კულტურა
სოხუმიდან ჩამოსულმა პოეტმა ზუგდიდელებს საკუთარი შემოქმედება გააცნო [ვიდეო]
სვანური ქუდით თავზე, თვითნასწავლი ქართული აფხაზური აქცენტით, სიტყვაძუნწი ურთიერთობაში და თამამი ლექსების კითხვისას - ზუგდიდის სამხატვრო გალერეამ სოხუმელ 23 წლის პოეტ ნიკა ბაძაღუას უმასპინძლა. მან შეკრებილებს საკუთარი სამენოვანი შემოქმედება გააცნო - ქართულად ნათარგმნი აფხაზი პოეტების პოეზია და პირიქით, აფხაზური ვერსია ქართველი ხელოვანების, ასევე ქართულად, აფხაზურად და მეგრულად დაწერილი ლექსები.

ნიკა ბაძაღუა სოხუმის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტია, სადაც აფხაზურ ფილოლოგიას ეუფლება. სწავლობს კავკასიურ ენებს. აქვს ინტერესი ქართულთან ერთად მეგრული და სვანური ენების მიმართ. ახალგაზრდა პოეტის თარგმანები ტერენტი გრანელის შემოქმედებით იწყება, რომლის საფუძველზე თავადაც გაუჩნდა სურვილი, ლექსები ქართულად ეწერა.

„ჩემთვის არ არსებობს ქართველი პოეტი, როგორც ძველი, ასევე თანამედროვე, რომელიც არ წამიკითხავს. გალაკტიონი მეფე გყავთ, მაგრამ ტერენტი სულ სხვაა, ამოუცნობი ფენომენია“, - მიმართა მსმენელებს ნიკა ბაძაღუამ და განსაკუთრებული დამოკიდებულება ტერენტისთან ერთად, შოთა ნიშნიანიძის მიმართაც გამოხატა.

მან არც ის დამალა, რომ დიდუბის პანთეონში ტერენტი გრანელის საფლავი მოინახულა და ნეშტის მთაწმინდაზე გადასვენების სურვილი გამოთქვა.

ამბობს, რომ ინტერნეტსივრცეში ხშირად მოიხსენიებენ პოეტად, რომელიც თარგმნის აფხაზურიდან ისეთ ხელოვანებს, ვისაც საქართველო და ქართველები არ უყვარდა. მან საპირისპიროს დასამტკიცებლად რამდენიმე ნიმუში, მათ შორის გოგლა ლეონიძისადმი მიძღვნილი ივანე ტარბას ლექსი წაიკითხა.

„ახლა თვითონ გადაწყვიტეთ, არ უყვარდათ მათ საქართველო და ქართველები, თუ გიჟდებოდნენ“, - ამ სიტყვებით დასკვნები აფხაზმა პოეტმა შეკრებილებს მიანდო.

„პირველ რიგში მადლობა ამ ლამაზი დღისთვის, რომელიც მაჩუქეთ. ეს არის როგორც პოეტის ჩემი აქ დაბადება, ზუგდიდში. დაუვიწყარი დღეები მაჩუქა ამ ორმა უადამიანესმა ადამიანმა. ანაკლიაში რაც მოხდა, ეს იყო საოცრება. ამდენი კავკასიელი ცხოვრებაში არ მინახავს ერთად“, - მიმართა ნიკა ბაძაღუამ ერთის მხრივ ჩერქეზული კულტურის ცენტრის დირექტორ მერაბ ჩუხუას და მეორეს მხრივ, ზუგდიდის გამგებლის მოადგილე თამაზ ჟორჟოლიანს.

თავის მხრივ, მერაბ ჩუხუამ აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრა ერგვარი გაგრძელებაა ქართულ-აფხაზური და კავკასიური პოეზიის ფესტვალის, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ანაკლიამ უმასპინძლა. მისივე თქმით, სწორედ აღნიშნული ღონისძიების შემდეგი დაკვეთა ქართული საზოგადოების მხრიდან, აფხაზ პოეტთან შეხვედრა იყო, რაც რეალობად აქციეს. მერაბ ჩუხუას სიტყვებით, სწორედ ნიკა ბაძაღუამ დაუდო საფუძველი აფხაზური პოეზიის დღეებს საქართველოში.

„ეს ადამიანი გააერთიანებს ორ საზოგადოებას, აფხაზურ და ქართულ საზოგადოებებს. ეტყობა მოგვენატრა ერთმანეთი. ჩვენდა უნებურად ეს გამოგვეპარა. ნიკა ბაძაღუა მისდევს ივანე ტარბას ტრადიციებს, რომელიც თარგმნიდა ქართველ პოეტებს. მისი იდეალია მუშნი ლასურია, ვინც „ვეფხისტყაოსანი“ თარგმნა აფხაზურად.“, - მიმართა შეხვედრის ორგანიზატორმა აუდიტორიას და დასძინა, რომ მნიშვნელოვანია, როცა ენგურს გაღმა და გამოღმა ადამიანები ინტერესდებიან ერთმანეთის სულიერი მდგომარეობით.

ამბობს, რომ პოეზიისთვის არ არსებობს საზღვრები, რისი მტკიცებულებაც დღევანდელი დღეა.

მერაბ ჩუხუასვე თქმით, უნდა ვაღიაროთ, რომ ქართველებს „ბომბების სროლის გარდა“ არაფერი უკეთებიათ, პასუხად კი სწორედ აფხაზ პოეტისგან ლიტერატურული საღამო, როგორც „კარგი შემოლაწუნება“ მიიღეს.

მანვე ნიკა ბაძაღუა თბილისში მიიპატიჟა, სადაც დაჰპირდა, რომ მის შემოქმედებას კიდევ უფრო ფართო აუდიტორიას გააცნობს.