კომენტარი
ორგანიზაცია „გალის“ დირექტორი: გალის სამშვიდობო რესურსი უნდა გამოვიყენოთ
გერმანიის ქალაქ აუგსბურგში შარშან, ნოემბრის თვეში დაფუძნდა „საერთაშორისო ორგანიზაცია გალი“. მის მთავარ მიზანს გალის, როგორც მნიშვნელოვანი სამშვიდობო რესურსის მატარებელი რაიონის აქტუალიზება და ისტორიულ-შუამავლური დანიშნულების კიდევ ერთხელ ხაზგასმა წარმოადგენს. ეს იმისთვის, რომ სხვადასხვა აქტივობებით და ცალკეული პროექტების განხორციელებით, საბოლოო ჯამში კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროცესში პოზიტიური იმპულსები შეიტანონ. „ლაივპრესი“ გთავაზობთ ინტერვიუს ორგანზაციის აღმასრულებელ დირექტორ რობერტ წურწუმიასთან.

ლაივპრესი: პირველ რიგში მოგვიყევით თქვენს შესახებ, ვინ ხართ, როდის და რა მიზნით დაარსეთ „საერთაშორისო ორგანიზაცია გალი“.

რობერტ წურწუმია: ვარ დაბადებული და ნაწილობრივ გაზრდილი გალში. უკვე წლებია გერმანიაში ვცხოვრობ. რაც შეეხება ორგანიზაციაში გაერთიანებულ ადამიანებს, ჩვენ ვართ სხვადასხვა წამოშობის, სხვადასხვა ეროვნების, პროფესიის ადამიანები, რომლებსაც უპირველესად გვაერთიანებს პასუხისმგებლობა, პასუხისმგებლობა, რომელიც იმ საზოგადოებაში ცხოვრებას გვაკისრებს, რომელშიც ვცხოვრობთ. ვაცნობიერებთ კაცობრიობის უპირველეს სწავლებას, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია და ვერთიანდებით მშვიდობის აღმშენებლობისთვის. ჩვენი მშვიდობის აღმშენებლობითი საქმიანობა კი ფოკუსირებულია გალის სამშვიდობო რესურსის გამოყენებასა და განვითარებაზე. მოსამზადებელი სამუშაოები დიდი ხანია არაა რაც დავასრულეთ.

ლაივპრესი: რამდენი ადამიანისგან შედგება ორგანიზაცია და ვინ არიან ეს ადამიანები? უცხოელები რატომ დაინტერესდნენ თქვენთან თანამშრომლობით?

რობერტ წურწუმია: დღეის მდგომარეობით, ორგანიზაცია ითვლის 15-მდე წევრს. მათ შორის არის ექვსი სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი. ჩვენი გამაერთიანებელი ძალაა მშვიდობის ფასის გაცნობიერება, რაც იმის წინააპირობაა, რომ ვიღებთ პასუხისმგებლობას მშვიდობის აღმშენებლობისთვის ბოლომდე დავიხარჯოთ. გლობალიზებულ სამყაროში მოგეხსენებათ ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და აქედან გამომდინარე, ყველა მოვლენას პირდაპირი თუ ირიბი ზეგავლენა აქვს ერთმანეთზე.

ლაივპრესი: ვისი ინიციატივით გაერთიანდით ერთი იდეის გარშემო - შეგექმნათ მსგავსი ორგანიზაცია?

რობერტ წურწუმია: ინიაციტივა კონკრეტული ხედვებით ჩემგან მოდიოდა, თუმცა ამ ინიციატივის რეალობად ქცევისთვის ნოყიერი ნიადაგი უკვე არსებობდა, ერთის მხრივ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების მზაობით, და მეორეს მხრივ მშვიდობის, როგორც კაცობრიობის უდიდესი სწავლების გაცნობიერებით.

ლაივპრესი: როგორია ორგანიზაციის პლატფორმა, მიმართულებები? რა იქნება თქვენი საქმიანობის ძირითადი აქცენტები?

რობერტ წურწუმია: ორგანიზაციის პლატფორმაში ალბათ გაერთიანების ორგანიზაციულ სტრუქტურას გულისხმობთ.

ორგანიზაციის უმაღლესი ორგანო წევრთა შეკრებაა. ორგანიზაციის მმართველი ორგანო არის გამგეობა, რომელიც სამი წევრისგან შედგება. ორგანიზაციას ასევე ჰყავს აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც წევრთა შეკრების და გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის და ინიციატივების შემუშავების ვალდებულება და უფლებამოსილება გააჩნია.

ჩვენი საქმიანობა შეიძლება გალის ისტორიულ-შუამავლურ როლზე დაყრდნობით, პირობითად სამ ძირითად მიმართულებად დაიყოს.

პირველი, პრობლემის გამოსავლის ინტერნაციონალიზაციაა, რომელიც გულისხმობს საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებას გალში არსებული პრობლემების ყველას სასარგებლოდ გადასაჭრელად, მათი კონკრეტულ პროექტებში ჩართულობით. ინტერნაციონალიზაციის ერთ-ერთი კომპონენტია ორგანიზაციის გერმანიაში დაარსება და მასში სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის ადამიანების გაერთიანება, რომ არა რომელიმე მხარის ინტერესების სასარგებლოდ საქმიანობის მიმართვა იყოს, არამედ შესაძლებელი გახდეს ზე მიზნის - მშვიდობის ერთობლივად აღმშენებლობის გარშემო გაერთიანება.

მეორე, ეს არის შემუშავებული პროექტები, რომლებიც მიმართული იქნება კონფლიქტით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისკენ, როგორიც არის ახალგაზრდებს შორის ურთიერთობების განვითარება, კულტურული ურთიერთგაცვლა, სახალხო დიპლომატია და ა.შ.

მესამე მიმართულება - ეს განვითარებაზე ორიენტირებული ნაბიჯების გადადგმას გულისხმობს, რომელშიც მოიაზრება განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობა, ადგილობრივი წარმოების განვითარების ხელშეწყობა, ეკონომიკური ინიციატივების შემუშავება და გაცნობა მხარეთათვის, რაც მთლიანობაში ისახავს მიზნად, ხელი შევუწყოთ რეგიონში ეკონომიკურ განვითარებას და საზოგადოებებს შორის საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

ლაივპრესი: ამბობთ, რომ გალი მშვიდობის ძალაა. რატომ ფიქრობთ ასე? რა პოტენციალი აქვს ამ რაიონს მშვიდობის და ურთიერთობების განახლების პროცესში?

რობერტ წურწუმია: გალი რომ მშვიდობის ძალაა, ეს არ გახლავთ ჩვენი მხრიდან სასურველი რეალობის კონსტრუირების მცდელობა, არამედ ეს არის არსებული რეალობა. მე მგონი ახსნა არ სჭირდება იმ ფაქტს, რომ გალში მცხოვრები მოსახლეობა როგორც აფხაზურ, ასევე ქართულ საზოგადოებასთან მჭიდროდ არის შეკავშირებული, რითაც ისინი გალის ისტორიულ-შუამავლურ როლს იმეორებენ.

გალის ეს ისტორიულ-შუამავლური როლი უფრო თვალსაჩინო რომ იყოს, ალბათ მცირე ისტორიული ექსკურსი აუცილებელი იქნება. ფართო საზოგადოება კარგად იცნობს სამურზაყანოს ისტორიას. მურზაყანის მმართველობის პერიოდს ეპოქას თუ ვუწოდებ, ვფიქრობ გადაჭარბებული არ იქნება. სამურზაყანოს ეპოქის მთავარი მახასიათებელი ნიშანი, ეს სამეგრელოსა და აფხაზეთის სამთავროებს შორის დამკვიდრებული მშვიდობაა, რომელიც საფუძველი იყო ამ რეგიონის აყვავების. სამურზაყანოს ეპოქის, ანუ რეგიონის აყვავების ხანის განმაპირობებელი მნიშვნელოვანი კომპონენტი მშვიდობიან ურთიერთთანაცხოვრებასთან ერთად, აღმავალი სამეურნეო ცხოვრება იყო, სადაც ტრადიციულად ეთნიკურად მეგრული მოსახლეობა, რომლებიც რეგიონში მიწათმოქმედებაში მოწინავე ძალად მიიჩნეოდა და ეთნიკურად აფხაზი მოსახლეობა, რომლებიც ძირითად მესაქონლეობით იყვნენ დაკავებული, ერთობლივად ქმნიდნენ დოვლათს.

90-იანი წლების საომარი დაპირისპირების შემდგომ, ეს ისტორიული რეალობა ისევ განმეორდა, და როგორც მაშინ, დღესაც გალის მოსახლეობა ორივე საზოგადოებებთან შეკავშირებულობით, ამ ისტორიულ-შუამავლურ მისიას იმეორებს.

რაც შეეხება ჩვენს მიერ ამ შუამავლური როლის წინ წამოწევას, ჩვენი მიზანია ისტორიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით და გალის სამშვიდობო რესურსის გამოყენებით წარმოქმნილი შესაძლებლობა, თვალსაჩინო გავხადოთ ყველა მხარისთვის, რითაც კონფლიქტის პრევენცია და მშვიდობიანი ტრანსფორმაციაა შესაძლებელი. ეს კი, ბუნებრივია, ყველა მხარის ინტერესებში შედის და ამ შესაძლებლობის გამოყენებით ყველასთვის სარგებლის მომტანი იქნება.

ლაივპრესი: როგორ აპირებს ორგანიზაცია იმუშაოს დიდი გამოწვევების საპასუხოდ, რაც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით არსებობს? მარტივად რომ ვთქვათ, რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ გალი რეალურად იქცეს მშვიდობის ძალად?

რობერტ წურწუმია: უპირველესი გამოწვევა ჩვენი ორგანიზაციისთვის საერთაშორისო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობაა. ჩვენი პირველი რიგის ამოცანაა ორგანიზაციის მისიის და ჩვენს მიერ შემუშავებული გალის სამშვიდობო კონცეფციის საერთაშორისო საზოგადოებამდე მიტანა, იმისთვის, რომ მოვიპოვოთ საჭირო მხარდაჭერა. ჩვენი მისია და შემუშავებული კონცეფცია ბევრი თვალსაზრისით სიახლეა და რის გამოც არსებულ გამოცდილებას ვერ დავეყრდნობით. თუმცა ამ კუთხით უკვე ვმუშაობთ სამეცნიერო წრეებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების როლზე კონფლიქტების მშვიდობიან ტრანსფომაციაში კვლევებს აწარმოებენ.

მარტივად რომ ვთქვათ, საჭირო რესურსის მოძიების შემდგომი ამოცანა მისი მიზნობრივი გამოყენებაა, ამის წინაპირობას კი იმაში ვხედავთ, აქტიურად ვიმუშაოთ ყველა მხარესთან, რათა ის სარგებელი, რაც ჩვენი საქმიანობით შეიძლება მიიღოს ყველა მხარემ, თვალსაჩინო იყოს მათთვის. ჩვენი მიზნების რეალობად ქცევისთვის ალბათ ერთადერთი მზა რეცეპტი დაუღალავი შრომაა, რისთვის მზადყოფნასაც ღიად ვაფიქსირებთ.

ლაივპრესი: რა ადამიანურ რესურსს დაეყრდნობით ამ პროცესში? კავშირების მოძიებას როგორ აპირებთ გალის მცხოვრებლებთან, თუ გაქვთ უკვე გარკვეული ურთიერთობები?

რობერტ წურწუმია: უპირველესი ადამიანური რესურსი, ეს ჩვენს ორაგნიზაციაში გაწევრიანებული ადამიანებია, რომელებიც მშვიდობის აღმშენებლობაში აქტიური მონაწილეობის მიღების მზადყოფნას გამოხატავენ, და ამავე დროს ის ადამიანები, რომელებიც იზიარებენ ჩვენს რწმენას, რომ გალი მშვიდობის ძალაა.

ხოლო რაც შეეხება თქვენი შეკითხვის მეორე ნაწილს, რა თქმა უნდა გვაქვს გალთან და გალელებთან კავშირი. როგორც თავშივე ავღნიშნე, მე, პიროვნულად როგორც გალელს, ბუნებრივად მაქვს კავშირი ჩემს თანაქალაქელებთან.

ლაივპრესი: თქვენ ამბობთ - ორგანიზაცია იღებს პასუხისმგებლობას გალის სამშვიდობო კონცეფციის ფარგლებში შეიმუშაოს პროექტები, გააჟღეროს ინიციატივები და გააცნოს ისინი ყველა მხარეს და ინტენსიურად იმუშაოს მათთან რეგიონში მშვიდობის აღმშენებლობისთვის. რა პროექტებზეა საუბარი, რა მიმართულების და შინაარსის? როგორ აპირებთ მათ განხორციელებას? ვინ ჩაერთვება ამ პროექტების განხორციელებაში?

რობერტ წურწუმია: ჩვენ გვაქვს ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები გასაზღვრული, რომლის ნახვაც ნებისმიერ მსურველს ჩვენს ვებ-გვერდზე შეუძლია. ეს ყველაფერი ერთობლიობაში ქმნის და ავსებს ჩვენს მიერ შემუშავებულ გალის სამშვიდობო კონცეფციას. ყველა ცალკეულ მიმართულებაზე გვაქვს პროექტები შემუშავებული, რომლებსაც ვაცნობთ და გავაცნობთ პარტნიორ ორგანიზაციებს, იმისთვის, რომ მოვიპოვოთ მხარდაჭერა.

სამწუხაროდ ყველა ცალკეულ პროექტზე დეტალურად სასაუბროდ ამ ინტერვიუს ფორმატი საკმარისი არ იქნება, ამიტომაც შევეცდები მოკლედ მიმოვიხილო.

ზოგადად რეგიონში და განსაკუთრებით გალში, განათლებასთან დაკავშირებული პრობლემის სიმწვავე ყველასთვის კარგად ცნობილია და მე მგონი არც ის არის სადავო, რომ ვერცერთი საზოგადოება ვერ შექმნის პროდუქტს, თუ ამ პროდუქტის შექმნისთვის საჭირო ადამიანური რესურსი არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, ჩვენი უპირველესი ამოცანაა, საგანმანათლებლო დაწესებულებებს ხელი შევუწყოთ დამატებითი საგანმანათლებლო შემოთავაზების შექმნაში.

ჩვენთვის ასევე პრიორიტეტულია ადგილობრივი წარმოების განვითარების ხელშეწყობა. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ხალხთაშორის ურთიერთობისკენ მიმართული ნაბიჯების გადადგმა, რეგიონში სამშვიდობო ჟურნალისტიკის განვითარების ხელშეწყობა და ა.შ.

ლაივპრესი: წერთ, რომ უნდა მოხდეს კულტურული ურთიერთობების გაცვლა, გალის სკოლების დახმარება, სამშვიდობო ჟურნალისტიკის ხელშეწყობა..აპირებთ გალის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობას? როგორ წარმოგიდგენიათ ამ ყველაფრის განხორციელება? თუ იცით იმ ადამიანების აზრი თქვენს ინიციატივებზე, ვისთანაც გეგმავთ კავშირს ჩანაფიქრების რეალიზებისთვის?

რობერტ წურწუმია: როგორც აქამდე ავღნიშნეთ, ჩვენი საკვანძო განაცხადია, ვიმუშაოთ ყველა მხარესთან ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინებით, და ყველა მხარესთან მივიტანოთ ის ცნობა, რომ გალი მშვიდობის ძალაა. აქედან გამომდინარე, იქნება ეს გალის ადმინისტრაცია, გამგებლები, სკოლების ხელმძღვანელობა თუ უფრო მაღალი თანამდებობის პირები, ეს დამოკიდებული იქნება ჩვენს მიერ შემუშავებული პროექტების კონკრეტულ მიზნებსა და მათი განხორციელების გზებზე. ჩვენ მზადყოფნას არა მარტო ჩვენს მიერ შემუშავებული პროექტების გარშემო სასაუბროდ გამოვთქვამთ, არამედ ღია და გახსნილები ვართ მხარეთა მიერ მოწოდებული შემოთავაზებებისთვისაც.

ჩვენი საქმიანობის ქვაკუთხედი მდგომარეობს იმაში, რომ ვართ ორინტირებული მხარეთა ურთიერთობში დადებითი იმპულსის შემოტანაზე, რესურსების მოზიდვაზე, რომლებიც უპირველეს ყოვლისა მოხმარდება გალში არსებული პრობლემების გადაჭრას. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი საქმიანობის ამოსავალი წერტილია მხარეთათვის სარგებლის მოტანა, რაც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ვიფიქროთ ჩვენი საქმიანობის მიმღებლობა მხარეთა მიერ არ იქნება დაბალი.

ლაივპრესი: რა ფინანსური რესურსი აქვს თქვენს ორგანიზაციას? ვინ გაფინანსებთ?

რობერტ წურწუმია: როგორც აქამდე ავღნიშნე, ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორ ორგანიზაციებთან იმისთვის, რომ ჩვენს მიერ შემუშავებული პროექტების რეალიზებისთვის საჭირო რესურსი მოვიზიდოთ. ვინ იქნება კონკრეტული პროექტისთვის რესურსის გამომყოფი ორგანიზაცია, ეს იქნება ჩვენს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული. კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ჩვენი საქმიანობის გამჭვირვალობა ჩვენდამი ნდობის უმთავრესი კრიტერიუმი იქნება.

ლაივპრესი: ზუგდიდში, ისევე როგორც მთლიანად საქართველოში, ფუნქციონირებს სხვადასხვა ორგანიზაცია, რომლებიც მუშაობენ იგივე გალის რაიონის მიმართულებით. თუმცა ზოგადად ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული რაიმე ქმედითი სიახლის შეტანა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებთან პირდაპირი კონტაქტების ქონა. ხშირად არ მოდიან თანამშრომლობაზე. თქვენს შემთხვევაში, როცა უცხო ქვეყანაში აარსებთ არასამთავრობოს, იქიდან როგორ მოახერხებთ საქმიანობის განხორციელებას?თუ ზუგდიდში წარმომადგენელი გეყოლებათ? ერთი სიტყვით მენეჯმენტი როგორ წარმოგიდგენიათ?

რობერტ წურწუმია: ორგანიზაციის წამომადგენლობის გახსნა ჩვენი მიზნების ეფექტურად განხორციელებისთვის გათვალისწინებულია ორგანიზაციის წესდებაში. გარდა სამართლებრივი წინაპირობისა, ასევე მნიშვნელოვანია შესაბამისი რესურსის ქონა იმისთვის, რომ ჩვენმა წარმომადგენლობებმა ეფექტურად იფუნქციონირონ.

ორგანიზაციაზე დამოკიდებული ფაქტორების გარდა, ასევე არსებობს ფაქტორები, რომლებიც მხარეთა მზადყოფნაზეა დამოკიდებული, რომ მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოგვეცეს საქმიანობის შესაძლებლობა. როცა ჩვენი საქმიანობის განვითარების იმ საფეხურს მივაღწევთ, ჩვენი მიზანია როგორც რესურსების განკარგვის თვალსაზრისით, ასევე მხარეებთან ეფექტური მუშაობისთვის გავხსნათ ჩვენი წარმომადგენლობები გალსა და თბილისში, რაც ასევე რესურსების შეტანის სამრთლებრივ ასპექტებთანაცაა დაკავშირებული.

ლაივპრესი: როდიდან გეგმავთ გააქტიურებას?

რობერტ წურწუმია: როგორც უკვე ავღნიშნეთ, ორგანიზაციის ფუნქციონირებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია, უკვე აქტიური ქმედების ფაზაში ვართ და ვვითარდებით გეგმაზომიერად.

ჩვენი უმთავრესი გზავნილი ყველა მხარისთვის იმაში მდგომარეობს, რომ გალი მშვიდობის ძალაა. მინდა შეჯამების სახით კიდევ ერთხელ განვმარტო ამ გზავნილის არსი.

გალი მშვიდობის ძალაა - არის დადებითი შინაარსის მატარებელი ტერმინი, რომელსაც ჩვენი საქმიანობით ვამკვიდრებთ, და რომელიც ჩვენთვის, ასევე ჩვენი საქმიანობის თვითშეფასებისთვის ინდიკატორია, რომლითაც ამ საქმიანობის შედეგიანობას ვზომავთ.

ამ ტერმინის დადებითი შინაარსი კი იმაში მდგომარეობს, რომ ეს არის შესაძლებლობები, შესაძლებლობები, რომლებიც ყველა ჩვენგანის ხელშია და რომელთა გამოყენებითაც ყველას შეგვიძლია სარგებელი ვნახოთ.

დიდი მადლობა თქვენ თემით დაინტერესებისთვის.

გალი მშვიდობის ძალაა!
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოჩნდა მეგრულენოვანი გვერდი
11:01 / 11.07.2017
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოჩნდა მეგრულენოვანი გვერდი
არაერთი სახეობის დაავადებამ და აზიურ ფაროსანად წოდებულმა
14:59 / 29.06.2017
არაერთი სახეობის დაავადებამ და აზიურ ფაროსანად წოდებულმა
საქართველოში 2015 წლიდან ფუნქციონირებს ფონდი, სახელწოდებით
„აფხაზი“.
15:38 / 24.06.2017
საქართველოში 2015 წლიდან ფუნქციონირებს ფონდი, სახელწოდებით „აფხაზი“.
რედაქტორის რჩევით
ექსპერტი საარჩევნო საკითხებში ლევან ალაფიშვილი აცხადებს, რომ
„ფრთხილად საჭესთან ქალია“, „საჭე ქალის საქმე არ არის“, - ასეთი შეფასებები
ქვეყნის მასშტაბით მოწყობილ ქალთა სოლიდარობის მარშს ზუგდიდშიც
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.