კომენტარი
მაკენზი: ენგურის ხიდზე ვიდექი და ვხედავდი ხალხს შორის ურთიერთობებს, ძალიან არასწორია ეს გაყოფა [ინტერვიუ]
FaceBook Twitter
E-mail Print
დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკენზი ზუგდიდს და სამეგრელოს რეგიონს პირველად ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში ჩვენ ელჩთან ინტერვიუ ჩავწერეთ, სადაც დიპლომატმა ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაზე, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივასა და აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე.

ლაივპრესი: დიდი ხანი არაა, რაც დაინიშნეთ ბრიტანეთის ელჩად საქართველოში. არ ვიცი ადრე ნამყოფი ხართ თუ არა ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ მინდა გკითხოთ, რა შთაბეჭდილებები მოახდინა თქვენზე საქართველომ? რითი ჰგავს და არ ჰგავს ის ევროპის ქვეყნებს?

ჯასტინ მაკენზი: ძალიან კმაყოფილი ვარ აქ ყოფნით. პირველად ვარ სამეგრელოში. ჩემი შთაბეჭდილება ძალიან დადებითია. საქართველოზე ზოგადად ძალიან დადებითი შთაბეჭდილება მაქვს. ძალიან მიხარია და ვთვლი გამიმართლა, რომ აქ ცხოვრების და მუშაობის საშუალება მომეცა. ზუგდიდში და სამეგრელოში პირველად ვარ. ეს ორი დღე ჩემთვის უაღრესად საინტერესო და სასარგებლო იყო რეგიონის უკეთ გაცნობის კუთხით. მე ვიცი, რომ სამეგრელო საქართველოსთვის ისტორიულად და კულტურულად ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონია, ამიტომ კარგია რომ ჩამოვედი.

ლაივპრესი: საქართველომ მარტის თვეში მიიღო უვიზო მიმოსვლა ევროპის შენგენის ზონის სახელმწიფოებთან. მაშინ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთხმად აღინიშნეს, რომ ეს არის ევროპულ ოჯახში დაბრუნება. თუმცა წინ ქვეყანას კიდევ უფრო დიდი გამოწვევა აქვს - ევროკავშირში გაწევრიანება, რაც პირველ რიგში ევროპული სტანდარტების დანერგვას გულისხმობს. თქვენი დაკვირვებით, რა სისტემური თუ ლოკალური პრობლემებია დღეს ქვეყანაში და რა კუთხით მოუწევს მთავრობას მუშაობა ამ სტანდარტებთან დასაახლოვებლად?

ჯასტინ მაკენზი: ჩემთვის ცხადზე ცხადია, რომ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, როგორც თავად აღნიშნეთ, დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს. ეს დასტურდება სხვადასხვა კვლევით, რომლებიც რეგულარულად კეთდება. ეს ვნახეთ არჩევნების შედეგად გამოხატულ ნებაშიც. ნათელია, რომ საქართველოს მოქალაქეების სურვილია, ქვეყანა თანდათან მიუახლოვდეს ევროპულ სტრუქტურებს და გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი. მე მხარს ვუჭერ ამ გადაწყვეტილებას და არჩევანს.

ჩემი ქართველი მეგობრებისგან ვიცი, რომ ევროპასთან დაახლოების პროცესი საკმაოდ პოზიტიურად მიდის. ასე მაგალითად, როგორც თქვენ აღნიშნეთ, წარმატებაა სავიზო ლიბერალიზაციის კუთხით. ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი იყო, მაგრამ აღსანიშნავია მრავალწლიანი მუშაობის პროცესიც, რომელიც საქართველოს მთავრობამ გაიარა, რათა ეს შედეგი დამდგარიყო. მე ვფიქრობ, მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები და ცვლილებები, რომელიც საქართველოს კიდევ უფრო დაახლოვებს გარკვეულ სტანდარტებთან, ძალიან შთამბეჭდავია. ვიცით, რომ ბევრი სხვა მიმართულებითაც მიმდინარეობს ეს პროცესი. იქნება ეს ეკონომიკური თუ სოციალური რეფორმები, თავდაცვა და უსაფრთხოება და სხვა. ვთვლი, რომ ეს ძალიან პოზიტიური პროცესია, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია.

ლაივპრესი: საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ქვეყანაში თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა შვიდი ერთეულით მცირდება. ამ გადაწყვეტილებას მოსახლეობის მსგავსად არასამთავრობო სექტორში უკმაყოფილება მოჰყვა. თითქმის ყველა ქალაქში ეს გადაწყვეტილება საკრებულოებმა დაპირისპირების ფონზე მოიწონეს. თქვენ თუ იცნობთ ამ ცვლილებას და როგორ ფიქრობთ, მოუტანს თუ ის ქვეყანას დეცენტრალიზაციას და სარგებელს?

ჯასტინ მაკენზი: პირველ რიგში მინდა დავაფიქსირო, გადაწყვეტილებები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა იღებს, იქნება ეს საკანონმდებლო თუ საკონსტიტუციო ცვლილებების დონეზე, არის ქართველი ხალხის განსახილველი. არ ვფიქრობ, რომ უცხოელი დიპლომატები უნდა აფიქსირებდნენ თავიანთ პოზიციას ამასთან დაკავშირებით. ქართველი ხალხის სუვერენული უფლებაა გადაწყვიტოს, როგორი მმართველობის ფორმას აირჩევს.

რა თქმა უნდა, პროცესი გვაინტერესებს და მის მიმდინარეობას თვალყურს ვადევნებთ. ერთს ვიტყვი, ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა საკონსტიტუციო ცვლილებები და ისეთ საკითხებში ცვლილებების შეტანა, როგორიცაა ქვეყნის მართვის წესი, უაღრესად მნიშვნელოვანია მაქსიმალური კონსესუსის მიღწევა. ვთვლი, რომ ეს პოლიტიკური საკითხი არ არის - ეს ეროვნული საკითხია. ამიტომ, მივესალმები იმ ძალისხმევას, რომელსაც ვხედავთ ამ ცვლილებების საჯაროდ და ღიად განხილვის კუთხით, და იმ სამუშაოს, რაც მიმდინარეობს კონსესუსის მისაღწევად.

ლაივპრესი: რამდენიმე თვის წინ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტები დახურეს. დარჩა მხოლოდ ცენტრალური გადასასვლელი - ენგურის ხიდი. თუ ხართ ინფორმირებული ამის შესახებ? როგორ შეაფასებდით მომხდარს?

ჯასტინ მაკენზი: დიდი მადლობა. დღეს პირველად ვეწვიე სამეგრელოსა და აფხაზეთს შორის არსებულ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს და ამის საკუთარი თვალით ნახვამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ერთი განცდა, რომელიც მე დამეუფლა, და იგივე ეხება ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს ცხინვალის რეგიონთან, არის - თუ რა ხელოვნურია ეს ყველაფერი, როგორი არარეალურია ეს გამყოფი ზოლები. ნათელია, რომ არსებობს კავშირები, არსებობს ბუნებრივი ურთიერთობები ხალხს შორის ამ ხელოვნური ზოლის ორივე მხარეს.

დღეს, როდესაც ენგურის ხიდზე ვიდექი, ვხედავდი როგორ გადაადგილდება ხალხი ორივე მიმართულებით, მოძრაობს ტრანსპორტი - ეს არის ბუნებრივი, ხალხს შორის არსებული ურთიერთობები და არასწორია, ძალიან არასწორია ეს გაყოფა. აქ არ უნდა იყოს რაღაც ხაზები გასმული. დიდი ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენი მხარდაჭერა სალი კლდესავით მტკიცეა. ეს არ შეიცვლება. ასევე მივესალმებით ყველა იმ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია დიალოგისკენ - ხაზის ორივე მხარეს საზოგადოებებს შორის, და მე დარწმუნებული ვარ, ეს დიალოგი ერთ დღეს საქართველოს და ხალხს გამთლიანებამდე მიიყვანს.

ლაივპრესი: თუ იცნობთ იმ პრობლემებს და უფლებრივ მდგომარეობას, რაც აფხაზეთში, კერძოდ გალის რაიონში მცხოვრებ მოსახლეობას აქვს? როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით, რის შესაძლებლობას ქმნის პოლიტიკური ვითარება, რისი გამოყენებაც შეიძლება?

ჯასტინ მაკენზი: საკმაოდ შემაშფოთებელი ვითარებაა. სულ რამდენიმე კვირის წინ, ბრიტანეთმა მხარი დაუჭირა გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში რეზოლუციას ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ მდგომარეობაზე. ეს რეზოლუცია ავალდებულებს გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარს, ეწვიოს ამ რეგიონებს, რათა ამ კუთხით იქ არსებული მდგომარეობა შეისწავლოს და წარადგინოს ანგარიში. მაგრამ მას ამის საშუალება არ აქვს, ვინაიდან ის ვერ ჩადის ამ რეგიონებში. მე ვფიქრობ, დე-ფაქტო ხელისუფლებების მხრიდან და რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, გაეროს თუ სხვა დამკვირვებლების რეგიონებში შეშვება, რათა მათ შეაფასონ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მდგომარეობა და სიტუაციის გამოსასწორებლად რეკომენდაციები შეიმუშაონ.

ლაივპრესი: რას ურჩევდით საქართველოს ხელისუფლებას იმისთვის, რომ ბევრად მოკლე აღმოჩნდეს მანძილი ევროკავშირის წევრობამდე? რა პერსპექტივა აქვს ჩვენი მთავრობის მიერ არაერთგზის გაჟღერებულ სურვილს?

ჯასტინ მაკენზი: როგორც დასაწყისშივე ვთქვი, და თუ შეკითხვა სწორად გავიგე, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სურვილს, გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. მე შემიძლია ბრიტანეთის პოზიცია დავაფიქსირო, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი საქართველოს პოზიციაა და მე ვიცი, რომ საქართველო თავის თავს მიიჩნევს ევროპულ სახელმწიფოდ. ჩვენ ამას მივესალმებით. მე ოპტიმისტი ვარ. მჯერა, რომ საქართველო თანდათან უახლოვდება ევროპას. ვფიქრობ, ეს სწორი არჩევანია საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის.

ლაივპრესი: მინდა შეაჯამოთ, შეაფასოთ თქვენი ვიზიტი ზუგდიდში. ვის შეხვდით და რა საკითხები განიხილეთ?

ჯასტინ მაკენზი: საშუალება მქონდა შევხვედროდი ზუგდიდის მერს, ოპოზიციის წარმომადგენლებს, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წევრებს, სამოქალაქო საზოგადოებას. მათ შეხვედრაზე ვუთხარი, რომ ჩემს ქვეყანაში, დიდ ბრიტანეთში თუ გინდა გაიგო რა ხდება, უნდა დაელაპარაკო სამოქალაქო საზოგადოებას. აქაც ასე იყო და ძალიან ინფორმაციული შეხვედრა გამოვიდა.

საინტერესო იყო მერთან და სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან საუბარი. ვისაუბრეთ რეგიონის გამოწვევებზე, ვინაიდან ისინი არ არის აუცილებელი იგივე იყოს, რაც თბილისში ან საქართველოს სხვა რეგიონებშია. მე ბრიტანეთის ელჩი ვარ საქართველოში და არა მხოლოდ თბილისში. ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია სრული სურათი მქონდეს და ვიცოდე მთელი ქვეყნის მასშტაბით რა ვითარებაა. კმაყოფილი ვარ ამ ვიზიტით. შეიძლება ეს პირველი ვიზიტია, მაგრამ არამც და არამც უკანასკნელი.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
12:31 / 20.07.2022
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
21:06 / 05.02.2022
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ
დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
15:10 / 14.10.2021
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული
ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
09:21 / 03.09.2021
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.