კულტურა
სალომე გვათუა - სოფლად პირველი სამუსიკო სკოლის დამაარსებელი [ვიდეო]
სალომე გვათუა პირველი იყო ვინც საბჭოთა კავშირის პერიოდში სოფლად სამუსიკო სკოლა გახსნა. პროფესიით ვოკალისტი მშობლიურ სოფელში 65 წლის ასაკში დაბრუნდა და თანამოაზრეები მალევე შემოიკრიბა.

„ამ ქალბატონმა ზუგდიდის სოფელ ცაიშში გახსნა სამუსიკო სკოლა, რაც პირველი პრეცენდენტი იყო საბჭოთა კავშირში. მამამ, ვალერიან კემულარიამ, რომელიც იმ წლებში ზუგდიდის კულტურის სამსახურს ხელმძღვანელობდა, გვიამბო, თუ როგორ სთხოვა ელეგანტურად ჩაცმულმა ლამაზმა ქალბატონმა სოფლად სკოლის დაარსების ნებართვა. მამას უთქვამს, რომ ეს შეუძლებელი იყო, მაგრამ ქალბატონმა კულტურის მინისტრთან მიმართვის შემდეგ, მართლაც შეძლო სამუსიკო სკოლის დაარსება“, - გვითხრა ზუგდიდელმა ლავრენტი კემულარიამ, რომლის ოჯახმაც შემონახა სალომე გვათუას ერთადერთი ფოტოსურათი.

მოსკოვის დიდი თეატრის ვოკალისტი სალომე გვათუა, ლავრენტი კემულარიას გადმოცემით, სტალინის ქალიშვილის მუსიკის მასწავლებლი ყოფილა. სხვა ცნობები მისი პედაგოგობის პერიოდზე არ არსებობს.

ლამაზი, დახვეწილი მანერებით, საუკეთესო განათლებით და ლიდერის უნარ-ჩვევებით, - ასეთი იყო სალომე, იხსენებს ახლო ნათესავი როლანდ გვათუა, რომელიც ზუგდიდში ცხოვრობს.

„სალომეს თავისი ავტორიტეტი დაეხმარა რომ გადაელახა ყველა წინააღმდეგობა. მუსიკას გვასწავლიდა მე, ჩემ დას და ბიძაშვილებს. მათ ისწავლეს, და აი ჩემგან არ დადგა მუსიკოსი“, - ამბობს როლანდ გვათუა, რომელსაც სალომეს შესახებ სხვა არაფერი ახსოვს.

ცაიშის ყოფილი სამუსიკო სკოლის მუსიკის პედაგოგი ლენა აფრასიძე, რომელიც სალომე გვათუას მეგობარი იყო, ამბობს, რომ ფოტოარქივი და სალომეს ნაქონი როიალი სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურდა.

„სალომე უჩვეულო ენერგიით გამოირჩეოდა. აწყობდა მუსიკალურ ფესტივალებს, ჩამოჰყავდა მუსიკოსები თბილისიდან. ასევე, ხშირად დადიოდა მეგობრებთან სტუმრად მოსკოვში“, - იხსენებს ლენა აფრასიძე, რომელიც ცაიშის სამუსიკო სკოლას მე-20 საუკუნის 90-იან წლებამდე ხელმძღვანელობდა. სკოლას მას შემდეგ არც უმუშავია.

„სალომემ შეუძლებელი გააკეთა, განათლება შემოიტანა სოფლად. პროვინციაში ბავშვი აზიარო ბახს, მოცარტს, ნამდვილ ხელოვნებას, ამაზე დიდი საქმე არაფერია“, - გვითხრა ლენა აფრასიძემ.