კულტურა
„გადავარჩინოთ კოლხური ოდა“ - აბაშიდან დაწყებული მოძრაობა [ფოტო]
კოლხური ოდა-სახლი მხატვარ რეზო ადამიას მუზაა. 80 წლის ხელოვანი შემოდგომასა და გაზაფხულზე თბილისიდან სამეგრელოში ჩამოდის, რათა ჯერ კიდევ შემორჩენილი ოდა-სახლი, ჩუქურთმიანი აივნები და ორნამენტული სვეტები დახატოს.

ამბობს, რომ ოდის ტილოზე გადატანით უძველესი არქიტექტურული ნიმუშების გადარჩენა სურს.

„მოძრაობა „გადავარჩინოთ კოლხური ოდა“ აბაშაში შარშან დავიწყე. ძალიან ბევრი ოდა მაქვს დახატული, დაახლოებით 40-მდე. კონსტანტინე გამსახურდიას ოდა დავხატე. ახლა მსახიობ რეზო უჩანეიშვილის ოდას ვხატავ, რომელიც საოცრად ლამაზია, მაგრამ მოუვლელი“, - გვითხრა მხატვარმა.

რეზო ადამია ამბობს, რომ თავდაპირველად ოდა-სახლების დახატვა, აბაშის საკრებულოს თავმჯდომარის, პაატა ქურდოვანიძის იდეა იყო.

„უნიკალური ხის არქიტექტურა შემორჩენილია ყველაზე მატად აბაშის მუნიციპალიტეტში. ძალიან ბევრი მათგანი დაინგრა და გაქრა. მე შევთავაზე, როგორც შემეძლება გვერდით დაგიდგები, ოღონდ შენ ეს [ოდა] დახატე-მეთქი, იმიტომ რომ 20-30 წლის შემდეგ შეიძლება ოდები გაქრეს, ხოლო დიდი მხატვრის შექმნილი შემოქმედება სამუდამოდ დარჩება. რეზოს ჰქონდა ასევე, ნახატების ციკლი - „თოვლიანი სამეგრელო“, - გვითხრა პაატა ქურდოვანიძემ.

მხატვრის გამოფენა, როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, გაზაფხულზე ჯერ აბაშაში მოეწყობა, შემდეგ კი თბილისში.

„შეგროვდება ხელმოწერები, ძალიან დიდია საზოგადოების დაინტერესება, რომ მივმართოთ კულტურის სამინისტროს დაიწყოს მუშაობა პროექტზე - „გადავარჩინოთ კოლხური ოდა“. როგორც სვანურ კოშკს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი, ასევე მიენიჭოს კოლხურ ოდასაც“, - აღნიშნა პაატა ქურდოვანიძემ.

მხატვარ რეზო ადამიას სურვილია, აბაშაში დაწყებული მოძრაობა უფრო მასშტაბური გახდეს და სახელმწიფომ იუნესკოს მიმართოს კოლხური ოდისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად.

„უნდა გამოიცეს ალბომი, ბუკლეტები, რომლებიც გაიყიდება მაღაზიებში, მუზეუმებში, ამ საქმეში კი ყველა სფეროს წარმომადგენლის ჩართვაა საჭირო. შევაგროვებთ ხელმოწერებს. უნდა შევუჩნდეთ კულტურის სამინისტროს, რომ მივმართოთ იუნესკოს, რათა კოლხური ოდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდეს“, - ამბობს მხატვარი.

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ანთიძე მხარს უჭერს კოლხური ოდის გადარჩენის მიზნით, აბაშაში წამოწყებულ მოძრაობას.

„ამის შესახებ სოციალური ქსელით შევიტყვე და ვფიქრობ, რომ ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალთან ერთად უნდა განხორციელდეს ინვენტარიზაცია ოდა-სახლების. ზოგადად, შესაძლებელია კიდეც ვიფიქროთ, რომ ოდა-სახლების მშენებლობის ტრადიცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოვაცხადოთ, ოღონდ გასარკვევია, თუ არის ეს ტრადიცია შემორჩენილი. უკვე არსებული შენობების გაძეგლების ინიციატივის კი დიდი მხარდამჭერი ვარ“, - გვითხრა ნიკა ანთიძემ.

მას შემდეგ, რაც ლევილის მამული საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში გადაეცა, კულტურის სამინისტრომ მიმდინარე წლის თებერვალში გაავრცელა ცნობა, რომ შესაძლოა იქ მეგრული ოდა დადგას.

კონცეფციის თანახმად, ეს ადგილი იქნება ქართული კულტურის ცენტრი არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ მთელ ევროპაში. კულტურის სამინისტროს თხოვნით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მუშაობა დაიწყო მეგრული ოდა სახლის შერჩევაზე. ამ მიზნით სააგენტოს წარმომადგენლები სენაკისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში იმყოფებოდნენ, თუმცა ამ დრომდე უცნობია როდის წაიღებენ აბაშიდან ოდას ლევილში.

„გამოვლენილია ფრანგული არქიტექტურული სამშენებლო საზედამხედველო ფუნქციის მატარებელი კომპანია „Scoping“, რომელმაც უნდა შეიმუშავოს 2018 წლის მანძილზე იმ შესაძლო არქიტექატურული პროექტების განხორციელება, რომლებიც წინააღმდეგობაში არ მოვლენ ფრანგულ კანონმდებლობასთან. რაც შეეხება ოდის ლევილში გადატანის საკითხს, ისიც გადაწყდება მას შემდეგ, რაც გაირკვევა აღნიშნული სამართლებრივი და ფაქტობრივი დასაშვებობა. ამ ეტაპზე სამწუხაროდ, მოცემული საკითხის გადაწყვეტა არ შედის მხოლოდ ჩვენი უწყების კომპეტენციაში“, - გვაცნობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
ვფიქრობ, ომმა განიცადა ტრანსფორმაცია და გადავიდა ყოველდღიურ რეჟიმში
- ამბობს
16:59 / 19.10.2017
ვფიქრობ, ომმა განიცადა ტრანსფორმაცია და გადავიდა ყოველდღიურ რეჟიმში - ამბობს
სვანური ქუდით თავზე, თვითნასწავლი ქართული აფხაზური აქცენტით,
სიტყვაძუნწი
18:21 / 26.09.2017
სვანური ქუდით თავზე, თვითნასწავლი ქართული აფხაზური აქცენტით, სიტყვაძუნწი
80 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად
მოსკოვში გარდაიცვალა ქართველი ტენორი, ზურაბ სოტკილავა.
14:12 / 18.09.2017
80 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად მოსკოვში გარდაიცვალა ქართველი ტენორი, ზურაბ სოტკილავა.
საქართველოში პირველად, საერთაშორისო საბავშვო-საყმაწვილო
კინოფესტივალი აბაშაში ტარდება,
15:33 / 07.09.2017
საქართველოში პირველად, საერთაშორისო საბავშვო-საყმაწვილო კინოფესტივალი აბაშაში ტარდება,
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.