კომენტარი
სოხუმის კულტურული ცხოვრება დღეს - ინტერვიუ ასიდა ბუთბასთან
სოხუმში კულტურული სივრცე სახელწოდებით „სკლად“ რამდენიმე წლის წინ შეიქმნა. ეს ის ადგილია, სადაც ქალაქის, საზოგადოების განვითარებისთვის იდეების გენერირება ხდება, იკრიბებიან ახალგაზრდები და სხვადასხვა საინტერესო, აქტუალურ თემებზე მსჯელობენ. საბოლოო მიზანი ქალაქში თანამედროვე კულტურული ცხოვრების გაცოცხლებაა. „ლაივპრესი სოხუმის კულტურული სივრცის - „სკლადის“ თანადამფუძნებელ ასიდა ბუთბას ესაუბრა.

ლაივპრესი: პირველ რიგში, გვიამბეთ სოხუმის კულტურული ცხოვრების შესახებ. რამდენად დინამიურია იგი, სად იკრიბება ახალგაზრდობა და განვითარების რა საშუალებები აქვთ მათ?

ასიდა ბუთბა: სოხუმში არის კულუტურული ცხოვრება. ეს დანამდვილებით შემიძლია ვთქვა. მის დინამიურობაზე შეიძლება ვისაუბრობთ, თუ ხუთი წლის წინანდელ სოხუმთან შევადარებთ. კოლოსალურ სხვაობას ვგრძნობ. მაშინ ახალი ჩასული ვიყავი აფხაზეთში და მართალი გითხრათ, ძალიან ცოტა რამ იყო. იყო სტაგნაციის, უმოძრაობის განცდა, გაცვლა-გამოცვლის ნაკლებობა. ახლა, როდესაც ადამიანების გარკვეული რაოდენობა ჩაერთო კლუტურულ პროცესებში, სულ სხვა განცდები მაქვს. იმედია, ეს გზის მხოლოდ დასაწყისია და წინ ბევრი საინტერესო რამ გველოდება, გარკვეული პირობების არსებობის შემთხვევაში. დღესდღეობით ხდება პროცესები, რომელთაც ყურადღების მიქცევა და მხარდაჭრა სჭირდება და დიდი იმედი მაქვს, რომ მიიღებენ. რაც შეეხება ახალგაზრდობას, მიმაჩნია, რომ მათზე გათვლილი რეალური ადგილი ჯერ არ არის. შესაძლოა, ის ახლო მომავალში ჩამოყალიბდეს. ასე რომ, ახალ მოთხოვნებს ვხედავ, გააზრების მომენტებს, ახალი ადამიანების ჩართულობას. ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობებს რაც შეეხება, ვფიქრობ ძალიან ცოტაა, პრაქტიკულად თითო-ოროლა. ამ მიმართულებით ძალიან ბევრია გასაკეთებელი.

ლაივპრესი: თქვენ პროექტ „სკლადის“ ერთ-ერთი ინიციატორი ხართ. გვიამბეთ, რა შეცვალა ამ სიახლემ სოხუმში, გაჩნდა თუ არა ახალი კულტურული სივრცეები ქალაქში?

ასიდა ბუთბა: სოხუმში შეცვალა თუ არა რამე „სკლადმა“, ამ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება, რადგან ჩვენ არანაირი კვლევები არ ჩაგვიტარებია. პირველ რიგში, „სკლადი“ ჩვენთვის მოვიწყვეთ. გვინდოდა შეგვექმნა სივრცე, რომლის მოთხოვნილება თავად გვქონდა. ახლა, რა თქმა უნდა, ეს უკვე სხვა ისტორიაა - ის ბევრ ვალდებულებას და გეგმას გულისხმობს. ვფიქრობ, ჩვენ შევქმენით სივრცე, რომელიც ორიენტირებულია თანამედროვე კულტურაზე. ეს ერთგვარი სინერგიაა ხელოვნების, განათლების, საერთაშორისო გაცვლის, დისკუსიების, კინოს და ასე შემდეგ. გვსურდა მიგვეცა თავისუფლების შეგრძნება, განცდა იმისა, რომ დღევანდელი ლოკალური ლანდშაფტისთვის მოულოდნელი რამეებიც კი შესაძლებელია. გვინდოდა შეგვექმნა ღია და უსაფრთხო სივრცე ურთიერთობისთვის. მახსოვს, 5 წლის წინ მუდმივად ვსაუბრობდით იმაზე, რომ მსგავსი რამის შექმნა გვინდა სოხუმში, თუმცა, ეს შეუძლებელი გვეგონა მილიონი მიზეზის გამო. ვფიქრობდით, რომ ეს არ გამოვა, რადგან ეს ტრადიციული საზოგადოებაა და ადამიანები არ არიან ამას შეჩვეულები, ასეთ ფორმას ვერ მიიღებენ და ასე შემდეგ.

შედეგად, „სკლადის“ შექმნის პროცესში ჩვენს გვერდით ძალიან ბევრი ახალი მეგობარი აღმოჩნდა, სხვა ადამიანები, ვინც ჩვენთან უნისონში ფიქრობდა, და რომელთაც ჩვენ ადრე არ ვიცნობდით. აი, ის გრძნობა, როდესაც ყველა თავის სახლში ზის და ურთიერთქმედებაში არ არის, რაც ადრე მქონდა, დღეს შეიცვალა. ჩვენ მუდმივად ახალ-ახალ სახეებს ვხედავთ. ვხედავთ ლამაზ, ცნობისმოყვარე, ნიჭიერ ადამიანებს. ძალიან მინდა მათთვის რაღაც ვაკეთო, რომ ამ ისტორიას გაგრძელება ჰქონდეს, რესურსი და შესაძლებლობები გავზარდო და ამ ყველაფერში ჩავრთო ისინი. ახალ კუტურულ სივრცეებზე თუ ვილაპარაკებთ, რა თქმა უნდა ესაა ჩვენი ორი თეატრი (აფხაზური და რუსული დრამატული თეატრები), რომლებიც გაიხსნა რემონტის შემდგ. ეს ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული ინსტიტუციებია. წელს პირველად ჩატარდა სოხუმის კინოფესტივალი. ეს აღმავლობის სიტუაცია იყო ხალხისთვის. ისინი მოდიოდნენ, დღეების განმავლობაში უყურებდნენ კინოს, ეს მოვლენა იყო. სხვათა შორის, სოხუმში კინოთეატრი არ არის. აქ კი დღესასწაულის, გაცვლის სიტუაცია იყო. ახლა მე სწორედ კულტურაზე ვლაპარაკობ და ხელოვნებაზე. ურთიერთობისთვის და განათლების მისაღებად გაცილებით მეტი ადგილია, თუმცა მათთვის კულტურა არ არის პრიორიტეტული სფერო.

ლაივპრესი: რამდენი ადამიანი ხართ სკლადის განხორციელებაში ჩართული? სად იპოვეთ ერთმანეთი და როგორ გაერთიანდით კონკრეტული მიზნის გარშემო?

ასიდა ბუთბა: ჩვენ ცოტანი ვართ! სულ სამი ადამიანი, და ვერც ერთი ჩვენგანი თავს უფლებას ვერ მისცემს, მხოლოდ „სკლადის“ საქმეებით იყოს დაკავებული. ჩვენთვის ეს ჰობია. ტანია ერგუნოვა 5 წლის წინ გავიცანი, საერთო ნაცნობების მეშვეობით. მე მაშინ სხვა ადამიანებთან ვცდილობდი კინოჩვენებების მოწყობას ღია მოედნებზე, სოხუმში საზღვაო პორტში და შემდეგ, რომელიღაც ეზოში. მე და ტანია მაშინ დავმეგობრდით. შემდეგ, ვორქშოფშიც ერთად ვმონაწილეობდით - მე, როგორც კოორდინატორი, ის, როგორც მხატვარი. ამ ვორქშოფის ფარგლებში გაიმართა შემდეგ გამოფენა ბაზელში, რის შედეგაც ძალიან მოგვინდა მისი სოხუმში ჩვენებაც. ასე ჩატარდა „სკლადის“ პირველი გამოფენა „ ადგილის და დროის გარემოებები“, რომელიც უკვე აღარ ჰგავდა თავის პირველწყაროს. ის ცოტა ვინმეს თუ მოეწონა, თუმცა ცნობისმოყვარეობა ნამდვილად გამოიწვია. და საერთოდაც, ეს ერთგვარი პრეცედენტი იყო ამ ტიპის: „რას ნიშნავს ეს ყველაფერი????“. დიმა ბელისთან, რომელსაც რამდენიმე წელია ვიცნობ, ლექციებს ვამზადებთ. პარალელურად, ის რადიო „სომას“ დირექტორია, ჟურნალისტია. ბევრს კითხულობს. დისკუსიები უყვარს. სწორედ მან შემოგვთავაზა ღია სივრცეში ლექციების ჩატარება და ჩვენც სიხარულით დავთანხმდით. ახალ ჩვენ ბედნიერი ტრიო ვართ. თუმცა, ჩვენ მეტნი უნდა ვიყოთ, ძალიან არ გვყოფნის რესურსები. არ მინდა გადახუნებულ აქტივისტებს დავემსგავსოთ.

ლაივპრესი: ახალგაზრდები რამდენად ხშირად სტუმრობენ ამ სივრცეებს? რა აინტერესებთ მათ ძირითადად და კიდევ რაზე აქვთ მოთხოვნა?

ლაივპრესი: ჩვენ ალბათ პირობითად შეიძლება ახალგაზრდული სივრცე გვიწოდონ, რადგან ძირითადი ჩვენი კონტინგენტი, სადღაც 25-დან 40 წლამდეა, ანუ, საკმაოდ ზრდასრული ხალხი. მე ვიტყოდი, ეს ჩვენი ქალაქის, აქტიური, ინტელექტის, მრავალფეროვანი ინტერესების მქონე მცხოვრებლები არიან. მოთხოვნებს და ინტერესებს რაც შეეხება, მნიშვნელოვანი და რთული თემაა. ეს სინჯვისა და შეცდომის, ჩვენი და პუბლიკის ინტერესების თანხვედრის ძიების გზაა. ზოგჯერ დიდი რეზონანსია, ზოგჯერ არავითარი გამოხმაურება. საერთო ჯამში, ჩვენ მოგვწონს იმის მოსინჯვა, რაც ჩვენს ინტერესს იწვევს, და რაც ხალხს აინტერესებს. ძალიან საინტერესოა ამ პროცესისთვის თვალის მიდევნება. მაგალითად, ფემინიზმის შესახებ ლექციამ ახალგაზრდა ქალების დიდი აუდიტორია შეკრიბა, რასაც ბოლოს ცოცხალი დისკუსია მოჰყვა. ხოლო ინსტრაგრამის პირდაპირი ეთერით ადამიანები ყოველ წუთს გვერთვებოდნენ. ამას საერთოდ არ ველოდით. გვეგონა არავინ მოვიდოდა. აქ მიიჩნევა, რომ ფემინიზმი ადგილობრივი კულტურის ნაწილს არ წარმოადგენს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დღეს ის არავის აღელვებს. აღმოჩნდა, რომ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია ეს ლექციები, ანბანის დონეზე, ყველაზე საბაზო ცნებები, ინფორმაცია, რომელსაც ეცნობიან. ამ თემაში ენერგიაა. ან კიდევ, მაგალითად არის თემები, რომლებიც, თითქოსდა ყველას უნდა აინტერესებდეს, მუჰაჯირობა და რეპატრიანტები, თუმცა, ფაქტებით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენი პუბლიკიდან ცოტა ვინმე თუ დაინტერესდა ამ საკითხებით.

იყო ძალიან კარგი პროექტი, რომელიც „სკლადის“ რეზიდენციის ფარგლებში მომზადდა, ანატოლიაში აფხაზური სოფლების შესახებ. იმის შესახებ, თუ როგორ შეინარჩუნეს იქ აფხაზებმა საკუთარი ფესვების განცდა, მიუხედავად იმისა, რომ მათი წინაპრები 150 წლის წინ იქცნენ დევნილებად, ესე იგი, თავიანთ სახლის ყველა მატერიალური მტკიცებულბა დაკარგეს. თითქოს და ეს თანხვედრაში უნდა ყოფილიყო იმ პატრიოტულ დღის წესრიგთან, და იმასთან, რასაც ტელევიზორით ვისმენთ ხოლმე, მაგრამ, სინამდვილეში, ამ ძალიან სათუთი და კარგი პროექტის მიმართ ინტერესი საკმაოდ დაბალი იყო. ახლა ვამზადებთ დიდ საგანმანათლებლო პროექტს ურბანისტიკაზე, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა და ევროსაბჭო აფინანსებენ. მე ვფიქრობ, მასში არის აბსოლუტური თანხვედრა საზოგადოებრივი მოთხოვნისა იმასთან, რასაც ჩვენ ვთავაზობთ. პირველმა სესიამ ძალიან პროდუქტიულად და ცოცხლად ჩაიარა.

ლაივპრესი: სად არის ეს სივრცეები ტერიტორიულად განთავსებული?

ასიდა ბუთბა: ჩვენ ცენტრში ვართ, მაგრამ გაზაფხულზე გადავალთ სხვაგან. ასე რომ, შესაძლოა, ცენტრში აღარ ვიყოთ მომავალში.

ლაივპრესი: რა სამომავლო გეგმები გაქვთ ქალაქის კიდევ მეტად კულტურული აქტივობებით დატვირთვისთვის?

ასიდა ბუთბა: ჩვენ გლობალური ამოცანა გვაქვს, მომავალი წლის დასაწყისში უნდა გადავიდეთ. ვკარგავთ შენობას (ახლა ჩვენ აფხაზური დარამატული თეატრის საწყობის ნაწილს ვიკავებთ - მათ დიდი სიკეთე გამოიჩინეს, მხარდაჭერა გაგვიწიეს, თუმცა, რაც დრო გადის, სულ უფრო რთული ხდება ასეთი მეზობლობა. მათ მთელი საწყობი სჭირდებათ, რადგან სულ უფრო და უფრო მეტი დეკორაცია აქვთ. უკვე ვერ გააქირავებენ მის ნაწილს). ახალი ადგილის პოვნა კი მთელი ამბავია - უნდა მოვიძიოთ ახალი ადგილი, ვიშოვოთ ფული რემონსტისთვის და ასე შემდეგ. ჯერ არ ვიცით, სად იქნება. გარდა ამისა, ძალიან გვინდა ისეთი სივრცე შევქმნათ, რომელიც ყოველ დღე ღია იქნება, სადაც ნებისმიერ დროს შეიძლება მისვლა, სადაც იქნება კაფე, ბიბლიოთეკა, გამოფენები მოეწყობა და მუდმივი თანამშრომლები იქნებიან. ვფიქრობ, ეს გააუმჯობესებს ჩვენი სივრცის დინამიკას. იდეების დეფიციტს არ განვიცდით, რესურსების დიდი დეფიციტი გვაქვს, იმისთვის, რომ ამ ყველაფრის განხორციელება ვცადოთ. ისევ გვინდა რეზიდენციის გააქტიურება, უფრო მეტი გამოფენის, ლექციის გამართვა, სამკითხველო ჯგუფების გაკეთება, საინტერესო ადამიანების მოწვევა. ანუ, ვაკეთოთ ის, რასაც უკვე ვაკეთებთ, თუმცა უფრო მაღალ დონეზე.

ლაივპრესი: ასიდა, რას ფიქრობთ ქართველ ახალგაზრდებთან კულტურული, გაცვლითი აქტივობების განხორციელებაზე? რამდენად შესაძლებელია ეს, როგორ ფიქრობთ და რა კუთხით შეიძლება რეალური გახდეს ორმხრივი კოორდინაცია?

ასიდა ბუთბა: ეს ძალიან რთული და მგრძნობიარე თემაა. ჩვენი სივრცე გახსნილია ყველასთვის, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა. ამიტომ, კოლექტიურად გადავწყვიტეთ, რომ არ გვსურს ამ ტერიტორიაზე შესვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ავტომატურად გვაქცევს სხვისი პოლიტიკური თამაშების სამიზნედ. ასევე, დაგვაკარგვინებს მათ, ვინც ფიქრობს, რომ დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოსთან კულტურული გაცვლა არ უნდა ხორციელდებოდეს. ეს კი ადამიანების საკმაოდ დიდი ჯგუფია, რომელშიც არიან ისინი, ვინც ძვირფასია ჩვენთვის, ჩვენი ახლობლები და მეგობრები.

ძალიან ბევრი ვიშრომეთ „სკლადის“ შესაქმნელად და მნიშვნელოვანია, ამ ყველაფრის შენარჩუნება და განვითარება იმის, რასაც ვაკეთებთ. გვჯერა, რომ კულტურა, იდეების გაცვლა და დისკუსიები ავითარებს საზოგადოებას, თავისთავად ფასეულობას წარმოადგენს, საშუალებას გვაძლევს სულ სხვა მენტალურ ტერიტორიებზე შევიდეთ. მერე კი ვნახავთ, რა იქნება, როგორ განვვითარდებით ჩვენ, და სამყარო ჩვენს გარშემო.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ბიჭიკო (ჰარი) კოდუა ზუგდიდელი ახალგაზრდაა, რომელმაც მეგრულ-ქართული
და
11:44 / 06.11.2018
ბიჭიკო (ჰარი) კოდუა ზუგდიდელი ახალგაზრდაა, რომელმაც მეგრულ-ქართული და






გიორგი ჯიქია ზუგდიდელი სპორტსმენია, რომელიც დღეს სპორტულ კარიერას
შეერთებულ შტატებში განაგრძობს.
11:33 / 27.09.2018
გიორგი ჯიქია ზუგდიდელი სპორტსმენია, რომელიც დღეს სპორტულ კარიერას შეერთებულ შტატებში განაგრძობს.






რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებიდან 10
წელი შესრულდა.
16:11 / 15.08.2018
რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებიდან 10 წელი შესრულდა.






„თანასწორობის მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ყოფილი უფროსი ემზარ
კვარაცხელია უკვე ერთი თვეა ბელგიის ქალაქ ანტვერპენშია
11:22 / 18.07.2018
„თანასწორობის მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ყოფილი უფროსი ემზარ კვარაცხელია უკვე ერთი თვეა ბელგიის ქალაქ ანტვერპენშია
ლაივპრესის სტუდია
გადაცემა „პირისპირ ლაივპრესთან“ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის წინააღმდეგ მიმდინარე 16 დღიან კამპანიას დაეთმო.
ვიდეორეპორტაჟი
დღის ფოტო
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.