის ერთ-ერთმა ფრენბურთის გუნდმაც ჩემი ჩემპიონობის პატივსაცემად მაისურებზე დაიწერა იგივე ტექსტი. ამით მათ გარკვეულწილად გამოხატეს ჩემს მიმართ, სოხუმელების, საქართველოს მიმართ სოლიდარობა. ჟურნალისტებიც სტატიებში აღნიშნავენ, რომ მე ყველა შეჯიბრის სწორედ სოხუმს და სოხუმელებს ვუძღვნი.

ლაივპრესი: რთული იყო ის გზა, რაც გაიარეთ, რომ გეპოვათ საკუთარი თავი ბულგარეთში, იქ, სადაც დღეს ხართ?

დავით კვარაცხელია: როგორც ყველა ემიგრანტისთვის, ჩემთვისაც რთული პერიოდი იყო - ომის შემდეგ სხვის ქვეყანაში დამკვიდრება, ენის ბარიერი.. სოხუმიდან ჩამოსულ კაცს რა უნდა ქონოდა ფინანსურად? უცხო ქვეყანაში რომ დაემკვიდრო, ალბათ ბევრი უნდა იშრომო და იღბალიც უნდა გქონდეს. ჩემდა სასიხარულოდ, მე და ჩემს ოჯახს აღმოგვაჩნდა ეს იღბალი, რომ შევხვედროდი კარგ ადამიანებს და დღემდე მომეყვანა ჩემი თავი. თვითონ საავტომობილო სპორტში აქ ჩემს მიერ გარკვეული კანონებიც იქნა დარღვეული, სახელმწიფო კანონები, რადგან 90-იან წლებში ვაწყობდი უკანონო ღამის რბოლებს. ასე გამიცნეს უფრო ბულგარელებმა და გამიცნეს, როგორც ავტომობილის სპეციალისტი. მე სოხუმში დამთავრებული მაქვს საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი, მექანიზაციის ფაკულტეტი. ვარ ინჟინერ-მექანიკოსი, მეცნიერებათა კანდიდატი. აქედან დაიწყო პრაქტიკულად გაცნობა როკერების, ავტომრბოლელების. მიუხედავად ჩემი მაშინდელი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა, ყოველთვის ვცდილობდი, რომ რასაც ვერ მივაღწიე საქართველოში ავტოსპორტის მხრივ, ბულგარეთში მიმეღწია. გამომივიდა კიდეც. საავტომობილო სპორტში წარმატება მარტო შენი ცოდნით არ მიიღწევა. სპორტის ეს სახეობა ძალიან ძვირია. ამიტომ მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი კომპანიის ხელმძღვანელობას. Caucasus online-ის გენერალურ დირექტორ ნიკა ჭიაურელს, GREENNET-ის გენერალურ დირექტორ ლევან ჩაჩუას, ასევე ჩვენს პარტნიორს და მეგობარს SOFIA CONNECT იულიან ნუშევს. ძირითადად ესენი არიან, რომლებიც მხარს უჭერენ ჩვენს ეკიპაჟს ფინანსურად და მოხარულები არიან, რომ ამ შეჯიბრს ვუძღვნი სოხუმს და სოხუმელებს.

ლაივპრესი: ბავშვობიდან იწყება ხომ თქვენი გატაცება ავტოსპორტით?

დავით კვარაცხელია: დიახ. მამაჩემიც ავტოინჟინერი იყო. დღეს არავის გაუკვირდება პატარა ასაკში მანქანის ტარება, მაგრამ იმ პერიოდში უკვირდათ. მამასაც მოსწონდა, რომ ასეთ პატარა ასაკში კარგად ვფლობდი ავტომობილს და ხელს მიწყობდა. პროფესიადაც ეს ავირჩიე, ავტოინჟინერი გავხდი.

ლაივპრესი: გარდა რალისა, რას საქმიანობთ?

დავით კვარაცხელია: მე გახლავათ კომპანია „CAUCASUS CABLE SYSTEM BULGARIA-ს" ადმინისტრაციული დირექტორი. ჩვენ გავიყვანეთ ბულგარეთიდან ზღვის ფსკერზე ოპტიკური კაბელი ფოთამდე. აქედან ჩვენს მიერ მიდის ინტერნეტის მიწოდება მთელ ამიერკავკასიაში.

ლაივპრესი: რომელ ჩემპიონატებში მიგიღიათ მონაწილეობა?

დავით კვარაცხელია: ძალიან ბევრ ჩემპიონატში მიმიღია მონაწილეობა. ძირითადში ეს იყო ბულგარეთი, რუმინეთი, სერბეთი. შარშან ბულგარეთის ჩემპიონიც გავხდი. ვარ ბალკანეთის ვიცე-ჩემპიონი და ნომერ პირველი შტურმანი. ყველაზე დიდი მიღწევები მაინც იყო შარშან, როცა ყველა შეჯიბრში ვიყავი აბსოლუტური ჩემპიონი, გარდა ერთისა, სადაც ავტომობილს ტექნიკური პრობლემები შეექმნა და ეკიპაჟი გამოვეთიშეთ.

ლაივპრესი: საქართველოში დაბრუნებას თუ ფიქრობთ?

დავით კვარაცხელია: ცოტა ძნელი თემაა. მე იმდენად გავიდგი ფესვები ბულგარეთში.. ჩემი შვილები აქ დაოჯახდნენ. სიძეები ბულგარელები მყავს. სოხუმში თუ იქნება დაბრუნება, სოხუმი უფრო მიმიზიდავს.. დაბრუნება საქართველოში..არ ვიცი, ასე არ მიფიქრია. ჯერ ისეთ ასაკში ვარ, არ ვფიქრობ. აქტიურ სამსახურში ვარ, აქტიურ სპორტულ მოღვაწეობას ვეწევი. სოხუმში დაბრუნების დროს ალბათ მე პირველი შევალ სპორტული მანქანით. ჩემზე ჩქარა ვერავინ ჩავა.

ლაივპრესი: ამ ჩემპიონატის გარდა, სხვა სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

დავით კვარაცხელია: ამ ჩემპიონატის შემდეგ ალბათ აქტიურ სპორტულ მოღვაწეობას თავს დავანებებ. პარალელურად ვკითხულობ ლექციებს საავტომობილო სპორტის უსაფრთხოებაზე. მაგრამ სპორტულ მოღვაწეობას არ გამოვეთიშები. მიზნად მაქვს ახალ თაობას ჩემი ცოდნა გადავცე და გავზარდო ისინი მაღალი დონის სპეციალისტებად. ვფიქრობ ამ თემაზე წიგნის გამოშვებასაც.

ლაივპრესი: რას ეტყოდით თქვენს აფხაზ მეგობრებს ჩვენი მედიაგამოცემის საშუალებით?

დავით კვარაცხელია: მე დღესაც მაქვს ურთიერთობა ჩემს აფხაზ მეგობრებთან, ისეთ მეგობრებთანაც კი, რომლებიც გუმისთვის სხვადასხვა მხარეს ვიბრძოდით. ნათესაური კავშირიც მაქვს. თქვენ იცით, კვარაცხელიები აფხაზებიც არიან. ალბათ მომწიფდა ის დრო, როცა ჩვენ ნამდვილად არ შეგვიძლია ერთმანეთის უმისოდ ცხოვრება. ადამიანები როცა ვბრძოლობთ, ვბრძოლობთ უკეთესობისთვის. მაგრამ როცა ბრძოლობ და მდგომარეობა უარესდება, მგონი ეს არ არის შედეგიანი ბრძოლა. ჩვენი შედეგიანი ცხოვრება მხოლოდ ერთად შეიძლება. დღეს სამეგრელოს და აფხაზეთის რეგიონებს შორის რა დიდი სხვაობაა, ხედავთ. მე 24 წელია მოშორებული ვარ საქართველოს, მაგრამ ყოველთვის ინტენსიურად ვაკვირდები და ვიცი ყოველდღიური ცხოვრება, ის, თუ რა ხდება აფხაზეთში. მეგობრები მაწვდიან ინფორმაციას. მე მგონი მოვიდა დრო, ერთად ავაშენოთ ახალი აფხაზეთის რეგიონი, ახალი სოხუმი. სამუშაო ძალიან ბევრია, დრო კი არ ითმენს. მე მზად ვარ მივიღო ათამდე აფხაზი მეგობარი, სტუმრად ჩამოვიდნენ ვარნაში, ზღვის პირას, დაესწრონ ჩემს შეჯიბრს. თვითონ ჩვენი კლუბის პრეზიდენტს, საქართველოს ფედერაციას, მე, როგორც ბულგარეთის ჩემპიონს მაქვს სურვილი იმის, რომ როცა დამთავრდება ეს სეზონი, ვიწვევ აფხაზ მეგობრებს, მაგალითად ზუგდიდში ჩავატაროთ მოყვარულთა შეჯიბრი, რომელშიც მზად ვართ მონაწილეობის მისაღებად. შევეჯიბროთ ერთმანეთს ჭადრაკი იქნება ეს, თხილამურები თუ ავტოსპორტი, და გადავყაროთ, დავივიწყოთ იარაღები და ტყვია.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და ზუგდიდის კლუბ „ბაიას“ ყოფილი
15:39 / 29.04.2017
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და ზუგდიდის კლუბ „ბაიას“ ყოფილი
საქართველოში, მათ შორის ზუგდიდში ამერიკასთან
21:12 / 25.04.2017
საქართველოში, მათ შორის ზუგდიდში ამერიკასთან
მე ჩიკაგოდან ვარ. პირველად ამ რეგიონით რუსული ლიტერატურის
15:16 / 23.04.2017
მე ჩიკაგოდან ვარ. პირველად ამ რეგიონით რუსული ლიტერატურის
გერმანიის ქალაქ აუგსბურგში შარშან, ნოემბრის თვეში დაფუძნდა
„საერთაშორისო ორგანიზაცია გალი“.
20:59 / 18.03.2017
გერმანიის ქალაქ აუგსბურგში შარშან, ნოემბრის თვეში დაფუძნდა „საერთაშორისო ორგანიზაცია გალი“.
რედაქტორის რჩევით
ზუგდიდის მერიის და სამხარეო ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე
„აფხაზეთობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, სენაკში
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.