კომენტარი
აფხაზი სტუდენტების მიერ გადარჩენილი ქართველი პროფესორის ასდღიანი პატიმრობის ამბავი
FaceBook Twitter
E-mail Print
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ზურაბ პაპასქირმა აფხაზების „საპატიმროში“, შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი დაკავების იზოლატორში ასი დღე გაატარა. მიზეზი ორი ბრალდება იყო – ერთა შორის შუღლის გაღვივება და ომის პროპაგანდა. როგორ ვითარებაში მოხდა ქართველი ისტორიკოსის დაკავება და რა პირობებში უწევდა იზოლატორში ყოფნა, რა როლი ითამაშეს ამ უმძიმეს პერიოდში მის ცხოვრებაში ყოფილმა აფხაზმა სტუდენტებმა, მათ შორის დღეს უკვე დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ, „ლაივპრესი“ ზურაბ პაპასქირს ესაუბრა.

ლაივპრესი: პირველ რიგში მოუყევით ჩვენს მკითხველს სოხუმთან თქვენს კავშირებზე, საქმიანობაზე, რომელსაც აფხაზეთში ეწეოდით.

ზურაბ პაპასქირი: წარმოშობით ზუგდიდელი ვარ. დავიბადე და გავიზარდე ზუგდიდში, იქვე დავამთავრე ქალაქის #3 საშუალო სკოლა. თავდაპირველად ვსწავლობდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე, შემდეგ მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიზნობრივ ასპირანტურაში, რომლის დამთავრების შემდეგ ე.წ. განაწილებით მოვხვდი სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში. ერთი სიტყვით, ჩემი სამსახურებრივი კარიერა სწორედ სოხუმში დაიწყო. ვერ ვიტყვი, რომ მანამდე სოხუმი და აფხაზეთი ჩემთვის უცხო იყო. ბავშვობაში არაერთხელ ვყოფილვარ ზღვაზე დასასვენებლად, სტუდენტობის პერიოდში კი სასწავლო პრაქტიკაც გამივლია. მიუხედავად ამისა, როგორც აღმოჩნდა, აფხაზეთის რეალობას ჯეროვნად არ ვიცნობდი. პედაგოგიურ ინსტიტუტში დავიკავე მასწავლებლის თანამდებობა. თანდათანობით ჩამოვყალიბდი საქართველოს ისტორიის წამყვან სპეციალისტად, რამაც განაპირობა ჩემი დანიშვნა ახლად შექმნილი საქართველო-აფხაზეთის ისტორიის კათედრის გამგის მოადგილედ. საგანგებოდ უნდა აღვნიშნო, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო რექტორმა, გამოჩენილმა აფხაზმა მეცნიერმა, ქართული საისტორიო სკოლის ერთ-ერთმა გამორჩეულმა წარმომადგენელმა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, პროფესორმა ზურაბ ანჩაბაძემ, რომელიც იყო ამ კათედრის შექმნის ინიციატორი და მისი პირველი გამგე (შეთავსებით).

ლაივპრესი: რა პირობებში გაიცანით რაულ ხაჯიმბა?

ზურაბ პაპასქირი: საქართველოს ისტორიას არამხოლოდ ისტორიკოსებს ვასწავლიდი, არამედ იურისტებს, ფილოლოგებს და აშ. დღევანდელი აფხაზური პოლიტიკური ელიტის არაერთი წარმომადგენელი უშუალოდ ჩემი სტუდენტი იყო. მათ შორის რაულ ხაჯიმბა, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ისტორიას ვუკითხავდი. ის „სამართალმცოდნეობის“ სპეციალობაზე სწავლობდა. ზრდილობით, კეთილშობილებით და ნიჭიერებით გამორჩეული სტუდენტი იყო. მე მას ფრიადი დავუწერე. მერე დამეკარგა, არც ვიცოდი სად იყო. ხელახლა შევხვდით ერთმანეთს საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ. ჩემი ყოფილი სტუდენტებიდან მინდა გამოვყო აგრეთვე ბესლან კობახია – ვალერიან კობახიას (თავის დროზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პირველი პირი – საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი, ხოლო მოგვიანებით უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე) ვაჟი, რომელსაც თავადაც საკმაოდ წარმატებული კარიერა ჰქონდა. ერთი პერიოდი ვლადისლავ არძინბას ხელისუფლებაში მინისტრის თანამდებობაც ეკავა. მინდა აღვნიშნო ირინა აგრბაც, ნიჭიერი ისტორიკოსი, რომელზეც დიდი ამაგი მაქვს. აღსანიშნავია, რომ მან სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის ასპირანტურაში და იქვე დაიცვა დისერტაცია ჩემი ყოფილი მეცნიერ-ხელმძღვანელის, ცნობილი რუსი მეცნიერის, პროფესორ ანატოლი ნოვოსელცევის ხელმძღვანელობით. ისიც აქტიური პოლიტიკოსია. იყო იქაური პარლამენტის – სახალხო კრების ვიცე-სპიკერი, ამჟამად კი ხაჯიმბას (სხვათა შორის ისინი ერთ დროს სწავლობდნენ უნივერსიტეტში – პარალელურ კურსებზე) ოპოზიციის ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერია და მკაცრად აკრიტიკებს მის პოლიტიკას.

ფოტოზე: ზედა რიგში მარჯვნიდან მეხუთე რაულ ხაჯიმბა. ქვედა, პირველ რიგში მარცხნიდან მეორე ზურაბ პაპასქირი. 1984 წელი

ლაივპრესი:
დღეს თუ გაქვთ რაიმე კავშირი თქვენს ყოფილ სტუდენტებთან?

ზურაბ პაპასქირი: რაულ ხაჯიმბასთან მქონდა კავშირი მაშინ, როცა ის ოპოზიციის ლიდერი იყო. იმ დროს „ოდნოკლასნიკით“ ვსარგებლობდი. მისთვის მიმილოცავს ქრისტიანული დღესასწაულები. ისიც გამომხმაურებია.

ლაივპრესი: მოგვიყევით, რა ვითარებაში მოხდა თქვენი დაპატიმრება?

ზურაბ პაპასქირი: 1989 წლიდან არამხოლოდ სამეცნიერო ასპარეზზე, არამედ საზოგადოებრივ-პოლიტიკური კუთხითაც ვაქტიურობდი, ხოლო შეიარაღებული დაპირისპირების დროს მეორე საარმიო კორპუსის უფროს ოფიცრად ვმსახურობდი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბევრი აფხაზისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიუღებელ პერსონად ვითვლებოდი, თუმცა მათ შორის ბევრი მეგობარიც მყავდა. სოხუმში ფრონტის ხაზთან ახლოს ვცხოვრობდი, ახალ რაიონში და დროულად ვერ დავტოვე ქალაქი, რადგან ბოლომდე ოპტიმისტურად ვიყავით განწყობილი. როცა ჩავრჩი, აფხაზმა მეზობლებმა შემიფარეს. სწორედ მათ გადამარჩინეს. მეზობლებს ჩემი თანადგომა ახსოვდათ. როცა ჩვენი ჯარი სოხუმს აკონტროლებდა, ვიცავდი აფხაზებს ყოველგვარი შევიწროებისგან, ვცდილობდი ყოველ შემთხვევაში. ჩემი მეუღლის თანადგომაც არ დავიწყნიათ. ის ექიმია და ბევრს გაუწოდა დახმარების ხელი ომის პერიოდში. მეზობლები ცდილობდნენ ჩვენს გამოყვანას, მაგრამ ამას ვერ ახერხებდნენ. ამასობაში უშიშროების სამსახურმა მომაკითხა. პირველ მოსვლაზე მეზობლებმა არ გამაყოლეს, მეორე დღეს, 1993 წლის 7 ოქტომბერს უკვე ვერ დამიცვეს. ასე მოვხვდი იზოლატორში.

ლაივპრესი: რამდენი ხანი დაჰყავით იქ და რა პირობებში, როგორ გექცეოდნენ?

ზურაბ პაპასქირი: ზუსტად მეასე დღეს გამომიშვეს. პირველ ხანებში იყო ჩემი ფიზიკური მოსპობის მცდელობა. ვინც ჩემს ირგვლივ ტრიალებდა, უმრავლეოსობამ დამიცვა, თუმცა იყო ერთი ყოფილი სტუდენტი - ნოდარ კვარჩია, რომელმაც, როგორც იტყვიან, „ჩამიშვა“. იმ დღეს, როცა დამაკავეს, უშიშროების კომიტეტის შენობაში მნახა. არ მომეკარა. მეორე სტუდენტი კი, მასიკ აგრბა მოვიდა, გადამეხვია, მომიკითხა. მთელი აფხაზობა გაოცებული გვიყურებდა, როგორი პატივისცემით შემხვდა ავტომატიანი აფხაზი. კვარჩიამ კი ისე მოაწყო, რომ ესროლათ ჩემთვის. იზოლატორის ზედამხედველმა, სრულიად უცნობმა ჩემთვის, ოთარ დელბამ გადამარჩინა მაშინ. ორ რამეში მადანაშაულებდნენ - ერთა შორის შუღლის გაღვივება და ომის პროპაგანდა. სინამდვილეში პირიქით იყო. ეს მე ვაკრიტიკებდი მათ, ვინც შუღლს აღვივებდა. ის, რაც ბრალდების მხარეს ერთა შორის შუღლის გაღვივებად მიაჩნდა, სინამდვილეში იყო საქართველო-აფხაზეთის ისტორიის აფხაზური ხედვის კრიტიკა და ქართულ ისტორიოგრაფიაში საყოველთაოდ აღიარებული ქართულ-აფხაზური ისტორიული ძმობისა და ერთობის თეზისის პროპაგანდა, რომელსაც წლების მანძილზე ვეწეოდი აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კედლებში.

ლაივპრესი: ქონდა თუ არა რაულ ხაჯიმბას წვლილი თქვენი გადარჩენის საქმეში?

ფოტოზე: ზურაბ პაპასქირი. 1994 წელი

ზურაბ პაპასქირი:
მე უშიშროების სამსახურის პატიმარი ვიყავი. ჩემი საქმე ამ სამსახურის მაღალჩინოსანს მიჰყავდა. ესეც აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული აღმოჩნდა – ზურაბ აგუმავა. დღეს ის სოხუმში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა, რომელიც, როგორც თვითონ მითხრა, მაშინ კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებდა. რაული, თუ არ ვცდები, მისი მოადგილე იყო. მოხდა ისე, რომ მთავარი დაკითხვის შემდეგ, რომელსაც უშუალოდ მათი „გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი“ სერგეი ბგანბა უძღვებოდა, და რომელზეც ფაქტობრივად ჩემი გათავისუფლების საკითხი თითქოს გადაწყდა, ამ უკანასკნელმა მოულოდნელად ზურაბ აგუმავას შესთავაზა ჩემს ჩასაწერად ტელევიზია მოეყვანათ. „რაც არ უნდა იყოს, ცნობილი კაცია, პროფესორი, თქვას თავისი აზრიო“ . ასე განმარტა თავისი შემოთავაზება. იძულებული ვიყავი დავთანხმებოდი, მაგრამ ჩემი პირობები წამოვაყენე: ინტერვიუს მივცემდი მხოლოდ გათავისუფლების შემდეგ, ვიტყოდი მხოლოდ იმას, რაც ოფიციალურ ჩვენებაში მქონდა დაფიქსირებული და არცერთ სიტყვას ზედმეტს. ასევე, ჩანაწერი გავიდოდა ტელევიზიით ჩემს მიერ აფხაზეთის ტერიტორიის დატოვების შემდეგ. ტელევიზია რომ მოიყვანეს, ჩემთან გამოგზავნეს რაულ ხაჯიმბა. ერთმანეთს იზოლატორის სამორიგეოში შევხვდით. გადამეხვია, მოვიკითხეთ ერთმანეთი. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მას ხომ შეეძლო თავი ჩემგან შორს დაეჭირა და არ გამკარებოდა, თუმცა კაცურად მოიქცა. რაულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში გადამიყვანა, სადაც უკვე ცნობილი ტელეჟურნალისტი გიორგი გულია (დიმიტრი გულიას შვილიშვილი, რომელიც 5 წელი ჩემი სტუდენტი იყო – ამჟამად მოსკოვში საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელია) გამომეცხადა. შესვლისთანავე კამერას ხელი დავაფარე და მივახალე - მე ჩემი პირობები მაქვს მეთქი. ინტერვიუ არ შედგა, რამაც გიორგი გააღიზიანა და თავხედურადაც მელაპარაკა. წავკამათდით კიდეც. რაული ჩემთან შემდეგაც მოდიოდა და მომიკითხავდა. დღემდე ყურებში ჩამესმის მისი და ზურაბ აგუმავას სიტყვები, „ვალერიანოვიჩ, ხომ არაფერი გაწუხებთო“. მე მას დიდ პატივს ვცემდი მისი ოპოზიცინერობის პერიოდში. განსაკუთრებით მომწონდა მისი ანტირუსული გამოსვლები. მაგრამ მას შემდეგ, რაც ხელისუფლების სათავეში მოვიდა, სხვათა შორის მის მიერ ორგანიზებული ანტიქართული ისტერიის ფონზე, რაც უკავშირდებოდა გალის მკვიდრი ქართული მოსახლეობისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს, ის მთლიანად კრემლის ნავში ჩაჯდა და, ფაქტობრივად, „აფხაზ ორჯონიკიძედ“ ჩამოყალიბდა, რაც არა მგონია აფხაზი ხალხისათვის სიკეთის მომტანი იყოს.

ლაივპრესი: უშუალოდ თქვენი გათავისუფლების საქმეში მონაწილეობდა?

ზურაბ პაპასქირი: ჩემს გათავისუფლებას მას არავინ ჰკითხავდა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ხაჯიმბა, აგუმავა და კიდევ რამდენიმე სტუდენტი ქმნიდა ისეთ სიტუაციას, რომ ჩემთვის არ ევნოთ.

ლაივპრესი: პატიმრობიდან როგორ გათავისუფლდით?ვინ დაგეხმარათ?

ზურაბ პაპასქირი:
ჩემმა მეუღლემ, აფხაზეთიდან გამოსვლისთანავე მიაწვდინა ხმა აკადემიკოს როინ მეტრველს, იმჟამად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს. მან სასწრაფოდ დეპეშა აფრინა ვლადისლავ არძინბასთან გუდაუთაში. ეს დეპეშა გამოქვეყნდა გაზეთში, საიდანაც საზოგადოებამ შეიტყო ჩემი ამბავი. იმ დროიდან ჩემს გასათავისუფლებლად დაიწყო საკმაოდ ფართო მასშტაბის კამპანია, რომელშიც ჩართულნი აღმოჩნდნენ არა მხოლოდ ცნობილი ქართველი მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები, არამედ თვით რუსეთის წამყვანი ისტორიოკოსები – რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის განყოფილების აკადემიკოსები, აგრეთვე საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები. მიუხედავად ამისა, მე მაინც საპყრობილეში ვრჩებოდი. ბოლოს, სამი თვის თავზე, 1994 წლის 7 იანვარს, შობა დღეს ჩამაბარეს დოკუმენტი, რომლის თანახმადაც მე მიცვლიდნენ აღკვეთის ზომას და პატიმრობიდან მათავისუფლებდნენ. მაგრამ ეს საქმე მაინც გაჯანჯლდა. კიდევ ერთი კვირა გავატარე საკანში. როგორც გაირკვა, აფხაზებს ჩემი უსაფრთხო გამოყვანის საკითხი აფიქრებდათ. გამომძიებელმა პირდაპირ მითხრა, რომ ინფორმაციამ გაჟონა და ვერ ვახერხებთო უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ბოლოს გამოსავალი იპოვეს წითელი ჯვრის ადგილობრივი ოფისის სახით, რომელმაც მანქანით გადამიყვანა ადლერში, ხოლო იქიდან სპეციალური თვითმფრინავით გამომამგზავრა თბილისში. რაც შეეხება უშუალოდ არძინბას წვლილს ჩემს გათავისუფლებაში, ამის შესახებ მე არაფერი ვიცი, თუმცა, ვფიქრობ, რომ მის გარეშე ეს საკითხი არ გადაწყდებოდა. სხვათა შორის ამ რამდენიმე ხნის წინ ერთმა აფხაზმა ახალგაზრდამ ფეისბუკზე დამიდასტურა კიდეც ეს ვარაუდი და დარწმუნებით განმიცხადა, რომ მე სწორედ პირველი პირის გადაწყვეტილებით გამომიშვეს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
12:31 / 20.07.2022
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობდა,
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
21:06 / 05.02.2022
სამეგრელოს ის მუნიციპალიტეტები, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ
დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
15:10 / 14.10.2021
გრიპის მოახლოებული სეზონი, ვაქცინაციის საგანგაშოდ დაბალი მაჩვენებელი და მეხუთე
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული
ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
09:21 / 03.09.2021
აფხაზეთში, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.