კულტურა
კულტურული მემკვიდრეობისგან შემორჩენილი კედლები [ვიდეო]
სახლი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, გერმანელმა არქიტექტორმა ედმუნდ ფრიკიმ, ქალაქ ფოთში მე-20 საუკუნის დასაწყისში (1901-1910) ააშენა. საუკუნოვანი შენობა დღეს თითქმის დანგრეულია და მხოლოდ ფასადი შემორჩა. ფოთში მცხოვრები ხელოვნებათმცოდნე ელენე გაბლიანი ამბობს, რომ სახლი თავდაპირველად ერთ-ერთ ვაჭარს ეკუთვნოდა, რომელიც ქვანახშირის ბიზნესში წილების მფლობელი იყო. მისი მშენებლობა ნიკო ნიკოლაძის მმართველობის პერიოდს უკავშირდება, როცა ქალაქის თავმა ნავსადგურის მოწყობა, ქალაქის დაგეგმარებითი რეკონსტრუქცია და ურბანული არქიტექტურის განვითარება დაიწყო.

ნიკო ნიკოლაძის მოწვევით ჩამოსულმა ედმუნდ ფრიკიმ, ქალაქში სხვადასხვა დანიშნულების შენობები თუ კერძო სახლები ააგო, რომელთა დიდ ნაწილს დღეს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს.

„ის ამ პერიოდში აშენებს ბევრ შენობა-ნაგებობებს, სადაც წამყვანი სამშენებლო მასალა იყო აგური. ეს შენობაც აგურთან და კირქვასთან ერთად ქმნის არაჩვეულებრივ, შერეული ტიპის ნაგებობას, სადაც წამყვანი მოდერნისტული სტილია. ნალექისგან, ნესტისგან და გადაუხურავი ნაწილების გამო დაზიანებულია ინტერიერი, თუმცა ფასადზე მაინც შესამჩნევია ის ღირებულება, რომელიც მას აქვს“, - გვითხრა ელენე გაბლიანმა და შენიშნა, რომ შენობა, რომელიც საბჭოთა კავშირს უვნებელი გადაურჩა, დღეს ნადგურდება.

შენობაში, სადაც წლების განმავლობაში უშიშროების სამსახური იყო განთავსებული, ქალაქის საკუთრება არ არის. ის ეკონომიკის სამინისტრო 2007 წელს კომპანია „ველაჯიოს“ მიყიდა, - უთხრა „ლაივპრესს“ ფოთის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, არჩილ მელიქიამ.

თავის მხრივ, შენაძენით უკმაყოფილო დარჩა კომპანია „ვისოლ პეტროლიუმის“ შვილობილი „ველაჯიო“, რომელმაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა, კანონით განსაზღვრული შეზღუდვების გამო ბიზნესინტერესებისთვის ვერ გამოიყენა. ლევან კალმახელიძემ „ველაჯიოს“ წარმომადგენელმა „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ შენობა-ნაგებობა 2 თვის წინ „ვისოლ პეტროლიუმს“ მიჰყიდა, რომლის გეგმები უცნობია, რადგან ჩვენ სატელეფონო ზარებს კომპანიის პიარის სამსახურმა არ უპასუხა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსი ნიკოლოზ ანთიძე ამბობს, რომ კომპანია „ველაჯიო“ თავდაპირველად გააფრთხილეს, მოგვიანებით კი 10 ათასი ლარით დააჯარიმეს, რადგან მან კანონიერი ვალდებულება - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მოვლა-პატრონობა ვერ შეძლო.

„მესაკუთრე ან დაიწყებს რეაბილიტაციას, ან მოხდება მისი გაყიდვა, ან რაიმე სხვა მოქმედებები, რომ ამ ობიექტს გამოუჩნდეს სათანადო მესაკუთრე“, - განუცხადა „ლაივპრესს“ ნიკოლოზ ანთიძემ.