კულტურა
აბაშაში საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალი გაიხსნა [ვიდეო/ფოტო]
საქართველოში პირველად, საერთაშორისო საბავშვო-საყმაწვილო კინოფესტივალი აბაშაში ტარდება, რომელშიც 36 ქვეყნის მოზარდი მონაწილეობს. ფესტივალის ფარგლებში სულ 180 ფილმი იქნება ნაჩვენები.

საკონკურსო მოკლემეტრაჟიან ფილმებს ჟიური შეაფასებს, რომლის შემადგენლობაში არიან: კინორეჟისორი და პროდიუსერი - გიორგი ოვაშვილი [თავმჯდომარე], ბულგარელი კინორეჟისორი - იური დაჩევი და კინოკრიტიკოსი - ანა საევიჩი პოლონეთიდან.

გამარჯვებული შვიდ ნომინაციაში გამოვლინდება, - უთხრა „ლაივპრესს“ ზვიად დოლიძემ, რომელიც ფესტივალის ორგანიზატორია:

„საუკეთესო იდეისათვის, საუკეთესო მსახიობი გოგო, საუკეთესო მსახიობი ბიჭი, საუკეთესო სცენარი, საუკეთესო ოპერატორი, საუკეთესო რეჟისორი, გრან-პრი კი საუკეთესო ფილმს გადაეცემა. ვინაიდან აბაშა სიმინდის სამშობლოა საქართველოში, ფესტივალის პრიზსაც ასე დავარქვით - „ოქროს ბატიბუტი“.

ზვიად დოლიძის თქმით, საბავშვო-საყმაწვილო ფესტივალის ჩატარების იდეა, ჯერ კიდევ სამი წლის წინ გაჩნდა, როცა აბაშაში საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლა გაიხსნა. აქ მოსწავლეებს ლექციებს უტარებდნენ თეატრისა და კინოს ცნობილი სპეციალისტები. ამბობს, რომ ბავშვები თავად წედნენ სცენარს და დამოუკიდებლად იღებდნენ ფილმებს.

აბაშის სკოლის მოსწავლემ, 17 წლის მარიამ გეგჭკორმა გვითხრა, რომ უკვე სამი წელია, რაც კინოსკოლაში სწავლობს და მისი ფილმები არაერთ საერთაშორისო კონკურსებზე უჩვენებიათ.

კინოკრიტიკოსის ანა საევიჩის აზრით, საყმაწვილო-საბავშვო კინოფესტივალის ჩატარება კარგი იდეაა და მსგავსი ფესტივალები ევროპის ქვეყნებშიც ტარდება.

„მე გავეცანი რამდენიმე ფილმს, მათ შორის ქართულს. ბევრი მათგანი სოციალურ თემატიკაზეა მომზადებული, ზოგი იუმორისტული ჟანრისაა. ვფიქრობ, რომ ძალიან გაგვიჭირდება გამარჯვებულების გამოვლენა“, - უთხრა „ლაივპრესს“ კინოკრიტიკოსმა.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ქურდოვანიძემ, რომელიც კინოსკოლის დაარსების ინიციატორია, გვითხრა, რომ პროექტი მუნიციპალიტეტმა დააფინანსა და ამით ხელი შეუწყო ახალგაზრდების განათლებას კინოხელოვნებაში.

„მერე რა, რომ ღარიბები ვართ, სიღარიბე არ არის მთავარი, მთავარია მონდომება, რომ ასეთი მცდელობებით ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების განათლებას. კარგი იქნება, თუ განათლების სამინისტრო ჩვენი კინოსკოლის გამოცდილებას სხვაგანაც დანერგავს. გასულ წელს ქუთაისშიც გაიხსნა ასეთი სკოლა. მე ვუსურვებ ყველა ხელისუფალს, რომ მსგავსი პროექტების არ შეეშინდეს და ფართოდ გაავრცელოს ბავშვებში განათლების სისტემის სრულყოფაში მონაწილეობის მიღება“, - თქვა პაატა ქურდოვანიძემ.

აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გვითხრეს, რომ კინოსკოლისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სამი წლის წინ 12 ათასი ლარი გამოიყო. მიმდინარე წელს კი 14 ათასი. წელს საყმაწვილო-საბავშვო კინოფესტივალის ჩატარება 5 ათასი ლარით დაფინანსდა.

კინოფესტივალის ორგანიზატორია ასოციაცია „სინერამა“, მხარდამჭერები არიან - აბაშის მუნიციპალიტეტი, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და კომპანია „ააპლასტი“. კინოფესტივალი 9 სექტემბერს დაიხურება.