კომენტარი
დაურ კოვე: დღეს სხვა რეალობაა და მისი გათვალისწინებით უნდა დავალაგოთ ურთიერთობები
რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებიდან 10 წელი შესრულდა. რას ნიშნავს აფხაზებისთვის ეს თარიღი, შეცვალა თუ არა მან აფხაზების ცხოვრება, აპირებს თუ არა სოხუმი „ხიშბა-სიგუას“ სიის გაზრდას, ირღვევა თუ არა გალში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის უფლებები, რა ეტაპზეა ოჩამჩირესა და გალში სირიელი ლტოლვილების ჩასახლების თემა, „ლაივპრესის“ კითხვებს აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დაურ კოვე პასუხობს.

ლაივპრესი: ათი წელი შესრულდა რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარებიდან. რა შეცვალა ამ მოვლენამ აფხაზი ხალხისთვის? და ზოგადად, რას ნიშნავს ეს თარიღი თქვენთვის?

დაურ კოვე: რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის აღიარებამ უდიდესი როლი ითამაშა ჩვენის ქვეყნის უახლეს ისტორიაში. ეს საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელმაც აფხაზი ხალხის მიერ არჩეული კურსის ლეგიტიმაცია მოახდინა. პირველად, ომის შემდგომ წლებში, სამხედრო უსაფრთხოების მყარ გარანტიებზე დაყრდნობით და გარეშე საფრთხის რისკის შემცირების გზით, აფხაზეთმა მიიღო განვითარების შესაძლებლობა. გაჩნდა შესაძლებლობა, რეალურად წახალისდეს სოცილურ-ეკონომიკური განვითარება. სწორედ ამ მიზნისკენ არის მიმართული სახელმწიფოს ძირითადი რესურსები. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც სამხედრო კონფლიქტის გადატანა მოუხდა, აწყდება გარკვეულ სირთულეებს, როგორც გზის დასაწყისში, ასევე ომის შემდგომი განვითარების და აღდგენის პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ ომის შემდეგ უკვე თითქმის 25 წელი გავიდა, ეს სირთულეები დღესაც გვახსენებენ თავს. თუმცა, ტერიტორიის სიმცირის მიუხედავად, აფხაზეთს აქვს ყველა შესაძლებლობა, სტაბილური და მდგრადი განვითარების გზას დაადგეს.

ჩემთვის, ისევე როგორც აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეთა უმრავლესობისთვის, ეს დღე არის განსაკუთრებული, ღირშესანიშნავი მოვლენის სიმბოლო, რომლის წყალობითაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი, ნათელი გვერდი გადაიშალა. აღირების მოპოვების შემდეგ, აფხაზეთმა მიიღო გარკვეული ინსტრუმენტები საერთაშორისო პოზიციონირებისა და შემდგომი, ეტაპობრივი აღიარებისთვის.

ლაივპრესი: როგორ ფიქრობთ, აღიარებდა თუ არა რუსეთი აფხაზეთს, აგვისტოს ომი რომ არ მომხდარიყო? ან ეს უფრო ადრე რატომ არ გააკეთა?

დაურ კოვე: ვფიქრობ, ეს საკითხი უკვე საკმარისად გაიშალა და არ საჭიროებს დამატებით კომენტარებს. ჩემი აზრით, იმ პირობებში, რომელიც 2008 აგვისტოში ჩამოყალიბდა, რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება პრაქტიკულად გარდაუვალი იყო. ამასთან, რუსეთის ხელმძღვანელობა საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ არ გამორიცხავდა გარკვეულ კომპრომისულ გადაწყვეტილებებს. თუმცა ვფიქრობ, აგვისტოს ბოლოსკენ შექმნილი გარემობებიდან გამომდინარე, ეს იყო ისტორიულად ყველაზე უფრო გამართლებული გადაწყვეტილება.

კონტექსტი, რომელშიც აღიარების გადაწყვეტილება მიიღეს, პრაქტიკულად მოვლენების განვითარების სხვა ვარიანტს არ ტოვებდა. სააკაშვილის რეჟიმის მიერ სამხრეთ ოსეთში გაჩაღებულმა ომმა საფრთხის ქვეშ დააყენა ასობით მშვიდობიანი მოქალაქის ცხოვრება. მსგავსი ბედი ელოდა აფხაზეთსაც. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა დსთ-ს სამშვიდობო კონტინგენტი, რომელიც თავის ფუნქციებს ასრულებდა. აღნიშნულ გარემოებებში, რუსეთის ხელმძღვანელობამ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება - წინააღმდეგობა გაეწია თბილისის სამხედრო აგრესიისთვის და გადაერჩინა სრულიად უდანაშაულო ადამიანები.

ერთადერთ ადექვატურ გადაწყვეტილებად, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საიმედო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ორი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის აღიარება და მათთან შესაბამისი ორმხრივი ხელშეკრულებების დადება რჩებოდა, რაც საბოლოო ჯამში, მოხდა კიდეც.

ლაივპრესი: ბოლო სახელმწიფო, რომელმაც აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიარა, სირიის არაბული რესპუბლიკაა. მაშინ ქართველმა ექპერტებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ ეს არის რეჟიმი, რომელიც ქიმიური იარაღის გამოყენებით ანადგურებს საკუთარ მოქალაქეებს, მათ შორის ბავშვებს და ქალებს, და რომ ასეთი ქვეყნისგან მსგავსი ნაბიჯი არ უნდა იყოს აფხაზებისთვის საამაყო. რა იქნება თქვენი პასუხი?

დაურ კოვე: სირიის არაბული რესპუბლიკის აღიარება აფხაზეთისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. უნდა გვესმოდეს, რომ სირია ახლოა ჩვენთვის ბევრი პარამეტრით. მჭიდრო ურთიერთობები გვაქვს დიასპორასთან სირიაში. ამ კონტაქტებს დიდი ისტორია აქვს. ჩვენს ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვმუშაობდით სირიის ხელმძღვანელობასთან. სწორედ ამ მუშაობის შედეგია ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება, რის შესახებაც გაკეთდა განცხადება მიმდინარე წლის მაისში. რაც შეეხება თქვენს მიერ გაჟღერებულ მოსაზრებებს, ანგარიშგასაწევია ის ფაქტი, რომ სირიის ტერიტორიაზე ამ დრომდე საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. ქვეყანა საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია. ისე მოხდა, რომ სირია საერთაშორისო ტერორიზმის სამიზნედ იქცა, რომელიც არ ინდობს ადამიანებს, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა. ასეთ პირობებში გმობა სირიის ხელისუფლებისა, ვინც ებრძვის შეიარაღებულ ტერორისტულ დაჯგუფებებს, რომელთა ნაწილს მხარს უჭერს ე.წ. დასავლური კოალიცია, რომელიც, ეყრდნობა დასავლური მედიასაშუალებების ფრიად საეჭვო ინფორმაციას, სრულიად არაკანონზომიერია.

ადრე თუ გვიან ომი დამთავრდება, კანონი და წესრიგი აღდგება სირიის მთელ ტერიტორიაზე. სირიის არაბულ რესპუბლიკაში დაიწყება აღორძინება, და ჩვენ, უკვე დღესვე განზარხული გვაქვს მოვამზადოთ საფუძველი ჩვენი ქვეყნებისთვის ურთიერთმომგებიანი ურთიერთობების დასამყარებლად.

ლაივპრესი: თქვენი სამინისტრო აქტიურად მუშაობს აფხაზეთის საერთაშორისოდ აღიარების საკითხზე. ამ პროცესს თავის მხრივ ეწინააღმდეგება თბილისი. რა შინარსის პასუხებს იღებთ ქვეყნებისგან, რომლებსაც მიმართეთ შესაბამისი თხოვნით, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ? ისინი განმარტავენ აღიარებაზე უარის მიზეზს? რას გწერენ?

დაურ კოვე: აფხაზეთის სუვერენიტეტის საერთაშორისო აღიარებისთვის მართლაც აქტიურად მიმდინრეობს მუშაობა და საკმაოდ ინტენსიურ რეჟიმშიც.ეს სოხუმის საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებაა. ჩვენ ვამუშავებთ კონტაქტების დამყარების შესაძლებლობებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. როგორ ხდება ეს ყველაფერი და როგორ გვპასუხობენ ქვეყნები, რომლებსაც მივმართავთ? ვფიქრობ, დეტალებზე საუბარი არ იქნებოდა კორექტული, რადგანაც, მეტწილად, ეს საგარეოს საქმეთა სამინისტროს შიდა სამუშაოა, რომლის განხილვაც მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. თუმცა, ამასთან ერთად, უნდა ავღნიშნო, რომ საგარეოს საქმეთა სამინისტროს ხაზით, მიმდინარეობს მოსამზადებელი მუშაობა იმ ქვეყნებთან, რომლებიც აფხაზეთისთვის ინტერესს წარმოადგენენ, და რომელთაც თავის მხრივ გააჩნიათ ინტერესი აფხაზეთის მიმართ.

მოსამზადებელი სამუშაოს მსვლელობისას ჩვენ განვსაზღვრავთ, რა შეხების წერტილები არსებობს ჩვენს ქვეყნებს შორის. იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ არსებობენ, ან არ გაგვაჩნია აშკარად გამოხატული საერთო ინტერესები, კონტაქტების დამყარების პერსპექტივა მინიმალურია. ამაში ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ. ეს ნორმალური სამუშაო პროცესია. თუმცა, ამ მიმართულებით საკმაოდ ქტიური მუშაობა მიმდინარეობს, რომლის შედეგიც ჩვენ უკვე ვნახეთ. სირიის მაგალითი სწორედ ამის დასტურია.

ლაივპრესი: „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას“ სიის საპასუხოდ სოხუმა „ხიშბა-სიგუას“ სია შეიმუშავა, რომელთა ნაწილი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსანია. შესაძლოა ეს ჩამონათვალი კიდევ გაიზარდოს? აპირებთ ამ სიის ვინმესთვის გადაცემას? რაში გამოიხატება ამ ადამიანთა ბრალეულობა?

დაურ კოვე: პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიისგან განსხვავებით, „ხიშბა- სიგუას“ სია შემუშავდა არა სახელმწიფოებრივ დონეზე, არამედ ინიცირებულია 1992–1993 წლების სამამულო ომის ვეტერანთა რესპუბლიკური საზოგადოებრივი ორგანიზაცია „არუაას“ მიერ, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს ერთ რამეზე - აფხაზურ მხარეს არ სურს მოლაპარაკებების არსებული ფორმატის მსხვრევა. ჩვენი პრინციპული პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ ყოველთვის მზად ვართ ვეძებოთ კომპრომისული გზები, მაშინ როდესაც, „სანქციების სიის“ ენა, რომელსაც ქართული მხარე ირჩევს, ძირს უთხრის ძალისხმევას, მიმართულს ნდობის გასაღრმავებლად და ჩიხში აქცევს საერთაშორისო შუამავლების ყველა მცდელობას, კონსტრუქციულ რეჟიმში გადაიყვანონ მოლაპარაკებების რეჟიმი.

რაც შეეხება კითხვის არსს, უნდა ითქვას, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიისგან განსხვავებით, რომელშიც რამდენიმე ადამიანი უკვე მრავალი წელია, ქართული სპეცსამსახურების დივერსიულ-ტერორისტული მოღვაწეობის შედეგად დაღუპულად ითვლება, „ხიშბა -სიგუას“ სიაში, მისი გამოქვეყნების შემთხვევაში, აღმოჩნდებიან პირები, რომლებიც ამჟამადაც ცოცხლები არიან, და რომლებიც მონაწილეობდნენ აფხაზეთის მოქალაქეების გადანადგურებაში, წამებასა და გატაცებაში. სწორედ ამიტომ, თუ ქართული მხარე მომავალშიც დაჟინებით მოითხოვს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიის განხვილვას, ჩვენის მხრივ, შეგვიძლია მივმართოთ ჩვენს რუს კოლეგებს, ინტერპოლიდან გამოითხოვონ ინფორმაცია, იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების მიზნით, რომლებიც აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულებებებში მონაწილებდნენ.

ლაივპრესი: აფხაზურმა დელეგაციამ გალის ბოლო შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. მათ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხის ამოღება მოითხოვეს დღის წესრიგიდან, რასაც ქართული მხარე არ დათანხმდა. რა პერსპექტივა აქვს ამ შეხვედრებს, გაგრძელდება თუ არა ის? თქვენი აზრით, საჭიროა მოლაპარაკებების ეს ფორმატი?

დაურ კოვე: უნდა ითქვას, რომ აფხაზეთის წარმომადგენლების დემარში იყო იძულებითი ზომა, ქართული მხარის პროვოკაციული ქმედებების საპასუხოდ. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ქართულ მხარეს, თავი შეიკავონ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიის გამოქვეყნებისგან, რადგან კარგად ვაცნობიერებდით, თუ რა გამოუსწორებელი ზიანი შეიძლება მიადგეს ამ შემთხევაში მოლაპარაკებების მთელ პროცესს. და მიუხედავად ამისა, ქართულმა მხარემ, წუთიერი პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ, საჭიროდ ჩათვალა სიის გამოქვეყნება, რითაც სრულად აიღო თავის თავზე პასუხისმგებლობა ჟენევის საერთაშორისო მოლპარაკებების შესაძლო ჩაშლაზე. მიუხედავად ამისა, ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში მიმდინარე შეხვედრების მიზანშეწონილობას, რადგან, აღნიშნული მექანიზმი მხარეებს შორის შეხების წერტილების ძიებისკენაა მიმართული.

ლაივპრესი: სოხუმი სირიელ ლტოლვილებს ოჩამჩირეში ქართველების სახლებს სთავაზობს და ამ ტერიტორიაზე, ასევე გალშიც მათ დასახლებას გეგმავს. რა ეტაპზეა დღეს ეს პროცესი? მიმდინარეობს ოჯახებთან მოლაპარაკება? რატომ უნდა დაინტერესდნენ ისინი ამ წინადადებით და როდისთვის იგეგმება მათი ჩასახლება?

დაურ კოვე: მინდა აქვე შეგისწოროთ - საუბარია არა სირიელ ლტოლვოლებზე, არამედ სირიაში მცხოვრებ ეთნიკურ აფხაზებზე, რომლებიც თავის ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდნენ. აფხაზეთის რესპუბლიკის „რეპატრიანტების (თანამემამულეების) შესახებ“ კანონის თანახმად, რეპატრიანტებად ითვლებიან ეთნიკური აფხაზები, რომლებმაც დატოვეს ისტორიული ტერიტორია, მე-19 საუკუნეში განვითარებული ამა თუ იმ მოვლენების გამო და აფხაზეთის რესპუბლიკაში დაბრუნების უფლება მიიღეს. ამრიგად, სირიიდან დაბრუნებულებს ეძლევათ აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საცხოვრებელი ფართის შერჩევის უფლება, იქნება ეს ოჩამჩირე თუ გალი. საუბარია არა რომელიმე კონკრეტულ ადგილზე, თუ ადამიანი გამოთქვამს სურვილს იცხოვროს აფხაზეთის რომელიმე ქალაქში, არავინ აპირებს შეუზღუდოს მას ეს უფლება. მეტიც, რეპატრიანტებს უძრავი ქონება საკუთრებაში არ გადაეცემათ. მათ სთავაზობენ დაქირავებულ ფართებს, რომელთა საფასურს რეპატრიაციის სამინისტრო იხდის.

ჩვენი მთავარი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ დაბრუნებულებს დავეხმაროთ აქ ცხოვრების აწყობაში და მხარი დავუჭიროთ ჩვენს საზოგადოებაში მათ ადაპტაციას. ამ თვალსაზრისით, უაღრესად მნიშვნელოვანია დახმარება გავუწიოთ ჩვენს თანამემამულეებს, ჩერთონ ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში, შექმნან ოჯახები, დაკავდნენ ბიზნესით, მიიღონ ღირსეული განათლება. გვესმის, რომ ძლიერი, დამოუკიდებელი სახელმწიფოს შენების თვალსაზრისით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, მისი დემოგრაფიული შემადგენლობაა. ამიტომაც, მომავალშიც გავაგრძელებთ თანამემამულეების ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების პოლიტიკას, ამ ასპექტში ყოველმხრივი მხარდაჭერის აღმოჩენას. მათ შორის, აფხაზეთის რესპუბლიკაში საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, რასაც ჩვენ განვიხილავთ, როგორც უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს, რეპატრიაციის პროგრამის განხორციელების საქმეში.

ლაივპრესი: გალის მოსახლეობა ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ისინი პრაქტიკულად უუფლებოები არიან, აფხაზეთის დანარჩენი მოსახლეობისგან განსხვავებით (არჩევნებში მონაწილეობა, ბინადრობის მოწმობა...არ შეუძლიათ უძრავი ქონების დარეგისტრირება) ეთანხმებით ამ მოსაზრებას? როგორ შეიძლება პრობლემის მოგვარება და მუშაობთ თუ არა ამ მიმართულებით?

დაურ კოვე: ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ გალის რაიონის მცხოვრებლები მოკლებულნი არიან ამა თუ უფლებებს. ეს ასე არ არის. უკვე მიღებულია და ძალაში შევიდა კანონები უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სამართლებრივ სტატუსზე - „აფხაზეთის რესპუბლიკაში შესვლისა და გამოსვლის შესახებ“. არჩევნებში მონაწილეობისა და ასევე, უძრავი ქონების შეძენის (რადგან, ამ უფლებებით მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქებს შეუძლიათ სარგებლობა) გარდა, გალის მცხოვრებლები, რომლებიც ბინადრობის ნებართვით სარგებლობენ, ინარჩუნებენ ყველა სხვა უფლებას. თუ თქვენ გულისხმობთ ე. წ. პასპორტიზაციის საკითხს, უნდა გვახსოვდეს, რომ აღმოსავლეთ აფხაზეთში მცხოვრებლებზე 2014 წლამდე გაცემული პასორტები, სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა. აფხაზეთის რესპუბლიკის კანონი ითვალისწინებს ორმაგ მოქალაქეობას მხოლოდ ერთ სახელმწიფოსთან - რუსეთთან. რაც შეეხება გალის რაიონის მცხოვრებლებზე დოკუმენტების გაცემას, უნდა აღინიშნოს, რომ ახალი პასპორტები, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, უკვე მიიღო რაიონის 300-მა მცხოვრებმა. ბინადრობის ნებართვა 3 500-მა ადამიანმა გააფორმა. ეს საკითხი გეგმაზომიერად წყდება, და აქ მე შეშფოთების საფუძველს ვერ ვხედავ.

ლაივპრესი: რა პერსპექტივა აქვს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს? თბილისის მხრიდან აღიარების შემთხვევაში, რა სახის თანამშრომლობა შეიძლება განვითარდეს? ასევე, თუ ყველაფერი ისე დარჩა, როგორც დღეს არის, როგორ გესახებათ აფხაზეთის მომავალი?

დაურ კოვე: დღესდღეობით, ჩვენ ვერ ვხედავთ თბილისის მიერ გადადგმულ რეალურ ნაბიჯებს, რომლებიც შეიძლება აფხაზეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის სურვილზე მეტყველებდეს. ხშირ შემთხვევაში, ის პოპულისტური და არაგანხორციელებადი პროგრამები, რომლებსაც აანონსებს ქართული მხარე, ისეთები, მაგალითად, „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, ვერ იქცევიან ურთიერთობების დარეგულირების რაიმე ბაზად, რადგან მიმართულნი არიან არა აფხაზეთის რესპუბლიკის ოფიციალურ ხელმძღვანელობასთან ურთიერთქმედებისკენ, არამედ იმისკენ, მსოფლიო საზოგადოებას დაანახონ, შეუქმნან წარმოდგენა იმისა, რომ აფხაზეთის მიმართ „კეთილი სურვილები“ ამოძრავებთ. საქართველოს რეალურ ნაბიჯად უკეთესი მომავლისკენ შეიძლება იქცეს აფხაზეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერა და მასთან ოფიციალური სახელმწიფოთაშორისი დიალოგის წარმართვა. ასეთ მიდგომას შეუძლია უჩვენოს, რომ თბილისი მზადაა რეალური და არა დეკლარირებული მოქმედებებისკენ.

თუმცა, შეიძლება ვისაუბროთ რაიმე სახის პერსპექტივაზე ჩვენს ურთიერთობებში, აფხაზეთის წინააღმდეგ მუდმივი პროპაგანდისტული ომის, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების საერთაშორისო იზოლაციის, რეგულარული - ნატო-საქართველოს სწავლებების და ჯერაც მოქმედი, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის პირობებში? არა მგონია, რომ ასეთ გარემოებებში შესაძლებელია ვისაუბროთ დიალოგზე. თბილისმა ბოლოს და ბოლოს უნდა გაიგოს, ეს არ არის 1992 წელი, და რომ ჩვენ უკვე სხვა სინამდვილეში ვცხოვრობთ. სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით უნდა დავალაგოთ ურთერთობები და არა პირიქით. მხოლოდ ასეთი მიდგომა მიგვიყვანს გარკვეულ შედეგამდე.

ინტერვიუ შეიცავს ტერმინოლოგიას, რომელიც გამოიყენება აფხაზეთის ტერიტორიაზე.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ბიჭიკო (ჰარი) კოდუა ზუგდიდელი ახალგაზრდაა, რომელმაც მეგრულ-ქართული
და
11:44 / 06.11.2018
ბიჭიკო (ჰარი) კოდუა ზუგდიდელი ახალგაზრდაა, რომელმაც მეგრულ-ქართული და






გიორგი ჯიქია ზუგდიდელი სპორტსმენია, რომელიც დღეს სპორტულ კარიერას
შეერთებულ შტატებში განაგრძობს.
11:33 / 27.09.2018
გიორგი ჯიქია ზუგდიდელი სპორტსმენია, რომელიც დღეს სპორტულ კარიერას შეერთებულ შტატებში განაგრძობს.






„თანასწორობის მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ყოფილი უფროსი ემზარ
კვარაცხელია უკვე ერთი თვეა ბელგიის ქალაქ ანტვერპენშია
11:22 / 18.07.2018
„თანასწორობის მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ყოფილი უფროსი ემზარ კვარაცხელია უკვე ერთი თვეა ბელგიის ქალაქ ანტვერპენშია






ჭუბერში ამ წუთებში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. რას შეეძლო
13:44 / 06.07.2018
ჭუბერში ამ წუთებში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. რას შეეძლო
ლაივპრესის სტუდია
როგორია წინასაარჩევნო გარემო ზუგდიდში და რა დარღვევები გამოვლინდა საანგარიშო პერიოდში,
ვიდეორეპორტაჟი
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.